ღაზის სექტორზე ისრაელის იერიშები გრძელდება. ოთხშაბათს ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადა, რომ პარალელურად მაღალ საბრძოლო მზადყოფნაშია ლიბანური დაჯგუფება "ჰეზბოლასგან" მომდინარე საფრთხეებთან გასამკლავებლადაც. ვითარება მას შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა, რაც ბეირუთში "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერი სავარაუდოდ ისრაელმა დრონით მიტანილი იერიშით მოკლა.
"ჰამასი" და რეგიონში უსაფრთხოების სხვა ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ სალეჰ ალ-არურის მკვლელობა ისრაელის პასუხისმგებლობაა, თუმცა ქვეყანას პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია.
ოთხშაბათს "მოსადის" -ისრაელის დაზვერვის სამსახურის უფროსმა თქვა, რომ სააგენტო იპოვის "ჰამასის" ყველა იმ წევრს, ვინც 7 ოქტომბრის თავდასხმაში ან მის ორგანიზებაში იყო ჩართული, "მიუხედავად იმისა, თუ სად იქნებიან ისინი".
დავიდ ბარნია 1972 წლის მიუნხენის სისხლისღვრას იხსენებს, როცა "მოსადის" აგენტებმა შეძლეს და იპოვეს ის პალესტინელი მებრძოლები, რომლებმაც იმ წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე 11 ებრაელი ათლეტი მოკლეს. ეს განცხადება ბარნიამ სწორედ მაშინ გააკეთა, როცა "მოსადის" ყოფილი ხელმძღვანელის, ზვი ზამირის დასაფლავებაზე მივიდა. ზამირი სააგენტოს 1972 წლის მოვლენებისას ხელმძღვანელობდა.
"ჰეზბოლას" "ჰამასის" მსგავსად ირანი უჭერს მხარს. შეიარაღებული დაჯგუფება ამერიკის შეერთებულ შტატებს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული, ის ოქტომბერში ისრაელის მიერ "ჰამასისთვის" ომის გამოცხადების შემდეგ გამუდმებით უტევს ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარს რაკეტებით და სხვა საშუალებებით. ოთხშაბათსვე "ჰეზბოლას” ლიდერმა ისრაელი სატელევიზიო მიმართვისას ლიბანზე თავდასხმის თაობაზე გააფრთხილა და თქვა, რომ "თუ მტერს ჰგონია, რომ ლიბანთან ომი დაიწყოს, ისინი ყოველგვარი შეკავების და შეზღუდვის გარეშე, ყველა წესის, ლიმიტის გარეშე იბრძოლებენ".
7 ოქტომბერს "ჰამასის" მოულოდნელმა თავდასხმამ ისრაელზე 1200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მოკლულია უმეტესად მშვიდობიანი მოქალაქეები, 240-ზე მეტი კი მძევლად წაიყვანეს, მათგან 129 სავარაუდოდ კვლავ ტყვეობაში რჩება. ისრაელმა "ჰამასს" ომი გამოუცხადა და ღაზის სექტორის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო, ოფიციალური ცნობებით, ამ დროისთვის საბრძოლო მოქმედებებისას ისრაელის 174 ჯარისკაცია მოკლული.
გაეროს ცნობით კი, ღაზაში მცხოვრები 2.3 მილიონი მოქალაქიდან 85 % იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა. ადგილობრივი ჯანდაცვის უწყება, რომელსაც "ჰამასი" აკონტროლებს, ამბობს, რომ სექტორში 22 000-ზე მეტი მოქალაქეა მოკლული.