ისრაელის ძალებმა სამშაბათს ეგვიპტესა და სამხრეთ ღაზას შორის მთავარი სასაზღვრო გასასვლელი დაიკავეს.
ამერიკის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობილმა, დაჯგუფება "ჰამასმა" ისრაელი დაადანაშაულა, რომ ცდილობს ხელის შეუშალოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
ისრაელის არმიის მიერ გავრცელებულ კადრებში ნაჩვენებია ტანკები, რომლებიც მოძრაობენ რაფაში, ხოლო ისრაელის დროშა აღმართულია ღაზის მხარეს.
გაეროს და სხვა საერთაშორისო დახმარების სააგენტოებმა განაცხადეს, რომ ორი გადასასვლელის დახურვამ სამხრეთ ღაზისკენ - რაფასა და ისრაელის მიერ კონტროლირებად კერემ შალომში- ღაზა პრაქტიკულად გარე დახმარებისგან სრულიად მოწყვიტა.
ეგვიპტეში წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციიდან წყაროებმა განაცხადეს, რომ ჰუმანიტარული დახმარების გადაზიდვები ღაზის მიმართულებით მთლიანად შეჩერებულია. ეგვიპტე არ აძლევს უფლებას პალესტინელ ლტოლვილებს, მისი საზღვარი გადაკვეთონ.
რაფას გადასასვლელის დაკავება მოხდა შეერთებული შტატების, სხვა მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანოების მიერ გაკეთებული მოწოდების მიუხედავად. ისინი სთხოვდნენ ისრაელს, რომ თავი შეეკავებინა რაფაზე იერიშისგან, იქამდე სანამ "ჰამასის" აყვანილი მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება არ იქნებოდა მიღწეული.ხოლო ისრაელის თქმით, ეს არის "ჰამასის" მებრძოლების ბოლო დასაყრდენი და ამ ბატალიონების განადგურება, მათი სამხედრო მიზნისთვის კრიტიკულია.
თუმცა რაფა ასევე თავშესაფარია მილიონზე მეტი დევნილი პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქისთვის. მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც ბოლო 7 თვის განმავლობაში, თითქმის განუწყვეტელი დაბომბვის გამო, იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა, რაფაში გადავიდა.
ოჯახების უმეტესობა კარვებს აფარებს თავს, სადაც სუფთა წყლის, საკვებისა და მედიკამენტების მწვავე უკმარისობაა. სააგენტოები ამბობენ, რომ შიმშილის საშიშროება გაჩნდა, რადგან უმჭიდროვესად დასახლებულ სექტორში, ახლა უკვე ჰუმანიტარული დახმარება ვეღარ შედის.