მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) მოსამართლეებმა ხუთშაბათს ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საჩივრის განხილვა დაიწყეს. სამხრეთ აფრიკა ისრაელს ღაზაში გენოციდში ადანაშაულებს და გაეროს სასამართლოს, რომელიც ქვეყნებს შორის დავებს განიხილავს, სთხოვს დაავალდებულოს ისრაელი გადაუდებელი საჭიროების გამო, შეაჩეროს სამხედრო ოპერაცია.
ისრაელმა "ჰამასს" ომი 7 ოქტომბერს მისი წარმომადგენლების მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ გამოუცხადა. თავდასხმისას 1200-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, მეტწილად მშვიდობიანი მოქალაქეები, 240-ზე მეტი კი მძევლად აიყვანეს. მათი ნაწილი მოგვიანებით გაათავისუფლეს. თუმცა ისრაელი ამბობს, რომ "ჰამასს", რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, გაანადგურებს. ადგილობრივი ჯანდაცვის უწყება, რომელსაც ასევე "ჰამასი" აკონტროლებს, აცხადებს, რომ ისრაელის სამხედრო მოქმედებებს 22 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სამხრეთ აფრიკა აცხადებს, რომ მას სურს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელს დააკისროს პასუხისმგებლობა გენოციდის კონვენციის დარღვევებისთვის და "უზრუნველყოს ღაზაში, სასწრაფო და სრული შესაძლო დაცვა იმ პალესტინელთათვის, ვინც კვლავ მძიმე და პირდაპირი რისკის ქვეშ არიან გენოციდის განგრძობითი აქტების გამო".
ისრაელი ამ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელის ძალები ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი მინიმუმამდე შეამციროს. ის "ჰამასის" მებრძოლებს ადანაშაულებს იმაში, რომ ისინი მოქალაქეებს "ცოცხალ ფარად" იყემენენ.
ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ისრაელის სამხედრო ოპერაციას მხარს უჭერს, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისკენ თავადაც მოუწოდებდა. თუმცა სამხრეთ აფრიკის ბრალდებებს ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ ეს განსაკუთრებით გამაღიზიანებელია მაშინ, როდესაც ისრაელს განადგურებით ემუქრებიან "ჰამასი", "ჰეზბოლა", ჰუთი მებრძოლები.