ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი დონეცკზე იერიშებს აძლიერებს - მოკლულია სამი ადამიანი


უკრაინის დონეცკის რეგიონში, 16 აგვისტოს მომხდარ რუსეთის თავდასხმას, სამი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, დაშავებულია ხუთზე მეტი ადამიანი. რუსული იერიშების სამიზნე ქალაქი პოკროვსკი გახდა. ის რეგიონის ერთგვარი ლოგისტიკური ცენტრია.

დონეცკის ერთი ნაწილი რუსულ ჯარს აქვს ოკუპირებული, დანარჩენი კი ხშირი საჰაერო იერიშების სამიზნე ხდება. უკრაინა ამბობს, რომ ამ ტერიტორიის ხელში ჩაგდება ბრძოლის ველზე მოსკოვისთვის პრიორიტეტია.

კიევის ინფორმაციით, პოკროვსკის ფრონტზე შეტაკებების რიცხვი ბოლო 24 საათში 58-იდან 41-მდე შემცირდა, თუმცა ეს რაიონი ფრონტზე ახლა ერთ-ერთ ყველაზე რთულ და "ცხელ" წერტილად მიიჩნევა.

რეგიონის გუბერნატორი ვადიმ ფილაშკინი ამბობს, რომ თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა პოკროვსკის შემოგარენში, დელიდოვის მიმდებარედ. იქ 6 შენობა დაზიანდა. ერთი ადამიანი დაიღუპა სოფელ მიკოლაივკაში, ორი კი დაშავდა ქალაქ კონსტანტინივკაში, ბახმუტის დასავლეთით.

ფილაშკინის თქმით, ორი ადამიანი დაიღუპა სოფელ ვერხნიოკამიანკაშიც. იმავე რაიონში 9 საცხოვრებელი შენობა და 8 სახლი დაზიანდა.

რუსეთის ძალებმა პოკროვსკზე თავდასხმები მას შემდეგ კიდევ უფრო გააძლიერეს, რაც უკრაინამ რუსეთის საზღვარი გადაკვეთა და თავს დაესხა რუსეთის კურსკის რეგონს, რომელშიც ამბობს, რომ 35 კმ-ის სიღრმეზეა შეჭრილი და ათობით დასახლებას აკონტროლებს.

XS
SM
MD
LG