საბერძნეთში კიდევ ერთი დღე საპროტესტო დემონსტრაციით დაიწყო და დემონსტრაციით დასრულდა. მოსახლეობის მიერ თავდაპირველად უკმაყოფილების გამოხატვა ახლა უკვე იმედგაცრუებასა და სასოწარკვეთაში გადაიზარდა.
38 წლის ინჟინერი ჯორჯი ამბობს: „ეს უბრალოდ უსამართლობა და დიდი შეცდომაა. სოციალური დახმარების შეწყვეტა იმას ნიშნავს, რომ ეს პოლიტიკა მალე მთელს ევროპაზე გავრცელდება.“
საპროტესტო დემონსტაციიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, მოსახლეობის ერთი ჯგუფი უფასო საჭმლის მიღებას ცდილობს.
ათენში ერთ-ერთი უსახლკარო ვასილის დასკალაკასისი ამბობს: „ახლა უკვე აღარ ვმუშაობ. ისინი დახმარების შწყვეტასაც აპირებენ. ნამდვილი ქურდები არიან.“
სასოწარკვეთა საბერძნეთის ფარგლებს სცდება. მარკო სპორტელი იტალიაში ერთ-ერთ მშენებლობაზე მუშაობს:
„აღარ მგონია, რომ ოდესმე ეკონომიკური წინსვლის დრო დადგება. ჩემი აზრით, საბერძნეთზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ და საკუთარი თავის იმედზე დავტოვოთ. ევროპა რაც უფრო მეტ ფულს აძლევს მათ, მით მეტს ითხოვენ.“
მარკო ამბობს, რომ საბერძნეთი მძიმე ეკონომიკურ კრიზისში მთელ ევროკავშირს ჩაითრევს.
იმედგაცრუება საფრანგეთშიც შეინიშნება. სოციალისტური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ფრანსუა ჰოლანდი მოსახლეობას ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებისთვის ამზადებს:
„ამგვარ ფინანსურ სისტემას უდიდესი უარყოფითი მხარეები აქვს. ყველაზე ძლიერი მოთამაშეები ფინანსურ სისტემაში დღეს კრედიტ-რეიტინგის ორგანიზაციებია. ისინი წყვეტენ ქვეყნების სუვერენული ვალის ბედს და ქვეყნებში საბიუჯეტო შეკვეცების მკაცრი პოლიტიკის განხორციელებას ითხოვენ. ეს ევროზონის ქვეყნებს გაანადგურებს. საბერძნეთის მდგომარეობას ადევნებთ თვალს? მათ საბერძნეთი დააჩოქეს.“
ესპანეთში ვითარება თანდათან მძიმდება. უმუშევრობის მაჩვენებელი იქ რეკორდულად მაღალია მთელი ევროპის მასშტაბით.