ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა


France EU Parliament Ukraine
France EU Parliament Ukraine

რუსეთი უკრაინულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშის მიტანას აგრძელებს. ბომბავს სკოლებს, სახლებს, საბავშვო ბაღებს და თავშესაფრებს, კლავს მშვიდობიან მოსახლეობას - სწორედ ამ და სხვა ქმედებების გამო, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა და შესაბამისი რეზოლუცია დაამტკიცა.

ეს ევროპარლამენტის მხრიდან სიმბოლური ნაბიჯია, რადგან ევროკავშირს არ აქვს სამართლებრივი ჩარჩო იმისთვის, რომ ამ მიმართულებით რაიმე ქმედითი ნაბიჯები გადადგას. თუმცა, ევროკავშირს შეუძლია, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ისედაც უპრეცედენტო მასშტაბის სანქციები, კიდევ უფრო გაამკაცროს.

ევროპელი პარლამენტარების ნაბიჯს უკვე მოჰყვა გამოხმაურება კრემლში.

„გამოვდივარ ინიციატივით, რომ ევროპარლამენტი გამოცხადდეს იდიოტიზმის სპონსორად,“- წერს მარია ზახაროვა „ტელეგრამ“ არხზე. ზახაროვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თანამდებობას იკავებს.

ევროპარლამენტმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდომირ ზელენსკიმ, დასავლეთის ქვეყნებს მიმართა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოეცხადებინათ. ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას კლავს და განზრახ მიაქვს იერიშები სამოქალაქო ობიექტებზე, ბრალდებებს კრემლი უარყოფს.

ამ დრომდე, ვაშინგტონი უარს აცხადებს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს მიუხედავად იმისა, რომ ამ ინიციატივით სენატორებმა ბაიდენის ადმინისტრაციას არაერთხელ მიმართეს. თეთრ სახლში ფიქრობენ, რომ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებამ, შესაძლოა უკრაინის დახმარებას ხელი შეუშალოს.

კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია - ეს არის ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აქვს გამოცხადებული.

ამ დროისთვის, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ უკვე გამოაცხადა ოთხმა ქვეყანამ, მათ შორის ესტონეთმა და პოლონეთმა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG