ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის ტანკები რაფაში შევიდა


მართლმასჯულების საერთაშორისო სასამართლოს ორდერის მიუხედავად - შეეწყვიტა ქალაქზე თავდასხმები, ისრაელმა სამშაბათს პირველად გაგზავნა ტანკები რაფას ცენტრში. ღაზის სექტორის სხვა ნაწილებიდან იძულებით გადააადგილებულ პალესტინელთა უდიდესი ნაწილი თავს სწორედ რაფას აფარებს.

ისრაელის უახლოესმა მოიკავშირემ, შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ რაფაში ისრაელის სახმელეთო შეტევას ეწინააღმდეგება. ვაშინგტონმა სამშაბათს განაცხადა, რომ არ სჯერა, რომ ოპერაცია მიმდინარეობს.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“, რაფას მოსახლეობაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოთხშაბათს ისრაელის ტანკები დასავლეთ რაფაში, თელ ალ-სულთან და იბანში, ასევე ცენტრში, შაბურის მახლობლად შევიდნენ. შემდეგ კი უკან, ბუფერულ ზონაში, ეგვიპტის საზღვართან გადავიდნენ.

ისრაელის ჯარი აკონტროლებდს ბუფერული ზონის სამ მეოთხედს და ცდილობს მისი კონტროლის შენარჩუნებას, რათა „ჰამასს“ იარაღის კონტრაბანდაში ხელი შეუშალოს, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველმა, ცაჩი ჰანეგბიმ. ის ელის, რომ ღაზაში ბრძოლა, სულ მცირე, 2024 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

„ჰამასმა“ და მისი მოკავშირე „ისლამური ჯიჰადის“ შეიარაღებულმა ქვედანაყოფებმა განაცხადეს, რომ ისინი ისრაელის ძალებს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებითა და ნაღმმტყორცნებით დაუპირისპირდნენ და წინასწარ განთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობები ააფეთქეს.

ისრაელის სამხედრო ოფიციალურმა პირებმა, დამატებითი დეტალების გამოქვეყნების გარეშე განაცხადეს, რომ ღაზის სამხრეთით ბრძოლაში სამი ჯარისკაცი დაიღუპა და სამი მძიმედ დაიჭრა. ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელმა Kan Radio-მ განაცხადა, რომ ისინი რაფაში მდებარე შენობაში განთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად დაშავდნენ.

"ჰამასის" მიერ კონტროლირებული ღაზის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, აღმოსავლეთ რაფაში ისრაელის იერიშების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, ასევე დაიწვა რამდენიმე მაღაზია. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ისრაელის ძალების დაბომბვის შედეგად, განადგურდა საცხოვრებელი სახლებიც.

ისრაელმა "ჰამასს" ომი 7 ოქტომბერს დაჯგუფების მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ გამოუცხადა. თავდასხმას 1200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 240-ზე მეტი კი ღაზაში მძევლად წაიყვანეს. ამის შემდეგ ისრაელმა ღაზაში საჰაერო და სახმელეთო სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რომელსაც ადგილობრივი, "ჰამასის" მიერ კონტროლირებადი უწყებების თქმით, რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მეტწილად ქალები და ბავშვები. ამჯერად ისრაელი ღაზის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფას უტევს, სადაც თავს უამრავი დევნილი აფარებს.

XS
SM
MD
LG