ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-მდე დრონი და რაკეტა გაუშვა


 საჰაერო თავდაცვის სისტემა, აშკელონი, ისრაელი.
საჰაერო თავდაცვის სისტემა, აშკელონი, ისრაელი.

რა ვიცით ამ დრომდე:

  • ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა.
  • ისრაელის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ მოახერხა მათი უმეტესობის ქვეყნის ტერიტორიის მიღმა ჩამოგდება. გავრცელებული ინფორმაციით, ირანმა თითქმის 200-მდე დრონი და რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით.
  • შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უქმეებზე დელავერის შტატიდან თეთრ სახლში დაბრუნდა, ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდა და განაცხადა, რომ ამერიკის მხარდაჭერა ისრაელის მიმართ "მტკიცეა".
  • "მე-12 არხის” ცნობით, ისრაელში მიმავალი დრონების ჩამოგდებაში აშშ-ისა და ბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავები მონაწილეობდნენ.
  • ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაასრულა ომის კაბინეტის შეხვედრა და განაცხადა, რომ ისრაელი გადაწყვეტს როგორ უპასუხოს ირანის შეტევას.
  • ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, მექსიკამ, ჩეხეთმა, დანიამ და ნიდერლანდებმა დაგმეს ირანის თავდასხმა.

13-14 აპრილის ღამეს ირანმა ისრაელზე დრონებითა და რაკეტებით იერიში მიიტანა. ეს თეირანის თქმით, ისრაელის მიერ 1 აპრილს, დამასკოში მის საკონსულოზე განხორციელებული იმ თავდასხმის საპასუხო ნაბიჯია, რომელსაც ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის მეთაური და ექვსი ოფიცერი მოკლა.

ღამით ისრაელის მასშტაბით საჰაერო გამაფრთხილებელი სირენები გაისმა და ადგილობრივ მედიაში დრონების ჩამოგდების ვიდეოები გამოქვეყნდა. ხელისუფლების ცნობით, ამ დრომდე, თავდასხმის შედეგად მძიმედ დაშავდა 7 წლის გოგონა.

მას შემდეგ, რაც თეირანმა ისრაელის მიმართულებით დრონები გაგზავნა, გაეროში ირანის მისიამ განაცხადა, რომ მათ მიერ ისრაელზე მიტანილი იერიში, პასუხი იყო ისრაელის მიერ დამასკოში ირანის საკონსულოზე განხორციელებულ თავდასხმაზე და რომ “საკითხი შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს”.

“ირანის სამხედრო ქმედება იყო პასუხი სიონისტური რეჟიმის აგრესიაზე დამასკოში ჩვენი დიპლომატიური შენობების წინააღმდეგ”, - განაცხადა მისიამ “X”-ზე.

“საკითხი შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს. თუმცა, თუ ისრაელის რეჟიმი კიდევ ერთ შეცდომას დაუშვებს, ირანის პასუხი გაცილებით მკაცრი იქნება. ეს არის კონფლიქტი ირანსა და ისრაელის თაღლითურ რეჟიმს შორის, რომლისგანაც შეერთებული შტატები შორს უნდა დარჩეს!” - აცხადებს თეირანის მისია გაეროში.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა დაგმო ირანის თავდასხმა და თქვა, რომ „ღრმადაა შეშფოთებული რეგიონის მასშტაბით დამანგრეველი ესკალაციის რეალური საფრთხის გამო“.

საპასუხოდ, ისრაელი აცხადებს, რომ უპასუხებს ირანის ამ ქმედებას. ირანის თქმით, პასუხს მათი მხრიდანაც მოჰყვება რეაგირება.

ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და საჰაერო თავდასხმის მიმდინარეობის ფონზე, “როიტერი” სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ დრონების ნაწილი, შეერთებული შტატების არმიამ ჩამოაგდო. ოფიციალურ პირებს არ დაუდასტურებიათ ჩამოგდებული დრონების რაოდენობა.

ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, მექსიკამ, ჩეხეთმა, დანიამ, ნორვეგიამ და ნიდერლანდებმა დაგმეს ირანის თავდასხმა.

ირანი აქამდე აცხადებდა, რომ დამასკოში მის საკონსულოზე მომხდარ თავდასხმაზე შურისძიებას აპირენდა. ისრაელი კი დღემდე არც ადასტურებს და არც უარყოფს ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას.

13 აპრილს, იქამდე, სანამ ირანი ისრაელზე იერიშს მიიტანდა, ქვეყნის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს IRNA-ს ინფორმაციით, თეირანმა ირანის წყლებში პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავი გემი "MSC Arie" დააკავა, ვერტმფრენიდან დესანტის გადასხმის გზით. თეირანის თქმით, გემი ისრაელთან იყო დაკავშირებული.

MSC, რომელიც მართავს Aries-ს, ადასტურებს, რომ ირანმა გემი დაიკავა და ის მუშაობს "შესაბამის ორგანოებთან" მისი უსაფრთხო დაბრუნებისა და ეკიპაჟის 25 წევრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა ირანი მეკობრეობაში დაადანაშაულა.

XS
SM
MD
LG