ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის თქმით, ღაზაში გატაცებულ მძევალთა მესამედზე მეტი მკვდარია


ღაზაში გატაცებულ მძევალთა ფოტოები ისრაელში
ღაზაში გატაცებულ მძევალთა ფოტოები ისრაელში

ღაზაში დარჩენილი ისრაელელი მძევლების მესამედზე მეტი დაღუპულია- ინფომარცია ამის შესახებ, 4 ივნისს, ისრაელის ახალი სამთავრობო დასკვნაშია გავრცელებული. პარალელურად, ღაზის სექტორზე ისრაელის იერიშები გრძელდება, შეერთებული შტატები კი კვლავ ცდილობს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას.

"ჰამასმა" ისრაელზე გასული წლის 7 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმის დროს, დაახლოებით 250 ადამიანი გაიტაცა. აქედან ნაწილი პალესტინელებმა ნოემბერში ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმების სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ზოგი ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში "ჰამასის" წინააღმდეგ მიმდინარე საპასუხო ომის დაწყების შემდეგ მკვდარი, ან ცოცხალი იპოვეს.

ისრაელის მთავრობა ვარაუდობს, რომ "ჰამასის" ხელში ჯერ კიდევ რჩება 120 ადამიანი, რომელთაგან 43 გარდაცვლილია. ამ დასკვნისთვის, ისრაელის ოფიციალური პირები იშველიებენ სხვადასხვა წყაროს, მათ შორის დაზვერვის ცნობებს, ასევე - ვიდეო და საგამოძიებო ექსპერტიზის ანალიზს.

ორშაბათს, 3 ივნისს, მოკლულ მძევალთა სიას ისრაელში კიდევ ოთხი ადამიანი დაემატა. კერძო საუბრებში ისრაელის მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ მათი აზრით, მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო მაღალი იქნება.

"ჰამასი", რომელიც იმუქრებოდა, რომ ისრაელის საპასუხო თავდასხმების გამო, მძევლებს სიკვდილით დასჯიდა, ახლა მძევლების ნაწილის გარდაცვალებას, ისრაელის საჰაერო იერიშებს აბრალებს. მსგავს მიზეზს ისრაელი ბოლომდე არ გამორიცხავს, მაგრამ იმასაც ხაზგასმით ამბობს, რომ გარდაცვლილი მძევლების სხეულზე სიკვდილით დასჯის კვალი ჩანს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG