ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცეცხლის შეწყვეტაზე ისრაელსა და "ჰამასს" შორის შეთანხმება ისევ ჩაიშალა


6 მაისს, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დარეგულირებაში მონაწილე შუამავლებს იმედი გაუჩნდათ, რომ ისინი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ მოლაპარაკება კიდევ ერთხელ ჩაიშალა. თავიდან "ჰამასმა" განაცხადა, რომ ეგვიპტის და კატარის შეთავაზებულ პირობებზე თანახმა იყო. მოგვიანებით კი, ისრაელის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მათ შორის მიღწეული არ არის.

საინფორმაციო სააგენტო "როიტერთან" ისრაელის მთავრობის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით თქვა, რომ "ჰამასს" ეგვიპტემ ზავის პირობების კიდევ უფრო შერბილებული ვერსია მიაწოდა, რაც ისრაელისთვის სრულიად მიუღებელი იყო. მისი თქმით, ამის მიზანი მხოლოდ ერთი რამ შეიძლებოდა ყოფილიყო: "ისე წარმოეჩინათ, თითქოს შეთანხმება ისრაელმა ჩაშალა".

განცხადებამდე სულ რამდენიმე საათით ადრე, "ჰამასმა" მოკლე განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ისმაილ ჰანიემ კატარისა და ეგვიპტის შუამავლებს აცნობა, რომ მათ მიერ შეთავაზებული, ცეცხლის შეწყვეტის წინადადება მიიღეს. განცხადებაში შეთანხმების დეტალები დაკონკრეტებული არ ყოფილა.

"ჰამასის" ამ განცხადებას კი, ასევე რამდენიმე საათით, წინ უსწრებდა ისრაელის ბრძანება, სექტორის ქალაქ რაფაში მოსახლეობის ევაკუაციის თაობაზე. ქალაქი ღაზის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და სექტორის მოსახლეობის თითქმის ნახევრისთვის, დაახლოებით 2.3 მილიონი დევნილი პალესტინელის უკანასკნელი თავშესაფარია.

ღაზის სექტორში ცეცხლის თუნდაც დროებითი შეწყვეტის შესახებ წარმატებული შეთანხმება, მხარეებს შორის გასული წლის ნოემბრის შემდეგ არ ყოფილა. მაშინ სექტორში მიმდინარე ომში, ჰუმანიტარული დახმარების შეტანის მიზნით, მხოლოდ ერთკვირიანი პაუზა გამოცხადდა.

ღაზის სექტორში "ჰამასთან" ომს, ისრაელი როგორც საჰაერო იერიშებით, ისე ქვეითი ჯარის მეშვეობით, 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ აწარმოებს. მანამდე, ისრაელში "ჰამასის" მოულოდნელი შეჭრის შედეგად, მისმა წევრებმა, იქ 1 200 ადამიანი მოკლეს, 253 კი გაიტაცეს და ღაზის სექტორში მძევლად წაიყვანეს. ნაწილი კვლავ "ჰამასის" ტყვეობაში იმყოფება. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იმეორებს, რომ ომს "ჰამასის" სრულ განადგურებამდე გააგრძელებს.

"ჰამასის" მიერ კონტროლირებული პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების თანახმად, ისრაელის იერიშებს, ამ შვიდი თვის განმავალობაში, ღაზაში 35 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. ღაზას, ჯანდაცვის სექტორის ჩათვლით, "ჰამასი" აკონტროლებს. შეერთებულ შტატებსა და დასავლეთის ბევრ ქვეყანას, „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG