საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა თქვა, რომ ორშაბათს გამართულ დონორების კონფერენციაზე 100 მილიონი ევრო შეგროვდა ევროპის უღარიბესი ქვეყნის, მოლდოვის დასახმარებლად. მოლდოვა მეზობელ უკრაინაში ომის გამო ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვებთან, მწვავე ენერგო კრიზისთან, ლტოლვილთა დიდი რაოდენობით შედინებასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პოტენციურ რისკებთან გამკლავებას ცდილობს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ორშაბათს, პარიზში გამართული კონფერენციის თანათავმჯდომარეები იყვნენ საფრანგეთი, გერმანია და რუმინეთი. კონფერენციის მიზანი, ზღვაზე გასასვლელის არმქონე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისთვის „კონკრეტული და გადაუდებელი დახმარების“ მიღწევა იყო. წელს გამართულ წინა ორ კონფერენციაზეც, მოლდოვისთვის ასობით მილიონი ევროს შეგროვება მოხერხდა, მაგრამ გაგრძელებული ომის და ზამთრის გამო, ქვეყნის საჭიროებებიც იზრდება.
რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინაში ინფრასტრუქტურის ობიექტების დაბომბვამ, გასულ კვირაში მოლდოვის ექვსზე მეტი ქალაქი დროებით ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. მოლდოვის საბჭოთა პერიოდის ენერგო-სისტემა უკრაინასთანაა დაკავშირებული და ამიტომ რუსული რაკეტების თავდასხმამ მიწოდების ხაზის ავტომატური გათიშვა გამოიწვია.
თვის დასაწყისში, ევროკავშირმა იკისრა ვალდებულება მოლდოვას 250 მილიონი ევროთი დახმარებოდა. ეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა კიშინევს ბუნებრივი გაზის მიწოდება გაუნახევრა. მოლდოვის ენერგო-კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა დნესტრისპირეთის - მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეგიონის მიერ ქვეყნის დანარჩენი ნაწილებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების გათიშვამ. სწორედ ამ რეგიონში მდებარეობს ქვეყნის საკვანძო ელექტროსადგური და რუსეთს იქ დაახლოებით 1500 სამხედრო ჰყავს განლაგებული.