ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანი ამბობს, რომ ირანმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვია და ორი ბავშვი მოკლა


Iran Missile
Iran Missile

პაკისტანი ამტკიცებს, რომ მეზობელმა ირანმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვია. იერიშს კი ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამას რამდენიმე საათით ადრე წინ უძღოდა ირანის სახელმწიფო მედიის განცხადება, რომლის თანახმადაც თეირანმა სამშაბათს შეიარაღებულ დაჯგუფება „ჯაიშ ალ ადლის“ ორ ბაზაზე სარაკეტო იერიში განახორციელა.

ოთხშაბათ დილით, პაკისტანის საგარეო საქმეთა უწყების პრეს-მდივანმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ისლამაბადი მომხდარს გმობს და ამბობს, რომ ინციდენტს შეიძლებოდა „სერიოზული შედეგები მოჰყოლოდა“. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი აარ გაუკეთებია.

ორშაბათს, ირანის ელიტურმა რევოლუციურმა გვარდიამ ერაყსა და სირიაში რამდენიმე ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ადრე, დაჯგუფება „ჯაიშ ალ ადლმა“ პაკისტანის სასაზღვრო რაიონში ირანის უსაფრთხოების ძალებზე რამდენიმე თავდასხმა მოაწყო.

ირანის სახელმწიფო მედიამ დეტალების დაზუსტების გარეშე ეს ინფორმაცია გაავრცელა: „ამ ბაზებს რაკეტებით და დრონებით დაარტყეს და გაანადგურეს“.

ირანის უსაფრთხოების უმაღლეს ორგანოსთან დაკავშირებული „ნურნიუსის“ ცნობით, სამიზნე ბაზები პაკისტანის ბელუჯისტანის პროვინციაში იყო განლაგებული. პაკისტანის განცხადებაში კი ინციდენტის ადგილი ან საჰაერო სივრცის დარღვევის კონკრეტული დეტალები არ დაუსახელებიათ, თუმცა ითქვა, რომ პაკისტანმა თეირანთან უკმაყოფილება გამოხატა და ისლამაბადში ირანის მისიის ხელმძღვანელი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

„შედეგებზე პასუხისმგებლობა სრულად ირანს დაეკისრება“, - ითქვა პაკისტანის განცხადებაში და იქვე დაამატეს, რომ ინციდენტი ირანთან კომუნიკაციის რამდენიმე არხის არსებობის მიუხედავად მოხდა.

პაკისტანის სამხედრო უწყებას კომენტარის თხოვნაზე პასუხი "როიტერის" ჟურნალისტებისთვის ჯერჯერობით არ გაუცია.

XS
SM
MD
LG