ორშაბათს ჟურნალისტებმა და პალესტინელმა ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისრაელის თავდასხმამ ღაზაში, სულ მცირე, 11 ადამიანი იმსხვერპლა. იმავდროულად, შეერთებულმა შტატებმა ბიძგი მისცა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ბრძოლების თავდაპირველ შეჩერებას და "ჰამასის" ტყვეობაში მყოფი ზოგიერთი მძევლის გათავისუფლებას.
ორშაბათს ისრაელის სამხედრო უწყებამ თქვა, რომ მისმა ძალებმა ღაზის სექტორში 50-ზე მეტ სამიზნეზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა, სახმელეთო ძალები კი ცენტრალურ ღაზაში და სამხრეთის ქალაქ რაფაში მოქმედებდა.
კვირა საღამოს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისრაელის ოფიციალურ პირებთან სამშვიდობო შეთავაზებაზე იმსჯელა და ამბობს, რომ გეგმა შეძლებს „ისრაელის უსაფრთხოების ხანგრძლივი ინტერესები დააწინაუროს“.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა თქვა, რომ ბლინკენი ცალკე ესაუბრა ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს და კაბინეტის მინისტრ ბენი განტზს და რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება, „ყველა მძევლის გათავისუფლების უზრუნველყოფას და მთელ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების დაუყოვნებლივ შეტანას“ შეძლებს.
კვირას თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ თქვა, რომ თუ „ჰამასი“ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდება, შეერთებული შტატები მოელის, რომ ისრაელი ამ გეგმას მიიღებს.
გალანტმა კვირას განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესის ნებისმიერ ეტაპზე ღაზაში „ჰამასის“ მმართველობას არ მიიღებს და ამ ისლამისტური ჯგუფის ალტერნატიულ ვარიანტებს სწავლობს. გალანტს შესაძლო ალტერნატივების დეტალებზე არ უსაუბრია.
ისრაელის პრემიერმა ნეთანიაჰუმ შაბათს განაცხადა, რომ „ომის დასამთავრებლად ისრაელის პირობები არ შეცვლილა: "ჰამასის" სამხედრო და მმართველობის უნარის განადგურება, ყველა მძევლის გათავისუფლება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზამ ისრაელს საფრთხე აღარ შეუქმნას“.