"ჰამასმა" ორი ისრაელელი მძევლის ცხედრის ვიდეო გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე, ისრაელი გააფრთხილა, რომ თუ ღაზის სექტორის დაბმბვას არ შეწყვეტდა, მათ მოკლავდნენ.
"ჰამასის" მებრძოლთა დაჯგუფების მიერ გამოქვეყნებულ ახალ ვიდეოში, სავარაუდოდ, ნაჩვენებია 53 წლის იოსი შარაბის და 38 წლის იტაი სვირსკის ცხედრები.
მასში ასევე ნაჩვენები იყო მესამე ისრაელელი მძევალი, 26 წლის ნოა არგამანი, რომელიც ამბობს, რომ ორივე მძევალი მოკვდა „ჩვენი, ისრაელის ძალების თავდასხმის შედეგად“.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა დაჯგუფება "ფსიქოლოგიურ ძალადობაში" დაადანაშაულა.
სამი მძევალი იმ 240 ადამიანს შორისაა, რომლებიც ისლამისტმა "ჰამასის" მებრძოლებმა სამხრეთ ისრაელში 7 ოქტომბერს მოულოდნელი საზღვრისპირა თავდასხმის დროს მძევლად აიყვანეს.
ამ მძევლების დაახლოებით ნახევარი ნოემბერში გაათავისუფლეს, ხანმოკლე ზავის დროს, მაგრამ ისრაელი ამბობს, რომ 132 ღაზაში რჩება, ხოლო 25 ტყვეობაში დაიღუპა.
"ჰამასმა" კვირას, სამი ისრაელელის ვიდეო გამოაქვეყნა და ისრაელს საჰაერო და სახმელეთო შეტევების შეწყვეტისკენ მოუწოდა. ვიდეო მთავრდებოდა წარწერით: „ხვალ (ორშაბათს) შეგატყობინებთ მათ ბედს“.
ორშაბათს, "ჰამასმა" გამოაქვეყნა კიდევ ერთი ვიდეო, რომელშიც სამი მძევლის სახეებია ასახული და სამი ალტერნატივაა წარმოდგენილი: „სამივე მოკვდება, ზოგი მოკვდება, ზოგი დაშავდება, ან სამივე გადარჩება“. ვიდეო მთავრდებოდა გზავნილით: „დღეს საღამოს გაცნობებთ მათ ბედზე“.
ორშაბათს, ისრაელის ძალებმა, ღაზის სექტორში სამიზნეების დაბომბვა და სამხრეთ და ცენტრალურ რაიონებში, "ჰამასის" მებრძოლებთან შეტაკებები განაგრძო.