ადგილობრივების ცნობით, ისრაელმა იერიში დაიწყო ქალაქ რაფაში. ეს პალესტინელების თქმით, ევაკუაციის საჭიროების გაფრთხილებიდან რამდენიმე საათში მოხდა. რაფა ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარეობს. ქალაქსა და მის შემოგარენს ის უამრავი ადამიანი აფარებს თავს, ვინც ისრაელის სამხედრო მოქმედებების შედეგად, სექტორის დანარჩენი ნაწილები დატოვა.
ისრაელი ქალაქში "ჰამასის" ობიექტებზე სრულმასშტაბიანი თავდასხმით იმუქრება, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები კი ქაიროში წინ არ მიდის.
ისრაელს კონკრეტული კომენტარები არ გაუკეთებია. თუმცა, "ჰამასთან" დაკავშირებული ტელეარხი აცხადებს, რომ იერიშის სამიზნე რაფას აღმოსავლეთ ნაწილი იყო. თავდასხმის თაობაზე გაფრთხილებები არაბულ ენაზე გაგზავნილი სატელეფონო შეტყობინებებით, ზარებით და ბროშურებით გაავრცელეს და პალესტინელებს "გაფართოებული ჰუმანიტარული ზონისკენ" წასვლა ურჩიეს. მოქალაქეების ნაწილი, ოჯახის წევრებთან ერთად, ამ 20 კმ-იან "გაფართოებულ ჰუმანიტარულ ზონისკენ" გაემართა.
დაჯგუფება "ჰამასის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევაკუაციის თაობაზე ეს გაფრთხილება "სახიფათო ესკალაციაა", რომელსაც შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს. "ამერიკის ადმინისტრაცია, ოკუპაციასთან ერთად, ამ ტერორიზმზეც პასუხისმგებელია", - თქვა სამი აბუ ზუჰრიმ, "ჰამასის" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. დაჯგუფება ამერიკასა და დასავლეთის ბევრ დემოკრატიულ სახელმწიფოში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული. ისრაელმა "ჰამასს" ომი 7 ოქტომბრის თავდასხმის საპასუხოდ გამოუცხადა.
საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები ამბობენ, ევაკუაციის საჭიროება კიდევ უფრო გაართულებს მდგომარეობას ქალაქში, სადაც 7-თვიანი ომის პირობებში ასობით ათასი დევნილი ჩავიდა.
"მილიონზე მეტი იძულებით გადასახლებული პალესტინელის რაფადან ევაკუაცია, მით უფრო უსაფრთხო დანიშნულების ადგილის გარეშე, არა მხოლოდ უკანონოა, არამედ კატასტროფულ ლშედეგებამდეც შეიძლება მიგვიყვანოს", - ამბობს ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია "მოქმედება-დახმარება".
ისრაელის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ ევაკუაციის მოწოდება "მცირე მასშტაბის" ოპერაციისთვის გასცა, თუმცა არ დაუკონკრეტებია მოჰყვება თუ არა ამას შეტევითი სამხედრო მოქმედებები.