ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ჰამასის“ ზავის წინადადებას, ისრაელი „არარეალურს“ უწოდებს


შუამავლებსა და შეერთებულ შტატებს, „ჰამასმა“, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის საკუთარი წინადადება წარუდგინა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს და მისივე ცნობით, წარმოდგენილი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივა, პალესტინელი პატიმრების გამოშვების სანაცვლოდ, ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას ითვალისწინებს. პალესტინელი პატიმრებიდან 100-ს, რომელთა გაცვლასაც „ჰამასი“ ითხოვს, ისრაელმა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

„ჰამასის“ წინადადების მიხედვით, შეთანხმების შემთხვევაში, ისრაელელი ტყვეების გათავისუფლების პირველი ნაკადი მოიცავს ქალებს, ბავშვებს, მოხუცებსა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მძევლებს. ამის სანაცვლოდ კი, ისრაელმა, თავის საპყრობილეებში მყოფი 700-1000 პალესტინელი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს კაბინეტის წარმომადენელმა 14 მარტს განაცხადა, რომ „ჰამასის“ მიერ წარდგენილი ზავის წინადადება, კვლავ „არარეალურ მოთხოვნებს“ ეფუძნება. პრემიერის ოფისის წარმომადგენლების განცხადებით, „ჰამასის" წინადადებას დღეს, პარასკევს, ისრაელის ომის კაბინეტი და უსაფრთხოების სამსახურები განიხილავს.

გასული წლის 7 ოქტომბერს, აშშ-ისა და ათობით სახვა ქვეყნის მიერ, ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმას 1200 ადამიანი ემსხვერპლა, 250 ადამიანი კი დაატყვევეს და ღაზის სექტორში მძევლად წაიყვანეს. ნაწილი კვლავ "ჰამასის" ტყვეობაშშია. საპასუხოდ, ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა, რომლის შედეგადაც, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელის თავდასხმების შედეგად, ამ დრომდე, 30 000 პალესტინელი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG