არაბეთის ნახევარკუნძულზე, კატარში, მსოფლიო ჩემპიონატი ნელ-ნელა აქტიურდება. უკვე მოხდა პირველი დიდი სენსაცია: საუდის არაბეთმა ლიონელ მესის არგენტინა დაამარცხა; ეს არის ყველაზე სკანდალური მუნდიალი, რომელიც არნახულ კრიტიკასა და არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევს. მუნდიალი, სადაც თავად "მისი უმაღლესობა ფეხბურთი", არაერთი უმძიმესი პრობლემის ჩრდილშია მოქცეული
კატარი არ არის FIFA-ს პირველი და ერთადერთი შეცდომა. 1930 წლიდან მოყოლებული, როცა ურუგვაიმ პირველ, ისტორიულ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა, მსოფლიო თასის 92-წლიან ისტორიაში, ბევრი მძიმე და წინააღმდეგობრივი ფურცელია.
1934 წლის მუნდიალი იტალიის დიქტატორმა „დუჩე“ მუსოლინიმ ფაშიზმის ღია პროპაგანდისთვის გამოიყენა; 1938 წელს, მსოფლიო თასზე, FIFA-მ თვალი დახუჭა ფაშისტური გერმანიის მიერ ავსტრიის ანშლუსსა და ავსტრიული Wunderteam-ის ფეხბურთელების დაშინება-გადაბირებაზე;
ჯერ ევროპის ქვეყნებმა უნდა მოიბოდიშონ თავიანთ ისტორიაში ჩადენილი ქმედებების გამო, ვიდრე მორალის გაკვეთილებს წაიკითხავენ. ეს ფარისევლობააჯანი ინფანტინო, FIFA-ს პრეზიდენტი
1978 წელს, ფიფამ მაინც ჩაატარა მუნდიალი არგენტინაში, სადაც ორი წლით ადრე ძალაუფლება ხელში სამხედრო ხუნტამ ჩაიგდო და ათი ათასამდე ადამიანი მოკლა;
2006 წელს - სამხრეთ აფრიკამ, 2018 წელს - პუტინის რუსეთმა და 2022 წელს - კატარმა, მსოფლიო თასის ჩატარების უფლება კი სხვადასხვა წყაროს ცნობით, ფიფას პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტებისა და აღმასრულებელი კომისიის წევრების მოსყიდვით მიიღეს, რამაც ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) რეპუტაციას არნახული ზიანი მიაყენა.
გამოძიების მასალებით ცნობილია, რომ ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრების ნაწილს, ქრთამი 40 ათასი დოლარი, ჟენევაში, პირდაპირ კონვერტებით გადასცეს. ნაწილს კი 1,5 მილიონი დოლარი ოფშორულ ანგარიშებზე ჩაერიცხა. ჯამში, რუსეთისა და კატარისთვის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებისთვის, ფიფას ჩინოვნიკებმა სავარაუდოდ, 150 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამი აიღეს. ამ ცნობების ფონზე, ბევრისთვის გასაკვირი აღარ იყო, რომ გადამწყვეტ კენჭისყრაზე კატარმა მთავარ კონკურენტს, ამერიკის შეერთებულ შტატებს - 8 ხმით აჯობა.
ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი და შვეიცარიის პროკურატურა დიდ კორუფციულ სქემას ამ დრომდე იძიებს. გამოძიებაში, რომლის ფარგლებშიც უკვე დააკავეს 20 პირზე მეტი, ფიფას ყოფილი პრეზიდენტის ზეპ ბლატერის გარდა, ასევე, უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი და სხვა მაღალი რანგის პირები ფიგურირებენ.
დღეს, 86 წლის ბლატერი ღიად ამბობს, რომ კატარმა მსოფლიო თასი სწორედ საფრანგეთის მთავრობის და პლატინის კორუფციული მხარდაჭერით მიიღო (თვითმფრინავების, ავიაგამანადგურებელების მრავალმილიარდიანი კონტრაქტებისა და სატელეკომუნიკაციო ბიზნესში კატარული მსხვილი ინვესტიციების სანაცვლოდ) და ეს გადაწყვეტილება შეცდომა იყო. ბლატერს, ისევე როგორც პლატინის, ფეხბურთის სფეროში საქმიანობა აკრძალული აქვს.
„რა თქმა უნდა, ეს დიდი შეცდომაა, დიდ ფულზე გაიყიდა ფეხბურთის და გულშემატკივრის ინტერესი. ყველას ასეთი გაცდა აქვს, რომ ეს დიდი სანახაობა ვიღაცა მდიდარმა ჯიბეში ჩაიდო.მურთაზ ხურცილავა, 1966 და 1970 წლების მუნდიალის მონაწილე
„რა თქმა უნდა, ეს დიდი შეცდომაა, დიდ ფულზე გაიყიდა ფეხბურთის და გულშემატკივრის ინტერესი. ყველას ასეთი განცდა აქვს, რომ ეს დიდი სანახაობა ვიღაცა მდიდარმა ჯიბეში ჩაიდო. სხვა მხრივ, კატარი, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერასდროს ითამაშებდა. ეს არასწორია“, - უთხრა „ამერიკის ხმას“ ლეგენდარულმა მცველმა მურთაზ ხურცილავამ, რომელიც 1966 და 1970 წლების მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობდა.
„ეს არ ნიშნავს, რომ კატარში გოლები არ გავა და კარგ თამაშებს არ ვნახავთ, მაგრამ, ფაქტია, რომ სხვა პრობლემებზე უფრო აქტიური საუბარი მიდის, ფეხბურთი ჩრდილშია. მეორეც, სრული სიგიჟეა, ამ დროს მსოფლიო ჩემპიონატის გამართვა, როცა კალენდარი ისედაც გადატვირთულია. ამიტომაც არის, ამდენი მაგარი ფეხბურთელი დაიმტვრა და მუნდიალს გამოაკლდა", - ამბობს ის.
ხურცილავას აზრით, ადაპტაციისა და გადაღლილობის პრობლემაც დადგება. "ეროვნული ნაკრებების ფეხბურთელები ისეთ ტემპში მოიხსნნენ კლუბებიდან და გადაერთნენ კატარზე, რომ სერიოზული მომზადება არც გაუვლიათ. ეს პრობლემა განსაკუთრებით ფავორიტ გუნდებს შეეხებათ, რომელთა ფეხბურთელებიც უმაღლესი დონის ჩემპიონატებში თამაშობენ. ადრეც ვამბობდი, რომ ძალიან გაიზარდა მონაწილე გუნდების და თამაშების რაოდენობაც, ფეხბურთელები რობოტებს დაემსგავსნენ და ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები”, - ამბობს ხურცილავა.
კატარის მუნდიალი მართლაც ბევრი რამით არის უჩვეულო და უცნაური: პირველად ტარდება დედამიწის ამ ნაწილში; მსოფლიო ჩემპიონატი პირველად იმართება ნოემბერ-დეკემბერში, წელიწადის სხვა დროს კატარის სამეფოში საშინლად ცხელა. ახლაც ტემპერატურა 25-30 გრადუსს აღწევს.
კატარის მსოფლიო თასი - პირველი დიდი საფეხბურთო ფორუმია, სადაც გულშემატკივრებს სტადიონზე ლუდის დალევა აუკრძალეს. ალკოჰოლის მიღება ფანებს მხოლოდ სტადიონის მიღმა, სპეციალურ ზონებში შეუძლიათ, ისიც ძალიან ძვირად.
ფიფამ კატარის მუნდიალიდან რუსეთის ნაკრები მოსკოვის მიერ უკრაინაში ომის წამოწყების გამო, დიდი ჭოჭმანის და ზეწოლის შემდეგ დაბლოკა, მაგრამ არ მოხსნა ირანი, სადაც საპროტესტო გამოსვლებზე, უკვე 350-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 52 ბავშვი მოკლეს.
კატარში, სადაც სპორტის მთავარი ეროვნული სახეობა აქლემების რბოლაა, მსოფლიო ჩემპიონატის მისაღებად უკვე 220 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, ბუნებრივია, აქ მხოლოდ ცხელი ამინდი და დეფიციტური „ჰაინეკენი“ ან „ბუდვაიზერი“ არ არის პრობლემა;
უდიდეს პროტესტს იწვევს პოლიციურ სახელმწიფოში ადამიანების უფლებების დარღვევები, ქალთა უფლებების იგნორირება და განსაკუთრებით, შრომითი მონობა, მიგრანტების ჩაგვრა, რომლებიც მუნდიალისთვის ახალი სტადიონებისა და სასტუმროების მშენებლობებზე იყვნენ დასაქმებულები.
„ეს ყველაზე სისხლიანი ჩემპიონატია“ფოლკენ-იოჰანე ტრიბი, გერმანელი მხატვარი
სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო პირობები, არანორმირებული სამუშაო დღეები, დაზღვევის არარსებობა და ძალიან დაბალი ანაზღაურება - ასე ხასიათდება შრომითი მდგომარეობა კატარში, რომელიც არაერთი მიგრანტის სიკვდილის მიზეზი გახდა და ბევრი "მონობადაც" აფასებს.
ნიშანდობლივია, რომ მაშინ როცა “ალ ბაითის“ სტადიონზე, კატარმა გახსნითი მატჩი ეკვადორთან 0-2 წააგო, გერმანიაში, ჰერნეს სტადიონზე, 20 ათასი სანთელი დაანთეს, კატარში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გასაპროტესტებლად. „ეს ყველაზე სისხლიანი ჩემპიონატია“, - აღნიშნა პროტესტის ავტორმა გერმანელმა მხატვარმა ფოლკენ-იოჰანეს ტრიბმა.
კატარი უარყოფს საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომ 2010 წლიდან, სტადიონების და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე რამდენიმე ათასი (6500-დან 15800-მდე) შრომითი მიგრანტი დაიღუპა.
ოფიციალური დოჰა ამტკიცებს, რომ სტადიონების მშენებლობაზე, რომელთა უმრავლესობაც ჩემპიონატის შემდეგ უნდა დაინგრეს (2,8 მილიონიან კატარს ამდენი სტადიონი არაფერში სჭირდება), სულ 37 მიგრანტი მოკვდა. ამ ინფორმაციის გადამოწმება რთულია, რადგან კატარის სამეფოში არც სიტყვის და არც გამოხატვის თავისუფლებაა, შესაბამისად, არც დამოუკიდებელი მედია არსებობს.
FIFA კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა იმის გამოც, რომ კატარში LGBTQ+ თემის უფლებების დასაცავი ზომები არ მიიღო. კატარის ხელისუფლების ზეწოლით, მატჩებზე, ეროვნული ნაკრებების კაპიტნებს, სექსუალური უმცირესობების მხარდამჭერი სამკლაურის One Love-ის გაკეთებაც კი აუკრძალა. კატარში არატრადიციული სექსუალური კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულია, ისჯება რამდენიმეწლიანი პატიმრობით, გაროზგვით ან ქუჩაში ცემით.
ინგლისის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა გარი ნევილმა, რომელმაც 8-ჯერ აქვს პრემიერ-ლიგა მოგებული და 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, FIFA-ს პრეზიდენტს ჯანი ინფანტინოს კატარის მონარქიის ინტერესის და ფიფას შემოსავლების დაცვისთვის სამარცხვინო უწოდა.
„ინფანტინო ფეხბურთის მმართველის რანგში სამარცხვინოა, ფეხბურთმა და ფიფამ უნდა გააერთიანოს ადამიანები და არ უნდა იცავდეს მხოლოდ ერთი ან ორი ქვეყნის ინტერესსგარი ნევილი, ინგლისის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი
„ინფანტინო ფეხბურთის მმართველის რანგში სამარცხვინოა, ფეხბურთმა და ფიფამ უნდა გააერთიანოს ადამიანები და არ უნდა იცავდეს მხოლოდ ერთი ან ორი ქვეყნის ინტერესს. დღეს ფიფა ფეხბურთის არასწორი ანარეკლია“, - თქვა ნევილმა.
მძაფრ კრიტიკას FIFA-ს წინააღმდეგ ასევე შეუერთდნენ: ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი გარი ლინეკერი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა ირლანდიელი როი კინი, გერმანიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ფილიპ ლამი, საფრანგეთის ნაკრების ლეგენდა ერიკ კანტონა და სხვები. მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე პროტესტის ნიშნად არ იმღერეს როდ სტიუარტმა, დუა ლიპამ და შაკირამ.
პროტესტს არ შეუერთდა და დოჰაში გამოვიდნენ: სამხრეთ კორეული ჯგუფი BTC, რომელმაც ახლახან American Music Awards-ის ორ ნომინაციაში გაიმარჯვა; „ოსკაროსანი“ მსახიობი, 85 წლის მორგან ფრიმანი და რობი უილიამსი, რომელმაც FIFA-ს პრეზიდენტის მსგავსად, საერთაშორისო კრიტიკას “ფარისევლობა“ უწოდა.
კატარის ემირის გულუხვი წინადადება მიიღო და მუნდიალის ერთ-ერთი ოფიციალური სახე და ქვეყნის ტურისტული ელჩი გახდა, ინგლისური ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი დევიდ ბექჰემიც. კატარს ბექჰემთან 10-წლიანი კონტრაქტი 150 მილიონი ფუნტი-სტერლინგი დაუჯდა.
ეს არის წარმოუდგენელი შეგრძნებების, ბრძოლის, თავგანწირვის ჩემპიონატი, სადაც მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო ერი უნდა გამოვლინდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დიდ ფორუმს საფეხბურთო ქვეყანამ უმასპინძლოსთენგიზ სულაქველიძე, 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე
„მსოფლიო ჩემპიონატის ფეხბურთში არის ყველაზე დიდი შეჯიბრი სპორტის ამ სახეობაში, ეს არის წარმოუდგენელი შეგრძნებების, ბრძოლის, თავგანწირვის ჩემპიონატი, სადაც მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო ერი უნდა გამოვლინდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დიდ ფორუმს საფეხბურთო ქვეყანამ უმასპინძლოს“, - უთხრა „ამერიკის ხმას“ 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე თენგიზ სულაქველიძემ, რომელსაც ასევე მიაჩნია, რომ კატარის არჩევა შეცდომა იყო.
თავად, ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციაში, კატარში მუნდიალს შეცდომად ბუნებრივია არ მიიჩნევენ. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ფიფას 118-წლიან ისტორიაში, კატარის მსოფლიო თასი ყველაზე შემოსავლიანია. კატარის არჩევას ფიფას პრეზიდენტი მტკიცედ იცავს.
"ჯერ ევროპის ქვეყნებმა უნდა მოიბოდიშონ თავიანთ ისტორიაში ჩადენილი ქმედებების გამო, ვიდრე მორალის გაკვეთილებს წაიკითხავენ", - ასე შეეწინააღმდეგა ჯანი ინფანტინო კატარის კრიტიკას.
კატარულ მეგა კომპანიებთან და ბანკებთან, მათ შორის Qatar Energy-სთან, QNB-თან და Ooredoo-თან გაფორმებული კონტრაქტებით, ფიფამ 2022 წელს, 7,5 მილიარდი დოლარი მიიღო. ეს შემოსავალი მთელი 1.1 მილიარდი დოლარით აღემატება 2018 წელს, რუსეთის მსოფლიო თასისგან მიღებულ მოგებას.
FIFA ახალი ფინანსური სტრატეგიით და გენერალური სპონსორებით, რომელთა შორის არიან: YouTube, Visit Las Vegas, Fine Hygienic Holding, Cryprto.com, Algorand, Fox და კატარული BeIN Sports, მოელის რომ მომდევნო ოთხ წელიწადში ანუ 2026 წლისთვის, ორგანიზაციის მოგება 10 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.
ფეხბურთის გულშემატკივრები კი, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ფეხბურთი - "ყველას თამაშია", "თავისუფლების და თანასწორობის" პრინციპებს ემყარება, და "უფრო მეტია, ვიდრე - მხოლოდ თამაში", თავს იმით იმშვიდებენ, რომ კატარი არ არის FIFA-ს არც პირველი და არც უკანასკნელი შეცდომა.