„ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ისრაელელი მძევლების ნათესავები, იერუსალიმში, ისრაელის პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე შეიჭრნენ. ღაზაში დატყვევებულების ნათესავთა ჯგუფი, კანონმდებლებისგან მოითხოვს მათი გათავისუფლებისთვის მეტი გააკეთონ.
გასული წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე თავდასხმისას, აშშ-ის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადებულმა „ჰამასმა“, 253 ადამიანი დაატყვევა და ღაზის სექტორში მძევლად წაიყვანა. 130 ამ დრომდე ტყვეობაში რჩება.
საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე შეჭრილთაგან ერთ ქალს, ხელში ოჯახის სამი წევრის ფოტო ეჭირა, - „მხოლოდ ერთი მაინც მინდა ცოცხალი დავიბრუნო, სამიდან ერთი“, - ამბობდა ის.
„შენ აქ ვერ იჯდები, ვიდრე ისინი იქ კვდებიან“, - მძევალთა ნათესავებს ამ წარწერით ტრანსპარანტები ეჭირათ და კანონმდებლებს მოუწოდებდნენ, „გაათავისუფლეთ ისინი ახლავე, ახლავე, ახლავე!“
მძევალთა ნაწილის გათავისუფლება აშშ-ის, კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით მოხერხდა. სანაცვლოდ, ისრაელის ციხეებიდან პალესტინელი პატიმრების ნაწილი გაათავისუფლეს.
მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით ისრაელში, ყოველ შაბათ-კვირას, საპროტესტო გამოსვლები იმართება. ბოლო კვირების განმავლობაში დემონსტრაციები გააქტიურდა. ისინი ახლა მემარჯვენე მთავრობის საწინააღმდეგო პოზიციებს გამოთქვამენ და ვადამდელი არჩევნების გამართვას ითხოვენ.
ისრაელში, 2023 წლის განმავლობაში მიმდინარე მძლავრი ანტისამთავრობო გამოსვლები, 7 ოქტომბერს, "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ შეწყდა. დემონსტრანტებმა პოლიტიკური მოთხოვნები შეწყვიტეს და ისრაელელ სამხედროებს, დაღუპულთა ან მძევლად მყოფთა ახლობლებს უჭერდნენ მხარს.
7 ოქტომბრის თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელის მიერ „ჰამასის წინააღმდეგ გამოცხადებული ომის მეოთხე თვეს, გამოკითხვები აჩვენებს, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდაჭერა იკლებს, პოლიტიკური ცვლილებებისკენ მოწოდებები კი სულ უფრო ძლიერდება.
ორშაბათს, ნეთანიაჰუმ მძევლების ოჯახის წევრებს განუცხადა, რომ მათი გათავისუფლების შესახებ, „ჰამასს“ რაიმე სოლიდური წინადადება არ წამოუყენებია. ერთი დღით ადრე, ნეთანიაჰუმ უარყო „ჰამასის“ მიერ ომის დასრულებისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ წამოყენებული პირობები, რაც მოიცავდა ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების სრულ გაყვანას და იქ „ჰამასის“ ხელისუფლების შენარჩუნებას.
„რეალური წინადადება, „ჰამასის“ მხრიდან არ არსებობს. ეს სიმართლე არ არის. მე ამას ვამბობ რაც შეიძლება მკაფიოდ, რადგან არის ძალიან ბევრი არასწორი განცხადება, რომელიც თქვენთვის ნამდვილად მტანჯველია“, - ნათანიაჰუს ოფისის ინფორმაციით, ეს არის განცხადება, რომელიც მძევლების ოჯახის წევრებმა მისგან მოისმინეს.
საპროტესტო დემონსტრაცია ასევე გაიმართა იერუსალიმში პრემიერ-მინისტრის საცხოვრებელ ქუჩაზე, რომელსაც აზზა ჰქვია, რაც ებრაულად იგივეა, რაც ღაზა.
„თუ პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს მძევლების მსხვერპლად გაღებას, მან უნდა გამოიჩინოს ლიდერობა და გულწრფელად გაუზიაროს თავისი პოზიცია ისრაელის საზოგადოებას“, - ნათქვამია დემონსტრანტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.