ოფიციალური კიევის განცხადებით, უკრაინა აგრძელებს სამხედრო ოპერაციას რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიაზე. უკრაინა უკვე ორი კვირაა კურსკის მიმართულებით რუსეთში შეიჭრა და ათეულობით დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს. კიევის განცხადებით, მისი მიზანია შეიქმნას ბუფერული ზონა საზღვრის პირას მცხოვრები უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.
პარალელურად, რუსეთი აგრძელებს შეტევას დონეცკის რეგიონის სამხრეთით. მოსკოვის განცხადებით, მათ იქ დღეს, 20 აგვისტოს, მთავარი ლოგისტიკური ცენტრი დაიკავეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის სიღრმეში ახლა 1 250 კილომეტრს და 92 დასახლებას აკონტროლებს. რუსეთი არ აკონკრეტებს უკრაინის მიერ 6 აგვისტოს დაწყებული, ტრანსსასაზღვრო ოპერაციის შედეგად კონტროლირებული დასახლებული პუნქტების ზუსტ დაოდენობას. თუმცა, მოსკოვმა აღიარა ის, რომ მდინარე სეიმზე სამი საკვანძო ხიდი განადგურდა, რამაც რუსეთის ძალების მომარაგებისთვის მიწოდების მნიშვნელოვანი ხაზი გაწყვიტა.
თუმცა, კიევის მიზანი არა ტერიტორიის კონტროლი, არამედ საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის განუწყვეტელი დაბომბვისა და საზღვრის მეორე მხრიდან მომავალი დარტყმებისაგან მისი დაცვაა", - განუცხადა "რადიო თავისუფლებას" პრეზიდენტ ზელენსკის ერთ-ერთმა უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა. მისი თქმით, უკრაინის ოპერაცია არ არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობით განსაზღვრულ სტანდარტებს და ის სამოქალაქო მოსახლეობას იცავს.
"უკრაინის მიზნებში არ არის დასახლებული პუნქტების ან ამ ტერიტორიების ოკუპაცია", - თქვა პოდოლიაკმა 19 აგვისტოს. "ეს სხვა ტიპის ომია, ომი, რომელიც გარკვევითაა განსაზღვრული საერთაშორისო კანონმდებლობით და კონვენციებით". პოდოლიაკის განმარტებით, მოსკოვი ამ სასაზღვრო დასახლებებს უკრაინის სამოქალაქო იმ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის იყენებს, რომლებიც ქვეყნის სიღრმეში, საზღვრიდან 70-80 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.
მაგალითად მას უკრაინის სუმის რეგიონი მოჰყავს, "რომელიც მდებარეობს კურსკის ოლქის მოპირდაპირედ. ყოველდღიურად 500-600 დაბომბვა ხდებოდა, რომელთა სამიზნე სუმის რეგიონის ტერიტორია იყო. რუსეთის შეიარაღების 100 კილომეტრის სიღრმეზე უკან ჩაწევა კი, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის შესაძლებლობას მოგვცემს უკრაინის სასაზღვრო ზონაში, როგორიცაა ჩერნიჰივის, სუმისა და ხარკივის რაიონები“.
რაც შეეხება უკრაინის არმიის მიერ კონტროლირებულ რუსეთის ტერიტორიაზე მყოფ რუს მშვიდობიან მოსახლეობას, პოდოლიაკმა თქვა, რომ კიევი ასრულებს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის ყველა მოთხოვნას.
იმავდროულად, რუსეთმა 20 აგვისტოს განაცხადა, რომ დაიპყრო ნიუ-იორკი, მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრი უკრაინის დონეცკის რეგიონში. მოსკოვი თანდათან წინ მიიწევს ქალაქ პოკროვსკისკენაც, სადაც უკრაინის ხელისუფლებამ ბავშვების სავალდებულო ევაკუაციის ბრძანება გასცა.
”ცენტრალური ძალების ჯგუფის ქვედანაყოფთა მოქმედებების შედეგად, დამარცხებულია მტრის ჯარების დიდი დაჯგუფება და გათავისუფლებულია ტორეცკის აგლომერაციის ერთ-ერთი უდიდესი დასახლება, [ნიუ-იორკის] სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ჰაბი", - განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ "ტელეგრამზე".
მოსკოვის განცხადების გადამოწმება დამოუკიდებელი წყაროების საშუალებით, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. ნიუ-იორკში ომის დაწყებამდე დაახლოებით 10 000 ადამიანი ცხოვრობდა. ერთი დღით ადრე, 19 აგვისტოს, რუსეთმა განაცხადა, რომ დაიკავა ახლომდებარე ქალაქი ზალიზნი, რომელიც ასევე ტორეცკთან მდებარეობს.
Facebook Forum