ევროზონაში ფინანსური კრიზისის საკითხი კვლავ წინა პლანზე გამოდის. მემარცხენე სირიზას პარტია დანარჩენ პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკებებს იწყებს, რათა ახალმა კოალიციურმა მთავრობამ გადაწყვეტილება მკაცრი საბიუჯეტო შეკვეცების გაუქმების შესახებ მიიღოს. პარტიის ლიდერები ევროკავშირიდან ფინანსური დახმარების მიღების შემდეგ ბიუჯეტის შემცირების მთავარ წინაპირობას „ბარბაროსულს“ უწოდებენ.
ათენის სინტაგმას მოედანი, რომელიც აქამდე ბერძენთა ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების ეპიცენტრი იყო, ახლა შედარებით მშვიდად გამოიყურება. ჯგუფ-ჯგუფად თავმოყრილი ათენელები ახალ ამბებს გაზეთიდან იტყობენ და ქვეყნის ბუნდოვან, გაურკვეველ პოლიტიკურ-ეკონომიკურ მომავალზე შეშფოთებით მსჯელობენ.
ხმის საკმარისი რაოდენობა საბერძნეთში ვერცერთმა პარტიამ ვერ მოაგროვა. სირიზას პარტია სამთავრობო კოალიციის შექმნას თუ ვერ მოახერხებს, არჩევნები ქვეყანაში განმეორებით უნდა ჩატარდეს.
ათენელი დიმიტროს გლეტზაკოსის კომენტარში ბერძენთა დიდი უმრავლესობის შიშია გახმოვანებული. ის ამბობს, რომ ახალი არჩევნები, თუკი ასეთი საჭირო გახდა, წინააღმდეგობებით და დაპირისპირებებით იქნება სავსე. რეაქციონერულად განწყობილი ძალები მოძლიერდებიან და საბერძნეთი ემოციურად, ეკონომიკურად თუ პრაქტიკულად ამდენს ვეღარ გაუძლებს.
დიონისის დიმიტრაკოპულუსი ლონდონში მდებარე ბირბეკის უნივერსიტეტში ბერძნული პოლიტიკის სპეციალისტია. ის ამბობს, რომ არჩევნების შედეგებში გარკვეული ლოგიკაც არის:
“ის ორივე წამყვან პარტიას სჯის, რომელთაც ქვეყანა პრაქტიკულად მუხლზე დააჩოქეს. ასე რომ არჩევნებმა დანაშაულზე პასუხისმგებლობა სამართლიანად და სრულიად გარკვევით გადაანაწილა. ამას გარდა არჩევნებმა შანსი დანარჩენ პარტიებსაც, მათ შორის სირიზას პარტიასაც მისცა, რათა მან ალტერნატიული მთავრობა ჩამოაყალიბოს“ - აღნიშნავს პროფესორი.
ფინანსური დახმარების სანაცვლოდ მკაცრი საბიუჯეტო შეკვეცების მოთხოვნა ევროკავშირმა გერმანიის ხელმძღვანელობით წააყენა. გერმანიის მთავრობა აცხადებს, რომ საბერძნეთის ახალი ხელისუფლება მოვალე იქნება წინა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეასრულოს.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მოვლენების ამგვარი განვითარება ევროზონას და საბერძნეთს შორის ისედაც გაჭიანურებული მოლაპარაკებების ახალ რაუნდს მოასწავებს.
საბერძნეთში ჩატარებული არჩევნების პარალელურად საფრანგეთში სოციალისტი ფრანსუა ოლანდის გამარჯვებას ზეიმობენ. არჩევნების შედეგები ევროპაში ზოგადად მკაცრი საბიუჯეტო შეკვეცების, როგორც ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავლის გზის, არაპოპულარობას ადასტურებს.
ამერიკელი ეკონომისტი პოლ კრუგმანი ამბობს, რომ რეცესია რაც უფრო მეტი ევროპული ქვეყნის ეკონომიკაში დაფიქსირდება, მით უფრო ძლიერდება რწმენა, რომ პოლიტიკოსებმა არასწორი გადაწყვეტილებები მიიღეს. ევროპის კონტინენტზე ჩატარებული უახლესი გამოკითხვები ამ მოსაზრებას ამტკიცებს. ეს ყოველივე კი ანალიტიკოსების თქმით ევროკავშირის და „ევროს“ მომავალს კიდევ უფრო გაურკვეველს და არაპროგნოზირებადს ხდის.