ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ისრაელშია


„ჰამასთან“ მიმდინარე ისრაელის ექვსთვიანი ომის გამო, ორი მოკავშირე ქვეყნის, აშშ-ისა და ისარელის მზარდად დაძაბული ურთიერთობის ფონზე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ენტონი ბლინკენი ისრაელს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში, ეგვიპტის შემდეგ ეწვია.

ახლო აღმოსავლეთში მორიგი მოლაპარაკებების მიზანი, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაა, რომელიც მინიმუმ 6 კვირა გასტანს. ასევე, ღაზის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და ჰამასის მიერ, ისრაელიდან გადაწყებული ტყვეების გათავისუფლება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მიმდინარე ომის დაწყების შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში უკვე მეექვსედ იმყოფება. ამჯერად, ის რეგიონს ოთხშაბათს, 20 მარტს ეწვია და ინტენსიურ დიპლომატიურ ძალისხმევაშია ჩართული. მან, შეხვედრები უკვე გამართა საუდის არაბეთის პრინცთან, სხვა არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ოფიციალურ პირებთან. შეხვედრები ხუთშაბათს, კაიროშიც გაიმართა.

მიმდინარე კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად, პარალელური შეხვედრები ასევე იმართება დოჰაში.

ისრაელში ენტონი ბლინკენის ვიზიტს, წინ უსწრებს პრეზიდენტ ბაიდენის განცხადება, რომელმაც ღაზაში მიმდინარე ისრაელის სამხედრო კამპანიას „გადამეტებული“ უწოდა და თქვა, რომ ამ ომმა, სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლი მოიტანა. მდივანმა ბლინკენმა თქვა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირისპირ შეხვედრაზე, ორ ქვეყანას შორის არსებულ ვითარებას განიხილავდა. მისივე თქმით, ისრაელში ამავე ვიზიტისას, შეხვედრას ასევე გამართავს ომის კაბინეტთან.

გაერო აცხადებს, რომ არსებული ვითარების გაგრძელების შემთხვევაში, ღაზაში შიმშილით გამოწვეული მასობრივი სიკვდილი გარდაუვალია. არსებობს მოლოდინი, რომ მდივანი ბლინკენი ისრაელს უბიძგებს, მჭიდროდ დასახლებულ ღაზის სექტორში მეტი ჰუმანიტარული დახმარება დაუშვას.

„ღაზის მოსახლეობის ასი პროცენტი სურსათის მწვავე დეფიციტს განიცდის. ჩვენ არ შეგვიძლია, არ უნდა დავუშვათ ამის გაგრძელება. ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს. ხვალ ჩვენს პარტნიორებთან ჩვენი ძალისხმევის კოორდინაციაზე ვისაუბრებ“, - თქვა ბლინკენმა ისრაელში გამგზავრებამდე, ხუთშაბათს, 21 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე.

2023 წლის 7 ოქტომბერს, დაჯგუფება „ჰამასი“ თავს დაესხა ისრაელს. შეერთებულ შტატებს და დასავლეთის სხვა ქვეყნებს, "ჰამასი" ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული. მოულოდნელ თავდასხმას ისრაელში 1 200 ადამიანი ემსხვერპლა, 250 ადამიანი კი ღაზის სექტორში მძევლად გაიტაცეს. მძევალთა ნაწილი კვლავ "ჰამასის" ტყვეობაშია.

მომხდარზე პასუხად, ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელის თავდასხმების შედეგად, იქ 32 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, გაეროს შეფასებით, სექტორში ურთულესი ჰუმანიტარული ვითარება შეიქმნა. თვეების განმავალობაში მიმდინარე დაბომბვის შედეგად, ღაზაში საკვების, წყლისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG