ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღაზაში ისრაელის ჯარი სამხრეთით მიიწევს, ბრძოლა ხან-იუნისის საავადმყოფოს უახლოვდება


ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზის სექტორში სამხრეთით მიიწევს. პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ "სრულ გამარჯვვებამდე" კიდევ "ბევრი თვის ბრძოლაა" საჭირო. ქალაქ ხან-იუნისისკენ მიმავალ გზაზე, ბოლო კვირების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეტაკებები მოხდა.

რეგიონში, სადაც ახლა ისრაელის სახმელეთო ძალები დაწინაურდა, ანკლავის უდიდესი საავადმყოფო მდებარეობს, რომელიც ჯერაც ფუნქციონირებს. ხან-იუნიუსში ასობით ათასი ადამიანია, ვინც დაბომბვებს ჩრდილოეთიდან გამოექცა და თავს სწორედ ამ ქალაქს აფარებს.

მცხოვრებლები ამბობენ, რომ მძიმე შეტაკებები და ინტენსიური დაბომბვა ქალაქის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით გრძელდება, ახლა კი პირველად - დასავლეთიდანაც ისმის. მათი თქმით, დასავლეთში ახლა ტანკები მიიწევს წინ.

ხან-იუნისის მცხოვრებლები ერთი დღით ადრე ამბობდნენ, რომ ბრძოლა ნასერის ჰოსპიტალთან უკვე ძალიან ახლოსაა. ეს ყველაზე დიდი საავადმყოფოა, რომელიც ანკლავში ჯერ კიდევ ფუნქციონირებს. მათი თქმით, იქ ყოველდღე ასობით დაჭრილ პაციენტს იღებენ, რომელთა სათანადო მკურნალობაც უფრო და უფრო ჭირს.

ისრაელის ოფიციალური პირები დაჯგუფება "ჰამასის" წარმომადგენლებს ადანაშაულებენ, რომ ისინი სწორედ ნასერის საავადმყოფოს აფარებენ თავს და იქიდან მართავენ პროცესებს. თუმცა, საავადმყოფოს პერსონალი ამას უარყოფს.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელმა "ჰამასის" ორგანიზებული 24 საბრძოლო ბატალიონიდან 16 ან 17 უკვე გაანადგურა. მისი თქმით, შემდეგი ეტაპი შეიარაღებული მებრძოლებისგან "ტერიტორიის გაწმენდა" იქნება.

ისრაელის არმია აცხადებს, რომ ხან-იუნისში მათმა ბრიგადამ ბევრად წინ წაიწია სამხრეთით და "ათობით ტერორისტი გაანადგურეს" ძალიან ახლო მანძილზე, ურბანულ ბრძოლაში. თუმცა ამისთვის მათ სატანკო შეიარაღება და საჰაერო მხარდაჭერაც დასჭირდათ. მათი ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში მოკლულია 60 მებრძოლი. მათ შორის 40 სწორედ ხან-იუნისში.

ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც საავადმყოფოში იმყოფებიან, ამბობენ, რომ პაციენტები და ისინი, ვიცნ საავადმყოფოს თავს აფარებდა, პანიკაში არიან და გაქცევას ცდილობენ.

რაფა, ქალაქი, რომელიც კიდევ უფრო სამხრეთით მდებარეობს, ასევე ყურადღების ცენტრშია და ხალხი მისი მიმართულებით ცდილობს გადააადგილებას. იქ ახლა ღაზის 2.3 მილიონი მცხოვრების დაახლოებით ნახევარი აფარებს თავს.

ისრაელმა პალესტინელთა დაჯგუფება "ჰამასს" ომი მას შემდეგ გამოუცხადა, რაც დაჯგუფების ისლამისტმა მებრძოლებმა 7 ოქტომბერს, სამხრეთ ისრაელის საზღვრისპირა ნაწილზე მიიტანეს იერიში, 1 200-ზე მეტი ადამიანი მოკლეს და 240-მდე მძევლად გაიტაცეს. ისრაელმა პასუხად, ღაზის სექტორში საჰაერო და სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ინტენსიური დაბომბვის შედეგად, ღაზის ნაწილი ნანგრევებად იქცა. ჯანდაცვის ადგილობრივ ოფიციალური პირთა დაუდასტურებელი ცნობებით, ომის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 24 000-ს აჭარბებს.

XS
SM
MD
LG