ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვეტერანი სამხედრო ოკუპანტების ტყვეობიდან თავისუფალია


მამუკა ჩხიკვაძე და კახაბერ ნათაძე საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე ერგნეთის მხრიდან გადმოვიდნენ.
მამუკა ჩხიკვაძე და კახაბერ ნათაძე საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე ერგნეთის მხრიდან გადმოვიდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარასკევს, 25 აგვისტოს, ცხინვალის ციხიდან განთავისუფლებული ორი ადამიანის თაობაზე გაავრცელა ინფორმაცია. მამუკა ჩხიკვაძე და კახაბერ ნათაძე საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე ერგნეთის მხრიდან გადმოვიდნენ.

მედია და საზოგადოება განსაკუთრებულად ელოდა ამ მოვლენას, მამუკა ჩხიკვაძის, ვეტერანი სამხედროს გამო. არაადამიანური მოპყრობისა და წამების შემთხვევები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანთა დაღუპვის მიზეზი არაერთხელ გახდა. არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ ცხინვალში, იმ მოქალაქეების გატაცება, რომელთაც პირად საქმეში სამხედრო სფეროსთან კავშირი უფიქსირდებათ, უფრო მეტ საფრთხეს შეიცავს.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლის მქონე ძალა, მის ტყვეობაში ჩავარდნილ ქართველი სამხედროების მიმართ აგრესიულობით გამოირჩევა და ცდილობს მათი პატრიოტული სულისკვეთების გატეხვას. არა მხოლოდ გიორგი ანწუხელიძეა არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მაგალითი. ეგრეთ წოდებული „მშვიდობიანობის“ პერიოდში ვეტერანი სამხედრო არჩილ ტატუნაშვილიც, რომელიც სამშობლოს ღირსებას შეეწირა.

მამუკა ჩხიკვაძე სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეა. ჟურნალისტებთან მან განაცხადა, რომ მსახურობდა ყველა იმ მისიაში, რომელიც სამშობლოს სჭირდებოდა, მათ შორის საზღვარგარეთ. მონაწილეობას იღებდა 2008 წლის ომშიც. მისი თქმით, ამის თაობაზე ინფორმაცია არ დაუმალავს არც მის გამტაცებელ რუს სამხედროებთან. „მე არაფერი მაქვს დასამალი და ამის თაობაზე თავიდანვე ვუთხარი მათ. ვუთხარი, რომ მესმის, რა ვითარებაცაა და ყველაფრისთვის მზად ვარ-მეთქი. ვუთხარი, რომ სიკვდილისთვისაც მზად ვიყავი“,- ამბობს მამუკა ჩხიკვაძე.

ვეტერანი სამხედრო, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტიდანაა წარმოშობით, 2021 წლის 10 დეკემბერს ბათუმში აპირებდა წასვლას. მანამდე, დაღუპული ახლობლებისთვის პაატივის მისაგებად ნიქოზში, სასაფლაოზე მივიდა. „სამხედრო ფორმა და სამხედრო აღჭურვილობა ძალიან მიყვარს და ასეთი სტილით ხშირად მაცვია, ხშირად. ეს არ ნიშნავს, რომ სამხედრო ფორმით დავდივარ ყოველდღიურად, უბრალოდ, ასეთი იერი მაქვს. იმ დღეს, როდესაც დამაკავეს, „ბათინკი“ მეცვა. არა სამხედრო ფეხსაცმელი, მაგრამ მისი მსგავსი. მოგვიანებით, სასამართლოზე, მაგასაც მედავებოდნენ, რომ სამხედრო ფორმით იყავიო, არადა ეგ სიცრუეა, სამხედრო ფორმა არ მცმია,“- ამბობს მამუკა ჩხიკვაძე და დაკავების დეტალებს იხსენებს.

2021 წლის 10 დეკემბერს, ნიქოზის სასაფლაოზე მასთან ოთხი შეიარაღებული რუსი სამხედრო მივიდა. ჟურნალისტებთან ჩხიკვაძე ამბობს, რომ თავად არ გადაუკვეთია პირობითი საზღვარი. შემდეგ, თვალები აუხვიეს და ჯერ სამხედრო ბაზაზე წაიყვანეს, შემდეგ კი ცხინვალში გადაიყვანეს. ამას ხუთდღიანი, მუდმივი დაკითხვა მოჰყვა. „მე სულ ერთსა და იმავეს ვეუბნებოდი. არ დამიმალავს, რომ მქონდა სამხედრო საქმის გამოცდილება და მისიებშიც ვმსახურობდი. ვუთხარი, რომ თქვენ გადაჭარბებულ ძალას იყენებთ და იქცევით, როგორც ოკუპანტები-მეთქი. ყველაფერს რომ გულახდილად ვამბობდი, თავიდან ეჭვიც კი შეეპარათ, ამან ფული ხომ არ აიღო იმაში, რომ აქ მოხვედრილიყოო, მაგრამ შემდეგ დარწმუნდნენ, რომ ეს ასე არ ყოფილა,“- იხსენებს მამუკა ჩხიკვაძე.

საბურავებით გაღობილი სასაფლაო ნიქოზში, ოკუპაციის ხაზი
საბურავებით გაღობილი სასაფლაო ნიქოზში, ოკუპაციის ხაზი

მას დაკითხვების დროს სთხოვდნენ ინფორმაციის გაცემას თანამებრძოლების თაობაზე, ასევე მეგობრებისა და სამხედრო მოსამსახურეების საახლობლო და სამეგობრო წრეების შესახებ. „მე ვუთხარი, რომ თუ გინდათ, მომკალით, გაცნობიერებული მაქვს ჩემი მდგომარეობა-მეთქი, მაგრამ ჩემს თანამებრძოლებზე ინფორმაცია არ გამიმჟღავნებია,“- ამბობს ვეტერანი სამხედრო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გიორგი საბედაშვილი მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ კახაბერ ნათაძის და მამუკა ჩხიკვაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი. „უკანონო პატიმრობიდან მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.

მოლაპარაკების არსებული ფორმატებისა და ინსტრუმენტების ფარგლებში წარმოებული ინტენსიური დიალოგის შედეგად, კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად.“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამჯერადაც, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, ხაზს უსვამს, რომ ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

მამუკა ჩხიკვაძის დაკავებისას, დიდი ხნის განმავლობაში, შეუძლებელი იყო ინფორმაციის მოპოვება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. ვრცელდებოდა ცნობები, რომ მას სასტიკად გაუსწორდნენ ფიზიკურად. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლებისა და ოჯახის წევრების დახმარებით, საქმე სტრასბურგის სასამართლოშიც წავიდა, სადაც ოჯახი ეგრეთ წოდებული „დროებითი ღონისძიების“ გამოყენებას ითხოვდა. ეს მუხლი დაუყოვნებლივი მოქმედების შესაძლებლობას იძლევა და იმ შემთხვევაში მუშაობს, როდესაც ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის სასწრაფო ზომების გატარებაა აუცილებელი. იმ დროისთვის მამუკა ჩხიკვაძესთან საერთაშორისო წითელი ჯვრის წარმომადგენლებსაც არ უშვებდნენ ციხეში. სტრასბურგმა ეს მოთხოვნა მაშინ დააკმაყოფილა და რუსეთის ფედერაციას ჩხიკვაძის ჯანმრთელობისა და დაკავების დეტალების თაობაზე დაუყოვნებლივი პასუხის გაცემა დაავალა, თუმცა რუსეთის ფედერაციამ სტრასბურგის ეს მოთხოვნა არ შეასრულა იმ მიზეზით, რომ „სამხრეთ ოსეთი“ სუვერენული“ სახელმწიფოა და მის შიდა საქმეებში ჩარევის უფლებამოსილება არ გააჩნია.“ ამასთან, რუსეთმა სტრასბურგს ეს პასუხი 20 დღის დაგვიანებით გაუგზავნა. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად, რუსეთის ფედერაცია საერთოდ გასულია ევროკონვენციის სივრციდან.

მამუკა ჩხიკვაძე და კახაბერ ნათაძე საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე ერგნეთის მხრიდან გადმოვიდნენ.
მამუკა ჩხიკვაძე და კახაბერ ნათაძე საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე ერგნეთის მხრიდან გადმოვიდნენ.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში მამუკა ჩხიკვაძეს ეგრეთ წოდებული „საზღვრის უკანონო გადალახვასა“ და 4 გრამი მარიხუანას შენახვის ბრალი წაუყენეს.

უკვე თავისუფლებაზე მყოფი მამუკა ჩხიკვაძე ამბობს, რომ მარიხუანასთან დაკავშირებით, მის მიმართ წარდგენილი ბრალი მტკნარ სიცრუეს წარმოადგენდა, რადგან სპორტით იყო დაკავებული და ნარკოტიკული ნივთიერებების ინტერესი არ ჰქონია. ეს ყალბი ბრალდება ცხინვალმა მისთვის ბრალის დასამძიმებლად გამოიყენა.

თავდაპირველად, მამუკა ჩხიკვაძეს 5 წლითა და 6 თვის ვადით შეუფარდეს პატიმრობა, თუმცა ეს გადაწყვეტილება სამ თვეში შეიცვალა და 3 წელსა და 8 თვემდე შემცირდა.

კითხვაზე, იმის შესახებ, ხომ არ აპირებს უკრაინაში წასვლას და ბრძოლაში მონაწილეობის მიღებას, უკრაინის დასახმარებლად, მამუკა ჩხიკვაძე პასუხობს, რომ ფიქრობს ამ საკითხზე. „ჩემი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წყურვილის გამო. თუ მე იქ წავედი, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს სისხლი მწყურია და ამიტომ ავიღე ხელში იარაღი. მე არც აქამდე, არასდროს, ომის კანონები არ დამირღვევია. ღმერთი ყველაფერს ხედავს. ადამიანმა არც ბრძოლის დროს არ უნდა გამოიყენოს ზედმეტი ძალა. მე თუ უკრაინაში წავედი, რის საშუალებაც მექნება, იმით დავეხმარები ადამიანებს და დავიცავ. მზად ვარ ამისთვის,“- ასეთი გახლავთ ცხინვალის ციხიდან თავდახსნილი, ვეტერანი ქართველი სამხედროს განცხადება.

XS
SM
MD
LG