ისრაელის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. ორშაბათს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან პასუხისმგებლობა აიღო იმ წარუმატებლობებზე, რამაც საშუალება მისცა “ჰამასს” 7 ოქტომბერს თავს დასხმოდა ისრაელს.
გენერალ-მაიორი აჰარონ ჰალივა, 38 წლის სამხედრო ვეტერანი, ისრაელის მაღალჩინოსანთა შორის, ერთ-ერთია, რომელმაც განაცხადა, რომ მათ ვერ განჭვრიტეს და თავიდან აიცილეს ყველაზე სასიკვდილო თავდასხმა ისრაელის ისტორიაში.
"ჩემი მეთაურობით დაზვერვის განყოფილებამ ვერ შეასრულა ის დავალება, რომელიც ჩვენ გვაქვს. მას მერე თან მდევს ის შავი დღე”, - ვკითხულობთ გადადგომის წერილში, რომელიც სამხედროებმა გამოაქვეყნეს.
ჰალივა თანამდებობაზე დარჩება მანამ, სანამ მისი შემცვლელის ვინაობა არ დასახელდება. 7 ოქტომბრის თავდასხმამ შელახა ისრაელის სამხედრო და სადაზვერვო სამსახურების რეპუტაცია, რომელიც მანამდე პრაქტიკულად დაუმარცხებლად ითვლებოდა.
7 ოქტომბრის გამთენიიას, ინტენსიური სარაკეტო იერიშის ფონზე, “ჰამასის” და სხვა დაჯგუფებების ათასობით მებრძოლმა გაარღვია უსაფრთხოების ბარიერები ღაზის გარშემო და ისრაელში შეიჭრა. დაახლოებით 1,200 ისრაელელი და უცხოელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად, მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. დაახლოებით 250 ადამიანი ტყვედ წაყვანეს ღაზაში. ისრაელის მონაცემებით, 133 მათგანი მძევლად რჩება.
შეიარაღებული ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერცი ჰალევიმ და შიდა სადაზვერვო სააგენტოს, შინ ბეტის ხელმძღვანელმა, რონენ ბარმა პასუხისმგებლობა აიღეს თავდასხმის შემდეგ. თუმცა ორივე მათგანი თანამდებობაზე დარჩება იქამდე, სანამ ღაზაში ომი გრძელდება.
ამის ფონზე, პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ჯერჯერობით არ იღებს პასუხისმგებლობას 7 ოქტომბრის თავდასხმაზე, თუმცა გამოკითხვები მიუთითებს, რომ ისრაელის უმეტესობა მას ადანაშაულებს იმაში, რომ არ გააკეთა საკმარისი მომხდარის თავიდან ასაცილებლად.
თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელმა დაიწყო ომი ღაზის წინააღმდეგ, რამაც, “ჰამასის” კონტროლირებადი ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, 34,000-ზე მეტი პალესტინელი იმსხვერპლა მჭიდროდ დასახლებული ანკლავი კი ნანგრევებად აქცია.
Facebook Forum