ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ: პალესტინური სახელმწიფოს შექმნის გარეშე ისრაელის უსაფრთხოების გადაწყვეტის "გზა არ არსებობს"


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა მეთიუ მილერმა 18 იანვარს განაცხადა, რომ რეგიონში ისრაელის უსაფრთხოების ხანგრძლივი პერსპექტივის მქონე და ღაზის აღდგენის მოკლევადიანი გამოწვევების გადაწყვეტის „გზა არ არსებობს“, თუ პალესტინის სახელმწიფო არ დაარსდება.

მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ბრიფინგზე მილერმა თქვა, რომ ახლა ისრაელს აქვს შესაძლებლობა, რადგან რეგიონის ქვეყნები მზად არიან ისრაელისთვის უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყონ.

კომენტარები გაკეთდა მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე განცხადება ვაშინგტონის თაობაზე გააკეთა. ნეთანიაჰუს თქმით, მან თეთრ სახლს უთხრა, რომ ნებისმიერ ისეთ პალესტინურ სახელმწიფოებრიობას ეწინააღმდეგებოდა, რომელიც ისრაელის უსაფრთხოების გარანტიას არ იძლეოდა.

„განვმარტავ, რომ უახლოეს მომავალში ნებისმიერი მოწესრიგების შემთხვევაში, შეთანხმებით იქნება თუ შეთანხმების გარეშე, ისრაელს მდინარე იორდანეს დასავლეთით მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების კონტროლი უნდა ჰქონდეს. ეს საჭირო პირობაა. ეს წინააღმდეგობაში მოდის სუვერენიტეტის პრინციპთან, მაგრამ ვერაფერს გააწყობ“, თქვა ნეთანიაჰუმ თელ-ავივში.

მან დაამატა, რომ რამდენიმე წლის წინ, პალესტინური სახელმწიფოებრიობის არარსებობა წინაღობა არ გამხდარა არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზების შეთანხმებებისთვის და ის ჯერ კიდევ გეგმავს იმ შეთანხმებებში მეტი ქვეყნები ჩართოს.

ისე ჩანს, რომ ისრაელი და მისი მთავარი მხარდამჭერი შეერთებული შტატები განსხვავებულ პოზიციებზე არიან ახლა, როდესაც ნეთანიაჰუ და მისი მემარჯვენე კოალიციური მთავრობა პალესტინის სახელმწიფოს შექმნას მეტწილად უარყოფენ, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონს ორი სახელმწიფოს ფორმულა, რეგიონში ხანგამძლე მშვიდობის დასამყარებელ ერთადერთ შესაძლებელ გადაწყვეტად მიაჩნია.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რომელიც „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში მეოთხე ვიზიტით იმყოფებოდა, ისრაელს ჩუტანა რთული შეთანხმება. როგორც ჩანს, ისრაელის მეტწილად მუსლიმი მეზობლები ომის შემდეგ ღაზის აღდგენას დაეხმარებიან და ისრაელთან ეკონომიკურ ინტეგრაციას გააგრძელებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მზად იქნება, რომ საბოლოოდ დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფოს შექმნაზე თანხმობა განაცხადოს.

ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე პალესტინური სახელმწიფოს თაობაზე შეერთებული შტატების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები, თითქმის ათწლეულის წინ ჩავარდა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG