პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე რამდენიმე დღის წინ რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ, პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ სატელეფონო ზარი მიიღო, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისგან უნდა ყოფილიყო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ის, რაც დუდას ოფისში მაკრონის ზარი ეგონათ, რუსი კომედიანტების "ხუმრობა"იყო.
7-წუთნახევრიანი საუბრის ჩანაწერი რუსმა კომედიანტებმა ვოვანმა და ლექსუსმა ინტერნეტში განათავსეს. ჩანაწერში ისმის, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ინგლისურად ესაუბრება ზარის მეორე მხარეს მყოფს, რომელიც ცდილობს, რომ საუბრისას ფრანგული აქცენტი გამოიყენოს.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში, რუსებმა პრეზიდენტ დუდას დაურეკეს.
"ემანუელ, დამიჯერე, ძალიან ფრთხილად ვარ. არ მინდა რუსეთთან ომი მქონდეს, დამიჯერე, ძალიან ფრთხილად ვარ, ძალიან ფრთხილად", - ისმის ჩანაწერში დუდას ხმა.
დუდას კაბინეტის წევრებმა "ტვიტერზე" განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ვკითხულობთ: "პრჟევოდოვში რაკეტის აფეთქების შემდეგ, სახელმწიფოების მეთაურებთან მიმდინარე სატელეფონო ზარების დროს, ადამიანი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ემანუელ მაკრონი იყო, დავაკავშირეთ [პრეზიდენტ დუდასთან]".
პრეზიდენტის ოფისი განმარტავს, რომ "სატელეფონო საუბრის დროს, პრეზიდენტი ანჯეი დუდა მიხვდა, რომ ლაპარაკი უჩვეულოდ ვითარდებოდა, რომ ეს შესაძლოა ხუმრობის მცდელობა ყოფილიყო" და საუბარი დაასრულა.
პოლონეთის პრეზიდენტის ოფისში ახლა იძიებენ იმას, თუ როგორ მოახერხეს რუსებმა დუდასთან დარეკვა.