უკრაინის ოფიციალურმა პირებმა სამშაბათს განაცხადეს, რომ გასული ღამის განმავლობაში, ჩრდილოეთ უკრაინაზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმისას, რუსულმა ძალებმა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას შეუტია. ოფიციალური პირების განცხადებით, ამან ქვეყნის დასავლეთში მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, რის შედეგადაც, ჰაერში ქლორის დონემ მოიმატა.
უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის განცხადებით, ქვეყნის ცხრა რეგიონზე რუსეთის თავდასხმისას, უკრაინის ძალებმა სამი რუსული ბალისტიკური რაკეტა და 26-დან, 25 დრონი ჩამოაგდო.
რუსეთის მოსაზღვრე, უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ მდებარე სუმის რეგიონის ოფიციალური პირებმა განაცხადეს, რომ თავდასხმამ დააზიანა ენერგეტიკული ობიექტი, რის გამოც 72 დასახლება და 18,500-ზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, უკრაინის ენერგეტიკული ობიექტები თითქმის ყოველდღიური რუსული დაბომბვის სამიზნეა.
ოფიციალური პირების თქმით, ტერნოპოლის დასავლეთ ნაწილში ბოლო დაბომბვის დროს, თავს დაესხნენ სამრეწველო ობიექტს და დაზიანდა საწვავის ავზიც. უკრაინულმა ტელევიზიამ აჩვენა შავი კვამლის უზარმაზარი სვეტები, რომლებიც ტერნოპოლის თავზე ამოდიოდა.
"საწვავისა და საპოხი მასალების დაწვამ, ჰაერში ქლორის დონის მატება გამოიწვია", - განაცხადა ტერნოპოლის რეგიონალური ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ვიქტორ უსტენკომ. ხელისუფლება მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს.
უსტენკოს თქმით, ხანძრის ჩაქრობაში 90-ზე მეტი მეხანძრე იყო ჩართული. მისივე განცხადებით, სიტუაცია სრულად კონტროლდება.
რაც შეეხება დედაქალაქს, ოფიციალური პირების განცხადებით, კიევზე თავდასხმა დიდი ზიანის ან მსხვერპლის გარეშე მოიგერიეს.
მოსკოვის მხრიდან სამშაბათის თავდასხმების შესახებ კომენტარი არ გაკეთებულა. ორივე მხარე ამბობს, რომ მათი სამიზნე სამხედრო ობიექტებია და არა სამოქალაქო ინფრსატრუქტურა, თუმცა ომში ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
მოსკოვი აგრძელებს საჰაერო თავდასხმებს მას შემდეგ, რაც უკრაინის ძალები, 6 აგვისტოს, რუსეთის კურსკის რეგიონში შეიჭრა. თავის მხრივ, რუსული ძალები წინ მიიწევს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ზოგიერთი დასახლებისკენ.