შვიდი წყაროს ცნობით, ირანის „ქადსის“ ძალების მეთაური თებერვალში ბეირუთს ეწვია, რათა იმ დროს, როდესაც მისი მოკავშირე „ჰამასი“ ღაზაში თავდასხმის ქვეშაა, ემსჯელა იმ რისკზე, თუ ისრაელის შემდეგი სამიზნე ლიბანის „ჰეზბოლა“ გახდება, რასაც თეირანის მთავარი რეგიონული მოკავშირისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეეძლება.
წყაროების ცნობით, ისრაელზე 7 ოქტომბრის სასტიკი თავდასხმის და ღაზაზე ისრაელის საპასუხო დამანგრეველი დარტყმების შემდეგ, „ქადსის“ მეთაური ესმაილ ქაანი „ჰეზბოლას“ ლიდერ საიდ ჰასან ნასრალას ბეირუთში, სულ ცოტა, მესამედ შეხვდა.
წყაროებმა თქვეს, რომ საუბარი შეეხო ლიბანში ისრაელის სრული ძალით თვდასხმის შესაძლებლობას და ამასთანავე შიიტური ისლამისტური ჯგუფისთვის ზიანის მიყენებას. ვითრების ასეთმა გამწვავებამ შესაძლოა ირანი აიძულოს უფრო მკვეთრი რეაქცია ჰქონდეს, ვიდრე 7 ოქტომბრის შემდეგ ჰქონდა.
გასული ხუთი თვის განმავლობაში, ისრაელის შეურიგებელმა მტერმა „ჰეზბოლამ“ „ჰამასისადმი“ მხარდაჭერა ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე რაკეტების შეზღუდული ზალპებით გამოხატა.
წინა შეხვედრის დროს, რომლის შესახებაც ადრე ცნობები არ გავრცელებულა, ნასრალამ ქაანი დაარწმუნა, რომ არ სურს ირანი ისრაელთან ან შეერთებულ შტატებთან ომში ჩაერთოს და „ჰეზბოლა“ დამოუკდებლად იომებს. „ეს ჩვენი ომია“, უთხრა ნასრალამ ქაანის.
ისრაელის შეზღუდულმა დარტყმებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ 300-ზე მეტი მებრძოლი და დაახლოებით 50 სამოქალაქო პირი იმსხვერპლა. ლიბანიდან დარტყმებმა კი ისრაელში 12 ჯარისკაცი და ექვსი სამოქალაქო პირი მოკლა.