ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეორე ფრონტის მოლოდინში - "ჰამასი" ანგარიშგასაწევი მტერია, მაგრამ "ჰეზბოლასთან" შედარებით ისინი დამწყები მოთამაშეები არიან


7 ოქტომბერსჰამასისთავდასხმის შემდეგ, ისრაელმა ღაზაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რომელიც თავდაპირველად საჰაერო იერიშებისგან შედგებოდა და მოგვიანებით ურბანულ ომში გადაიზარდა. შეერთებული შტატები ისრაელს აქტიურ სამხედრო დახმარებას უწევს და მის სხვა მოწინააღმდეგეებს აფრთხილებს, რომ „ჰამასისდასახმარებლად ომში პირდაპირ არ ჩაერთონ. ეს განსაკთრებით ლიბანურ შეარაღებულ დაჯგუფებაჰეზბოლასდა ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეხება.

ამერიკის ხმა“ „დემოკრატიების დაცვის ფონდისსამხედრო და პოლიტიკური განყოფილების დირექტორ ბრედ ბაუმანსა და უფროს მკვლევარ რაიან ბრობსტს ესაუბრა, რომლებიც ისრაელის სამხედრო შესაძლებლობებს აფასებენ. ია მეურმიშვილთან ინტერვიუში ისინი აფასებენ იმას, შეუძლია თუ არა შეერთებულ შტატებს ერთდროულად გაუწიოს სამხედრო დახმარება ისრაელს, უკრაინასა და ტაივანს.

ინტერვიუს თარგმანი დარედაქტირებულია მისი შემოკლებისა და სიცხადის მიზნით.

ამერიკის ხმა: რაიან, როგორ აფასებთ ისრაელის სამხედრო შესაძლებლობებს და იარაღის მარაგს განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს, სავარაუდოდ, არ იქნება ხანმოკლე ომი?

რაიან ბრობსტი: ისრაელის მთავარი უპირატესობა ამ ბრძოლაში არის მისი საჰაერო ძალა და კონკრეტულად თვითმფრინავებიდან გაშვებული ზუსტი მართვადი საბრძოლო მასალა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ისრაელისთვის ამ ზუსტი დამიზნების იარაღის მიწოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი შეიძლება უფრო დიდი იყოს.

ამერიკამ უკვე დააჩქარა მცირე დიამეტრის ათასობით ბომბის პირდაპირი კომერციული მიყიდვა ისრაელისთვის. ასევე გადაწყდა 1800 მართვადი - ჯი-პი-ეს სისტემიანი - საავიაციო ბომბისა და მათი კუდების კომპლექტების მიყიდვა. სახელმწიფო დეპარტამენტმა 320 მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალის გადაცემა დაამტკიცა. ყველაზე დიდი სირთულე, რაც ისრაელის ძალებს შეხვდება, არის ბრძოლა ღაზის ქუჩებში. ნებისმიერი ურბანული ბრძოლა უკიდურესად ძნელია და მოითხოვს მჭიდრო კოორდინაციას ქვეითებს, ჯავშანტექნიკას, არტილერიასა და საჰაერო მხარდაჭერას შორის. ისრაელს დიდი დრო დასჭირდება “ჰამასისგან” იმ გვირაბების გასასუფთავებლად, რომლებიც სამოქალაქო შენობების ქვეშ მდებარეობს.

ამერიკის ხმა: რა ვიცითჰამასისგვირაბების ქსელის კომპლექსურობაზე და რა შესაძლებლობები აქვს ისრაელს მათ აღმოსაჩენად და დასალუქად?

რაიან ბრობსტი: გვირაბების ინფრასტრუქტურა ძალიან ფართოა, რადგან “ჰამასი” მათ წლების განმავლობაში აშენებდა. ზოგიერთი მათგანი მიწის ქვეშ რამდენიმე ათეული მეტრის სიღრმეშია მოთავსებული. მათი დანგრევა მხოლოდ დიდი ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებით არის შესაძლებელი, რაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის რისკს ზრდის. როდესაც ისრაელი ამ ბომბებს იყენებს, ამას შეუძლია შენობების საძირკველის შერყევა. ხანდახან ხედავთ როგორ ინგრევა მიმდებარე შენობები ისრაელის მიერ გვირაბებზე თავდასხმების შემდეგ, რადგან ისინი შენობების ქვეშ მდებარეობს. გვირაბების სიგრძე ასობით კილომეტრია და ისრაელის ჯარისკაცების გვირაბებში შესვლა უკიდურესად საშიშია. ერთი კარგი ის არის, რომ იმასთან ერთად, რომ გვირაბები კარგი თავშესაფარია, ისინი ასევე შეიძლება იქცეს ხაფანგად თუ მისი ყველა შესასვლელი დაილუქა, რასაც ისრაელი ცდილობს.

ამერიკის ხმა: როგორია ლიბანურიჰეზბოლასპოზიცია და რამდენად არის შესაძლებელიჰეზბოლამისრაელს მეორე ფრონტი გაუხსნას?

ბრედ ბაუმანი: ისრაელზე შვიდი ოქტომბრის ტერაქტის შემდეგ პრეზიდენტმა ბაიდენმა რამდენიმე ძლიერი მიმართვა გააკეთა. მან კამერას პირდაპირ შეხედა და თქვა: თუ ფიქრობთ ომში ჩართვას - ეს არ გააკეთოთო! ამის შემდეგ თავდაცვის მდივანმა ოსტინმა იგივე გზავნილი გაიმეორა. ვის ესაუბრებიან ისინი ამ მესიჯებით? ვის და ირანის ისლამურ რესპუბლიკას და ლიბანში მის მოკავშირე „ჰეზბოლას“. მიუხედავად იმისა, რომ "ჰამასი" ანგარიშგასაწევი მოწინააღმდეგეა, ისინი „ჰეზბოლასთან“ შედარებით, დამწყები მოთამაშეები არიან.

ამისთვის მხოლოდ ერთი ფაქტის გათვალისწინებაც საკმარისია, რომელსაც ხშირად იმეორებენ, რომ „ჰეზბოლას“, სავარაუდოდ, 150 000-დან 200 000-მდე რაკეტა, ჭურვი და ნაღმტყორცნის ნაღმი აქვს. ამჯერად „ჰამასმა“ ისრაელისკენ 8-9 ათასი რაკეტა და ჭურვი გაისროლა. წარმოიდგინეთ რამდენად მასშტაბური იქნება ისრაელისთვის „ჰეზბოლას“ იერიშის მოგერიება, თანაც თუ გაიზრდება ზუსტი მართვადი საბრძოლო მასალის რაოდენობა. ისრაელისთვის მათთვის გზის გადაჭრა, როდესაც ისინი ჰაიფას, თელ-ავივის, დამონას ან ქიმიური ქარხნის მიმართულებით მიფრინავს. თუ ისრაელს ერთდროულად მოუწევს გამკლავება "ჰამასთან" და დიდი ომი "ჰეზბოლასთან", ეს მართლაც მძიმე, ძალიან მძიმე სიტუაცია იქნება ისრაელისთვის და გონივრულად მოსალოდნელი იქნება კიდევ ათასობით მსხვერპლი ისრაელის მხრიდან.

სწორედ ამიტომაც შეიყვანა ბაიდენის ადმინისტრაციამ ავიამზიდი "აიზენჰაუერი" და მისი დამრტყმელი ჯგუფი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში და რეგიონში ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა გემი გაგზავნა.

ამერიკის ხმა: რა შეგიძლიათ თქვათრკინის გუმბათზე” - რამდენად შეძლებს ის თავი გაართვას მასობრივ იერიშებს და ეხმარება თუ არა შეერთებული შტატები ისრაელს მის გაძლიერებაში?

რაიან ბრობსტი: ისრაელის “რკინის გუმბათის” მხარდასაჭერად, ამერიკამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ ისინი ისრაელს გადასცემენ „ტამირის“ გზაგადამჭრელებს “რკინის გუმბათისთვის”. ჩვენ ასევე მივაწოდებთ მათ “რკინის გუმბათის” ორ ბატარეას, რომლებიც ისრაელისგან გვქონდა ნაყიდი, მაგრამ ახლა უკან დავუბრუნებთ. მოსალოდნელია დამატებითი „ტამირის“ ტიპის გზაგადამჭრელების გადაცემაც. სამწუხარო ამბავი ის არის, რომ მათი სასურველი მარაგი არ არსებობს და წარმოების გაზრდას მნიშვნელოვანი დრო დასჭირდება. ასევე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი შეძლებენ “ჰეზბოლას” გაშვებული ყველა რაკეტისთვის გზის გადაკვეთას იმ შემთხვევაში, თუ “ჰეზბოლა” სრულად ჩაერთვება კონფლიქტში. “ჰეზბოლას” აქვს ზუსტი მართვადი საბრძოლო მასალები და ისრაელს დასჭირდება თითოეული მათგანისთვის გზის გადაჭრა, რადგან ამ რაკეტებს მიზანში მოხვედრის უფრო დიდი შანსი აქვს.

ამერიკის ხმა: რამდენად გაუწევენ პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებებს ანგარიშს მაგალითად თეირანი ანჰეზბოლა”? დიდი ომის თავიდან ასაცილებლად საკმარისი კეთდება?

ბრედ ბაუმანი: ვფიქრობთ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა და მისი ტერორისტული წარმომადგენლები ნამდვილად არ ექცევიან ვაშინგტონში გაკეთებული განცხადებების ან დიპლომატიური კომუნიკეების შთაბეჭდილებების ქვეშ. დამწუხრებით, მაგრამ გულწრფელად ვამბობ, რომ ენა, რომელიც მათთვის არის გასაგები, ძალის ენაა. ირანს არ უნდა შევუქმნათ შთაბეჭდილება, რომ მას და მის მარიონეტებს შეუძლიათ განახორციელონ თავდასხმები ამერიკის ძალებზე. მე დიდი ხანია ვკამათობ ამერიკის სამხედრო ძალების უკეთეს პოზიციონირებაზე იმისთვის, რომ ვიმუშაოთ ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან აგრესიის უკეთ შესაჩერებლად. ვფიქრობ, ეს ადმინისტრაცია იქმნის საფრთხეს, მოწინააღმდეგეებს აფიქრებინოს, რომ ვაშინგტონი ლაპარაკის მეტს არაფერს აკეთებს. ახლა ნომერ პირველი სტრატეგიული მიზანი, "ჰამასთან" ომის კონტექსტში, ისრაელისთვის დროის, სივრცისა და შესაძლებლობების მიცემაა, რომ ისრაელმა თეირანის ჭადრაკის დაფიდან "ჰამასის" ჭადრაკის ფიგურის მოშორება და "ჰეზბოლასთან" დიდი ომის პრევენცია შეძლოს.

ვფიქრობ, რომ ადმინისტრაცია ცდება იმ მხრივ, რომ უფრო მეტს ამბობს, ვიდრე - აკეთებს. სამხედრო ძალას აახლებს, მაგრამ არ იყენებს. ვფიქრობ, ეს ჩვენი მოწინააღმდეგეების არასწორი აღქმის გამო ხდება. ირანის ისლამურ რესპუბლიკას და მისი მარიონეტებს საფასური უნდა გავუზარდოთ ჩვენზე თავდასხმისთვის. ჩვენ არ გვინდა ბრძოლა, ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ ჩვენზე თავდასხმის შემთხვევაში მათ უნდა იცოდნენ რას შედეგები მოჰყვება ამას.

ამერიკის ხმა: ადმინისტრაციის მიმართ სამართლიანობისთვის უნდა ავღნიშნოთ, რომ ვაშინგტონი არა მარტო ისრაელს ეხმარება, არამედ უკრაინასა და ტაივანსაც უწევს მხარდაჭერას. აქვს თუ არა ბაიდენის ადმინისტრაციას რესურსი ამ მომენტში იმისთვის, რომ ისრაელს, უკრაინასა და ტაივანს ერთდროულად დაეხმაროს?

რაიან ბრობსტი: მჯერა, რომ ადმინისტრაციას ეს შეუძლია და ეს ნაწილობრივ იმიტომ, რომ იარაღის ბევრი სისტემა, რომელსაც სამივე ქვეყანას ვუგზავნით, ერთმანეთს არ ემთხვევა. მაგალითად, "რკინის გუმბათს" არ იყენებს უკრაინა და ტაივანი. მცირე დიამეტრის ბომბი და მაღალი სიზუსტის რაკეტები, რომლებიც ჩვენ ისრაელს გავუგზავნეთ, ტაივანსა და უკრაინში მნიშვნელოვანი რაოდენობით არ გამოიყენება. ერთი საკითხი, 155 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვებია, სადაც კვეთა გვაქვს. ეს შეიარაღება უკვე დიდი რაოდენობით გაიგზავნა უკრაინაში. ისრაელი ასეთი ჭურვების მნიშვნელოვნად ნაკლებ რაოდენობას იყენებს, ვიდრე უკრაინა.

მაგალითად, ერაყის ომში ფალუჯას მეორე ბრძოლაში, ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა დაახლოებით 6 000 საარტილერიო ჭურვი გამოიყენეს თვენახევარში. ამ რაოდენობის ჭურვებს უკრაინა ყოველდღიურად ისვრის. ისრაელს სჭირდება 155 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები, მაგრამ არა იმ რაოდენობით, როგორც - უკრაინას. ამასთან ამ ჭურვების წარმოება ამერიკაში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უკვე გაორმაგდა და კიდევ უფრო გაიზრდება. ასე რომ, მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში გამოწვევები არის, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში და მთლიანობაში, ადმინისტრაციას შეუძლია დაეხმაროს სამივე დემოკრატიას საკუთარი თავის დაცვაში.

ამერიკის ხმა: როგორ ხედავთ კრემლის როლს ისრაელის ომშიჰამასთან”? რამდენად მოსალოდნელი იყო ისრაელისთვის რუსეთის მხარდაჭერაჰამასისმიმართ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ერთგვარი ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ცდილობდა?

ჩვენ იმაზე უნდა დავფიქრდეთ, რომელი მოდელი მოგვწონს უფრო მეტად? და ჯობია ფრთხილად იყოთ სანამ პუტინის მოდელს ავირჩევთ, რადგან ეს მოდელი მალე მოვა თქვენთან ახლოს.
ბრედ ბაუმანი

რაიანი ბრობსტი: რუსეთი რამდენიმე წელია მასპინძლობს "ჰამასის" დელეგაციებს და აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ ჯგუფთან. რუსეთი 7 ოქტომბრის საშინელ თავდასხმებზე ისრაელის პასუხის მიმართ კრიტიკულია. როგორც მაყურებელმა შეიძლება იცოდეს, რუსეთი ინარჩუნებს სამხედრო ძალას სირიაში, რომელსაც ისრაელი რეგულარულად ესხმის ირანული იარაღის "ჰეზბოლასთვის" მიწოდების აღსაკვეთად. რუსეთს და ისრაელს ერთგვარი შეთანხმება ჰქონდათ, რომ ერთმანეთს ზიანს არ მიაყენებდნენ. მაგრამ ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელმა შეწყვიტა რუსეთის გაფრთხილება სირიაში მიტანილი ამ იერიშების შესახებ, რაც იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად გაფუჭდა ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი აპირებს უშუალო როლის შესრულებას ისრაელ-"ჰამასის" კონფლიქტში, მაგრამ მათ ნამდვილად აქვთ მეორეხარისხოვანი როლი სირიაში და საინტერესო იქნება, თუ როგორ განვითარდება ეს მომავალში ან წარმოიქმნება თუ არა რაიმე დაძაბულობა.

ამერიკის ხმა: რატომ არის მნიშვნელოვანი შეერთებული შტატებისთვის დახმარება გაუწიოს ისრეალს, უკრაინას და ტაივანს?

ბრედ ბაუმანი: შეერთებული შტატების მხარდაჭერა უკრაინისადმი, ჩემი აზრით, არის გონივრული ინვესტიცია და არა - ქველმოქმედება. პენტაგონის ბიუჯეტის დაახლოებით 3,5%-ით უკრაინას ვეხმარებით იმაში, რომ დარტყმა მიაყენოს ჯარს, რომელიც ჩვეულებრივი შეიარაღების მხრივ ჩვენთვის პოტენციური საფრთხეა. ჩვენ ვეხმარებით უკრაინელებს საკუთარი სახლის დაცვაში და პეკინს, ფხენიანსა და თეირანს ვუგზავნით მკაფიო სიგნალს, რომ ამერიკა არ იქნება ნეიტრალური თუ ავტორიტარული მოძალადე საკუთარი მეზობლის დაჩაგვრას მოინდომებს. უკრაინაში ამ ინვესტიციისთვის წამყვანი საფრთხე რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთი ელემენტია, რესპუბლიკური პარტიის, რომელიც რონალდ რეიგანის პარტიაა. თუ რესპუბლიკელებს არ მოსწონთ ავღანეთიდან გაყვანის შედეგები, მათ ნამდვილად არ მოეწონებათ უკრაინის დამარცხების შედეგები გლობალურად და მრავალი წლის განმავლობაში.

რაიან ბრობსტი: დიდი ხანია არსებობს ამერიკული აზრი, რომელიც ამტკიცებს, რომ, ჩვენ დანარჩენ სამყაროს გვაშორებს ორი დიდი ოკეანე, და შეგვიძლია დიდწილად ვიყოთ საკუთარ თავზე დამოკიდებულნი და არ ვიფიქროთ იმაზე, რა ხდება სხვაგან. ამ სენტიმენტმა ამერიკაში პიკს 1930-იან წლებში მიაღწია და ვნახეთ, რა მოჰყვა ამას.

ამერიკის ხმა: ამბობთ, რომ უფრო ჩართული ამერიკა უფრო სტაბილურ სამყაროს ნიშნავს?

ბრედ ბაუმანი: მიუხედავად ჩვენი ნაკლებისა, მთლიანობაში, ვიტყოდი, რომ ამერიკა იყო და არის სტაბილურობისა და მშვიდობის ძალა. 1945 წლის შემდეგ არ მომხდარა დიდი ძალების ომი. ამის უამრავი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. მაგრამ ზოგადად რომ ვთქვათ, შეგვიძლია ის დიდწილად საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულ სისტემას დავუკავშიროთ, რომელიც ამბობს, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ ძლიერი ხარ, არ გაქვს უფლება შენს მეზობელ ქვეყანაში შეიჭრა. უკრაინაში დღეს სწორედ ამაზეა ჭიდილი - რა გაიმარჯვებს - სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების დაცვის პრინციპი თუ პუტინის მოდელი, რომელიც ამბობს, რომ მე უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე - უკრაინა, და ამიტომ მივიღებ იმას, რაც მინდა.

ჩვენ იმაზე უნდა დავფიქრდეთ, რომელი მოდელი მოგვწონს უფრო მეტად? და ჯობია ფრთხილად იყოთ, სანამ პუტინის მოდელს აირჩევთ, რადგან ეს მოდელი მალე მოვა თქვენთან ახლოს.

XS
SM
MD
LG