ვაშინგტონი აცხადებს, რომ ირანთან 2015 წელს დადებული საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების გადახედვისთვის დრო იწურება. შეერთებული შტატები ირანს აფრთხილებს, რომ ხელშეკრულების აღდგენა შეუძლებელი გახდება, თუ მხარეებმა შეთანხმებას მომდევნო რამდენიმე კვირის მანძილზე ვერ მიაღწიეს.
"ჩვენი მოლაპარაკებები საგანგებო ნიშნულს მიუახლოვდა" - უთხრა ჟურნალისტებს ჯენ საკიმ, თეთრი სახლის პრესმდივანმა, ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. "შეთანხმება, რომელიც ყველა მხარის ძირეულ შეშფოთებებს ასახავს, შესაძლებელია. თუმცა, მისი მიღწევა თუ მომდევნო კვირებში ვერ მოხერხდა, ირანის ბირთვული პროგრამების მიმდინარე დაწინაურება შეუძლებელს გახდის მის აღდგენას" - განაცხადა საკიმ.
თეთრი სახლი იუწყება, რომ შეერთებული შტატების საგანგებო წარმომადგენელი ირანში - რობ მარლი, ავსტრიის დედაქალაქში გაემგზავრა. ის ირანთან არაპირდაპირ მოლაპარაკებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 2015 წელს დადებული პაქტის გადახედვას ისახავს მიზნად. მოლაპარაკებების მთელი სერია ვენაში გასულ წელს დაიწყო. მასში მონაწილეობას იღებენ ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ირანის და რუსეთის წარმომადგენლები.
2015 წელს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ირანს ბირთვული პროგრამების შეზღუდვის სანაცვლოდ, საერთაშორისო სანქციები მოუხსნეს. 2018 წელს, დონალდ ტრამპის, ამერიკის 45-ე პრეზიდენტის ინიციატივით, შეერთებულმა შტატებმა შეთანხმება დატოვა, რის შემდეგაც ვაშინგტონმა თეირანს სანქციები განუახლა. ამის შემდეგ ირანმა ხელშეკრულების პირობების შესრულება შეწყვიტა და ბირთვული აქტივობები ურანით გამდიდრების ჩათვლით, გააგრძელა. ამერიკა ირანთან ხელახალი შეთანხმების მიღწევას ახლა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინიციატივით ცდილობს.
Facebook Forum