ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი ამბობს, რომ ღაზის საავადმყოფოში "ჰამასის" ასობით მებრძოლი დააკავა


ისრაელის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერი ამბობს, რომ "ჰამასის" და "ისლამური ჯიჰადის" ასობით წევრი დააკავა. მებრძოლები ღაზის მთავარ, ალ-შიფას ჰოსპიტალზე ფართო თავდასხმისა და რეიდის ფარგლებში დააკავეს და მათ შორის უსაფრთხოების ძალების ოფიციალური პირები და სამხედრო მეთაურებიც არიან, - აცხადებს ისრაელი.

ალ-შიფას საავადმყოფოში, ქალაქ ღაზაში ისრაელის ჯარი ორშაბათ დილით, 18 მარტს, გათენებისას შევიდა. შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, რომ საავადმყოფო უფრო დიდი კომპლექსის ნაწილი იყო და ის პალესტინელი მებრძოლებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს ბაზას გვირაბით უკავშირდებოდა.

ოპერაციის ფარგლებში ისრაელის მხარის ცნობით, ასობით მებრძოლი მოკლეს და 500-ზე მეტი ეჭვმიტანილი დააკავეს. მათ შორის 360-მდე "ჰამასისა" და "ისლამური ჯიჰადის" მონაწილე.

დაკავებულთა შორის სავარაუდოდ არის "ისლამური ჯიჰადის" სამი სამხედრო მეთაური და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ჩატარებულ ოპერაციებზე პასუხისმგებელი "ჰამასის" ოფიციალური პირები. ასევე, მათი შიდა უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები.

"ვინც ჩვენი ძალების მიერ დანებების მოთხოვნას არ დაემორჩილა, განადგურდა", - განაცხადეს ისრაელის წარმომადგენლებმა ხუთშაბათს, 21 მარტს გამართულ ბრიგინგზე. ჟურნალისტებს ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმების შესაძლებლობა არ ეძლევათ.

ალ-შიფას საავადმყოფო, რომელიც ომამდე ყველაზე დიდი სამედიცინო დაწესებულება იყო, ახლა მხოლოდ ნაწილობრივ ფუნქციონირებს და იძულებით გადააადგილებულ პირებსაც იფარებს. სექტორის ჩრდილოეთში მის გარდა, მხოლოდ რამდენიმე სხვა სამედიცინო ობიექტი მუშაობს.

2023 წლის 7 ოქტომბერს, დაჯგუფება „ჰამასი“ თავს დაესხა ისრაელს. შეერთებულ შტატებს და დასავლეთის სხვა ქვეყნებს, "ჰამასი" ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული. მოულოდნელ თავდასხმას ისრაელში 1 200 ადამიანი ემსხვერპლა, 250 ადამიანი კი ღაზის სექტორში მძევლად გაიტაცეს. მძევალთა ნაწილი კვლავ "ჰამასის" ტყვეობაშია.

მომხდარზე პასუხად, ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელის თავდასხმების შედეგად, იქ 32 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, გაეროს შეფასებით, სექტორში ურთულესი ჰუმანიტარული ვითარება შეიქმნა. თვეების განმავალობაში მიმდინარე დაბომბვის შედეგად, ღაზაში საკვების, წყლისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG