ირანის შეიარაღებული ძალები შეერთებულ შტატებს და ისრაელს აფრთხილებს არ დაემუქრონ თეირანს. ირანის დღევანდელი განცხადება ისრაელში ვიზიტით მყოფი ამერიკის პრეზიდენტის მედიასთან გაკეთებულ კომენტარს მოჰყვა. ადგილობრივ ტელევიზიას ჯო ბაიდენმა უთხრა, რომ არ გამორიცხავს, "ბოლო ზომას" მიმართოს და ირანის წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს.
პარასკევს, ირანის არმიის ბრიგადის გენერალი აბოლფაზლ შეკარჩი, რომელიც შეიარაღებული ძალების პრესსპიკერია, სახელმწიფო მედიას ესაუბრა. მისი თქმით, პრეზიდენტი ბაიდენი სავარაუდოდ "მიძინებული" იყო, როცა ამას ამბობდა. "ამერიკელებმა და სიონისტებმა ძალიან კარგად იციან, თუ რა საფასური მოჰყვება სიტყვებს - ირანის წინააღმდეგ ძალის გამოყენება" - თქვა მან.
ხუთშაბათს ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ მინისტრ იაირ ლაპიდთან ერთად, ხელი მოაწერა ერთობლივ მემორანდუმს იმის თაობაზე, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. ირანი აქამდე უარყოფს ბირთვულ იარაღზე მუშაობას და ამბობს, რომ ირანულ ობიექტებზე მიმდინარე ურანით გამდიდრება მხოლოდ სამშვიდობო მიზნებს ემსახურება.
2015 წელს ირანთან დადებული საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების საფუძველზე, თეირანს სანქციები მოუხსნეს, სანაცვლოდ კი ირანს ბირთვული აქტივობა უნდა შეეზღუდა. 2018 წელს, თეირანის მხრიდან პირობების შეუსრულებლობის ბრალდებით, ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეთანხმება ცალმხრივად დატოვა და თეირანს სანქციები განუახლდა. მას შემდეგ ირანმა ბირთვული აქტივობა კიდევ უფრო გაზარდა.
ამერიკის 46-ე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ირანთან შეთანხმების აღსადგენად, მოლაპარაკება ვენაში გასული წლის აპრილში დაიწყო. აქამდე მოლაპარაკება უშედეგოდ მიმდინარეობდა.
"ერთადერთი რამ, რაც დღეს არსებულ ირანზე უარესია, არის ირანი ბირთვული იარაღით. და თუ ჩვენ შევძლებთ შეთანხმებასთან დაბრუნებას, ჩვენ მისი შეკავება შეგვიძლია", - უთხრა ბაიდენმა ოთხშაბათს ისრაელის ტელევიზიას.
Facebook Forum