ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი: ფორდოს კომპლექსზე 60%-ით გამდიდრებული ურანის წარმოება დაიწყო


ფორდოს ბირთვული კომპლექსი ირანში. 2019 წლის ფოტო.
ფორდოს ბირთვული კომპლექსი ირანში. 2019 წლის ფოტო.

თეირანი აცხადებს, რომ მთიანი რელიეფის ქვეშ განთავსებულ ფორდოს ბირთვულ ობიექტზე, 60%-ით გამდიდრებული ურანის წარმოება "პირველად" დაიწყო. ქვეყნის სახელმწიფო მედიაში განცხადება 22 ნოემბერს მას შემდეგ გავრცელდა, რაც გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) წინა კვირაში დაგმო თეირანის მხრიდან თანამშრომლობაზე უარის თქმა. წარმოების ამ მასშტაბს მხოლოდ ერთი ტექნიკური ნაბიჯი აშორებს იარაღის ტიპის წარმოებამდე.

ირანი 60%-ით გამდიდრებულ ურანს 2 სხვა კომპლექსზე უკვე აწარმოებს. ადგილობრივ მედიაში ასევე ვრცელდება განცხადება იმის თაობაზე, რომ ირანმა ფორდოს ბირთვულ ობიექტზე დაიწყო პირველი თაობის ცენტრიფუგების (IR-1) უახლესი ცენტრიფუგებით (IR-6) ჩანაცვლება, რაც გამდიდრების პროცესს კიდევ უფრო დაეხმარება და წარმოებას გაზრდის.

გასულ კვირას, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში შეკრების შემდეგ, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭომ დაგმო მათ ობიექტებზე თეირანის მიერ საერთაშორისო ექსპერტების არდაშვება. რაფაელ გროსიმ, გაეროს სააგენტოს ხელმძღვანელმა ირანის ბირთვულ პროგრამებთან დაკავშირებული ბუნდოვანების გამო "სერიოზული შეშფოთება" გამოთქვა.

ირანი აგრძელებს 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას. ხელშეკრულების მიხედვით დაწესებული ლიმიტი ურანის 3.67%-ით გამდიდრება იყო. ბირთვული იარაღის შესაქმნელად მისი 90%-მდე გამდიდრებაა საჭირო. თეირანი დღემდე აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამები სამშვიდობო ხასიათისაა.

ირანთან 2015 წელს დადებული, ყოვლისმომცველი ერთობლივი სამოქმედო გეგმის (JCPOA) მიხედვით, შეერთებული შტატები, საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი, რუსეთი და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ თეირანს ეკონომიკური სანქციების უმეტესობას მოუხსნიდნენ. სანაცვლოდ, თეირანი დათანხმდა გაეროს ინსპექტორების მეთვალყურეობის ქვეშ ურანის გამდიდრების შეზღუდვას.

2018-ში ამერიკის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, შეერთებულმა შტატებმა შეთანხმება დატოვა და ირანს მოხსნილი სანქციები ცალმხრივად ხელახლა დაუწესა. თეთრი სახლი მიზეზად, თეირანის მხრიდან ხელშეკრულების გამუდმებით დარღვევას ასახელებდა. ამის შემდეგ, ირანმა თანდათანობით შეთანხმების პუნქტების უფრო ღიად დარღვევა დაიწყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG