უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის აგენტებმა კიევის ისტორიულ მონასტერში, პეჩორის ლავრაში და სხვა ეკლესიებში, "კონტრდაზვერვის" ოპერაცია ჩაატარეს. ეს ოპერაცია სავარუდო პრო-რუსული აქტივობების გამოძიების ნაწილია.
მე-11 საუკუნის მონასტერი იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. პეჩორის ლავრა კიევში მდებარე ტაძარია. ის უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის იმ ნაწილს ეკუთვნოდა, რომელიც მანამდე რუსეთის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა. 2022 წლის მაისში ტაძრის მსახურებმა, ისევე როგორც უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წევრებმა, სრულად გაწყვიტეს კავშირი მოსკოვის საპატრიარქოსთან.
22 ნოემბერს "ტელეგრამში" გამოქვეყნებულ პოსტში, უკრაინის უსაფრთხოების სააგენტომ განაცხადა, რომ მათ მიიღეს „კონტრდაზვერვის ზომები“, რომელთა საფუძველზეც ჩატარდა „უკრაინაში რუსული უსაფრთხოების სამსახურების დივერსიული აქტივობების“ საგამოძიებო მოქმედებები.
მსგავსი ოპერაცია ჩატარდა რივნეს რეგიონში, კორეტცის მონასტერში. ასევე ომამდე რუსეთის საპატრიარქოს იურისდიქციაში მყოფ რამდენიმე სხვა ეკლესიაში.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ამ ოპერაციების მიზანია ხელი შეუშალონ ეკლესიების "რუსული სამყაროს ცენტრებად" ჩამოყალიბებაში. ისინი ასევე იძიებენ არიან თუ არა ეკლესია-მონასტრებში საბოტაჟის მომხრე ჯგუფები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ან ინახება თუ არა არალეგალური იარაღი. "რუსული სამყარო" ტერმინია, რომელსაც კრემლი საგარეო პოლიტიკის ნაწილად იყენებს და გულისხმობს რუსული ენის, კულტურისა და რელიგიის მსოფლიოში გავრცელებასა და პოპულარიზაციას.
რუსული საპატრიარქოს სპიკერმა დაგმო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების ოპერაცია და მას "მორწმუნეების დამაბრკოლებელი" უწოდა. რუსეთის საპატრიარქო და თავად პატრიარქი კირილი, მხარს უჭერენ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ.