ირანი სირიაში მის საელჩოზე ისრაელის თავდასხმის შემდეგ დილემის წინაშე დგას: როგორ უნდა უპასუხოს მომხდარს ისე, რომ თავიდან აიცილოს უფრო ფართო კონფლიქტი, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ანალიტიკოსების აზრით, თეირანს არ სურს.
1 აპრილს დამასკოში ირანის საელჩოს შენობაზე თავდასხმის შედეგად, ორი ირანელი გენერალი და ხუთი სამხედრო მრჩეველი დაიღუპა. ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ შურისძიების პირობა დადო.
თეირანს აქვს ვარიანტები. შეუძლია მის მარიონეტულ ჯგუფებს შეერთებული შტატების ძალებზე იერიშის მიტანა სთხოვოს, გამოიყენოს ისინი ისრაელზე პირდაპირი დარტყმისთვის ან გააძლიეროს თავისი ბირთვული პროგრამა, რომლის შეკავებას შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები დიდი ხანია ცდილობენ.
ანონიმურობის დაცვის პირობით საუბრისას, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან, დაესხმებიან თუ არა თავს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები ამერიკის ჯარებს ერაყსა და სირიაში ისრაელის თავდასხმის საპასუხოდ ისე, როგორც ეს წარსულში მომხდარა.
ირანის ასეთი თავდასხმები თებერვალში შეწყდა, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა იორდანიაში შეერთებული შტატების სამი ჯარისკაცის მკვლელობას სირიასა და ერაყში იერიშებით უპასუხა, იმ ძალებზე რომლებიც დაკავშირებულნი არიან ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC).
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ ჯერ არ მიუღიათ სადაზვერვო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანის მხარდაჭერილი ჯგუფები ამერიკულ ჯარზე ცდილობდნენ თავდასხმას. ირანულმა მედიამ განაცხადა, რომ დაიღუპნენ IRGC-ის წევრები, მათ შორის მოჰამედ რეზა ზაჰედი, ბრიგადის გენერალი.
სამშაბათს შეერთებულმა შტატებმა პირდაპირ გააფრთხილა თეირანი მის ძალებზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს.
„ჩვენ უყოყმანოდ დავიცვათ ჩვენს პერსონალს და ვიმეორებთ ჩვენს გაფრთხილებებს ირანისა და მისი მარიონეტების მიმართ, რომ არ ისარგებლონ სიტუაციით... [არ] განაახლონ თავდასხმები ამერიკელ პერსონალზე“, - თქვა გაეროში შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ რობერტ ვუდმა.
ერთ-ერთმა წყარომ, რომელიც ყურადღებით ადევნებს თვალს ამ საკითხს და რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა ახალი ამბების სააგენტო “როიტერთან”, თქვა, რომ ირანს შეექმნა თავსატეხი თუ როგორ უპასუხოს ისრაელის თავდასხმას ისე, რომ თავიდან აიცილოს ყოვლისმომცველი ომი.
„ისინი ნამდვილი დილემის წინაშე აღმოჩნდნენ, თუ ისინი უპასუხებენ, შეიძლება გამოიწვიონ დაპირისპირება, რომელიც აშკარად არ სურთ“, - თქვა მან. „ისინი ცდილობენ თავიანთი ქმედებების მოდულირებას ისე, რომ აჩვენონ, რეაგირებენ, მაგრამ არ სურთ ესკალაცია”, - თქვა მან და აღნიშნა, რომ ირანი შესაძლოა თავს დაესხას ისრაელს, ისრაელის საელჩოებს ან ებრაულ ობიექტებს საზღვარგარეთ.
ამერიკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ისრაელის თავდასხმის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ირანი შესაძლოა იძულებული იყოს ამას უპასუხოს თავად ისრაელის ინტერესებზე თავდასხმით და არ მიიტანოს იერიში ამერიკის ჯარებზე.
ელიოტ აბრამსი, ახლო აღმოსავლეთის ექსპერტი და "საგარეო ურთიერთობათა საბჭოს" მკვლევარი, ამბობს, რომ სჯერა, რომ ირანს არ სურდა ყოვლისმომცველი ომი ისრაელთან.
„ვფიქრობ, ირანს არ სურს ახლა "ისრაელ-ჰეზბოლას" ომი, ამიტომ ნებისმიერი პასუხი არ იქნება "ჰეზბოლას" დიდი ქმედების სახით“, - თქვა აბრამსმა. ის საუბრობდა ლიბანურ დაჯგუფებაზე, რომელიც ითვლება თეირანის ყველაზე ძლიერ სამხედრო მარიონეტად.
„მათ ბევრი სხვა გზა აქვთ პასუხის გასაცემად... მაგალითად ისრაელის საელჩოს აფეთქების მცდელობით“, - დასძინა მან.
ირანს შეუძლია ამ თავდასხმებით ასევე უპასუხოს თავისი ბირთვული პროგრამის დაჩქარებით, რომელიც თეირანმა მას შემდეგ გააძლიერა, რაც 2018 წელს ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დატოვა 2015 წლის ე.წ. "ირანის ბირთვული შეთანხმება". ამ შეთანხმების მიზანი ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ თეირანის მხრიდან პროგრამის შეზღუდვა იყო.
“ისინი მართლაც დიდ რისკზე წავლენ. მზად არიან ამის გასაკეთებლად? მე ასე არ ვიფიქრებდი", - თქვა წყარომ, რომელიც მოვლენათა განვითარებას აკვირდება.
ჯონ ალტერმანმა, ახლო აღმოსავლეთის პროგრამის დირექტორმა "სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრიდან", განაცხადა, რომ არ ელოდება ირანის მასიურ პასუხს.
„ირანი ნაკლებად დაინტერესებულია იმით, რომ ისრაელს ასწავლოს გაკვეთილი, მისი მიზანია ახლო აღმოსავლეთში თავის მოკავშირეებს აჩვენოს, რომ ის სუსტი არ არის“, - აღნიშნა მან.