ირანის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურ სტუდენტებს უმაღლესი განათლების სასწავლო პროგრამებზე წვდომას უზღუდავს. განცხადებაში, რომელიც „ბეჰეშტის“ უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა ნათქვამია, რომ ახალი წესები ყველა სტუდენტს შეეხება და ასპირანტურაზე სწავლას გააგრძელებენ მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებსაც არ ექნებათ არანაირი დისციპლინური დარღვევა.
ახალი წესი გულისხმობს, რომ თუ სტუდენტს დისციპლინური დარღვევა ექნება, დაწყებული უნივერსიტეტის დისციპლინური საბჭოდან მეცნიერების სამინისტომდე, ის უმაღლესი განათლების სასწავლო პროგრამაზე არ დაიშვება.
ირანელი სტუდენტები ამბობენ, რომ მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში მსგავსი მიდგომა უკვე შეეხო რამდენიმე სტუდენტს, რომლებსაც ასპირანტურაში ჰქონდათ ჩაბარებული, თუმცა მათი სტატუსები გაუქმდა.
სტუდენტთა ნაწილი ამბობს, რომ ასპირანტურაში სწავლა ახლა დამოკიდებულია უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურზე, რომელმაც უნდა გასცეს ცნობა ამა თუ იმ სტუდენტის შესახებ.
„ბეჰეშტის“ უნივერსიტეტის ეს გადაწყვეტილება განიხილება, როგორც მცდელობა გააჩუმონ მოძრაობის - „ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება“ წევრი სტუდენტები, რომლებიც აქტიურად აპროტესტებენ არსებულ პრობლემებს და ითხოვენ მის მოგვარებას.
„ბეჰეშტის“ უნივერსიტეტის ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო ტალღის პარალელურად მიიღება. ირანელთა ნაწილი ეწინააღმდეგება უნივერსიტეტებში ჰიჯაბის ტარების სავალდებულო წესს. პროტესტს კი საფუძველი მოძრაობამ „ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება“ ჩაუყარა.
სტუდენტები ირანში მეტი სოციალური და პოლიტიკური თავისუფლებისთვის ბრძოლის სათავეში არიან, ამის საპასუხოდ კი ირანის მთავრობა მათ წინააღმდეგ რეპრესიებს აძლიერებს.
ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში სტუდენტების წინააღმდეგ რეპრესიების რამდენიმე ტალღაა იყო. პირველი 1999 წელს უკავშირდება, როცა სტუდენტების საპროტესტო გამოსვლას საერთო საცხოვრებელში მასშტაბური შეტაკებები და აქციის დარბევა მოჰყვა. მაშინ, საპოლიციო ძალების ქმედებას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. შემდეგი ტალღა მაჰსა ამინის სიკვდილს უკავშირდება. 2022 წლის სექტემბერში საუნივერსიტეტო კამპუსები კიდევ ერთხელ იქცა უთანხმოების კერად.
წლების განმავლობაში ირანის ხელისუფლებამ არაერთი აქტივისტი სტუდენტი დააკავა და მათ პატიმრობა მიუსაჯა. ორგანიზაციის „ეიჩარეიენეი“ კვლევაში ნათქვამია, რომ ბოლო არეულობის დროს, ირანის ხელისუფლებამ, სულ მცირე უნივერსიტეტის 700 სტუდენტი დააკავა.
სტუდენთა ნაწილი პარიმტობაში რჩება, ათობით სტუდენტი კი სასწავლებიდან გარიცხეს ან სტატუსი დროებით შეუჩერეს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამ გზით ირანის ხელისუფლება ცდილობს უნივერსიტეტებში ფართო წინააღმდეგობა შეაჩეროს და ჩაახშოს.
Facebook Forum