შეერთებულმა შტატებმა დაგმო ისრაელის ორი მინისტრის კომენტარი იმის თაობაზე, რომ პალესტინელები უნდა წაახალისონ ღაზა დატოვონ, ალყაში მოქცეულ ტერიტორიაზე კი ებრაელი მოსახლეები უნდა დაბრუნდნენ.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა თქვა, რომ ვაშინგტონი „გმობს ისრაელის მინისტრების ბეზალელ სმოტრიჩისა და იტამარ ბენ გვირის ბოლო განცხადებებს, რომლებიც ღაზის გარეთ პალესტინელების გადასახლებას ემხრობიან".
„ეს რიტორიკა არის გამამწვავებელი და უპასუხისმგებლო“, - დასძინა მილერმა, რომელმაც გაიმეორა შეერთებული შტატების „მკაფიო, თანმიმდევრული და ცალსახა“ პოზიცია, რომ „ღაზა არის პალესტინური მიწა და დარჩება პალესტინურ მიწად, როცა "ჰამასი" ვეღარ გააკონტროლებს მის მომავალს და ტერორისტული ჯგუფები ვეღარ დაემუქრებიან ისრაელს“,- თქვა მან.
ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა ბენ გვირმა ორშაბათს თქვა, რომ საჭიროა ხელი შეეწყოს „ღაზის მცხოვრებლების ემიგრაციის წახალისებას".
ისრაელმა 2005 წელს თავისი ჯარები და მოსახლეები ღაზიდან გაიყვანა, რითაც დაასრულა მისი სამხედრო წარმომადგენლობა სექტორში, რომელიც 1967 წელს, ომის შემდეგ დაიკავა. მაგრამ ისრაელმა თითქმის სრული კონტროლი შეინარჩუნა ტერიტორიის საზღვრებზე.
პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობას ოფიციალურად არ უთქვამს, რომ ღაზიდან მოსახლეობის განდევნას ან ებრაელი დევნილების უკან დაბრუნებას აპირებს. ეს არც მას შემდეგ გამოცხადებულა, რაც ისრაელში "ჰამასის" 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ომი დაიწყო.
ბენ გვირმა თქვა, რომ პალესტინელების წასვლა და ისრაელის დასახლებების თავიდან დაარსება "მართებული, სამართლიანი, მორალური და ჰუმანური გადაწყვეტაა".
„ეს არის შესაძლებლობა შევიმუშაოთ პროექტი, რათა წახალისდეს ღაზას მცხოვრებლების ემიგრაციაში - მსოფლიოს სხვა ქვეყნებში წასვლა“, - განაცხადა მან თავისი ულტრანაციონალისტური „ოტზმა იეჰუდიტის“, ანუ „ებრაული ძალაუფლების“ პარტიის შეხვედრაზე.
მანამდე, ისრაელის ულტრამემარჯვენე ფინანსთა მინისტრმა სმოტრიჩმა ასევე მოუწოდა ღაზაში ებრაელი მოსახლეები დაბრუნებისკენ და თქვა, რომ ისრაელმა 2,4 მილიონი პალესტინელი უნდა "წახალისოს", რომ მათ დატოვონ ტერიტორია.
ღაზის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ომი გამოიწვია "ჰამასის" 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმამ, რომელსაც დაახლოებით 1200 ადამიანი ემსხვერპლა, მეტწილად მშვიდობიანი მოქალაქეები. 240-ზე მეტი კი ტყვედ წაიყვანეს. ღაზაში „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ომის შედეგად სექტორში სულ მცირე 22,185 ადამიანი დაიღუპა, ძირითადად ქალები და ბავშვები.
გაეროს მონაცემებით, მძიმე შეტაკებების გამო, ღაზის სექტორში მცხოვრებთა 85% იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.
Facebook Forum