ოთხშაბათს ისრაელმა განაცხადა, რომ გაეროს საკვების განაწილების ცენტრზე თავდასხმისას ღაზაში ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს. პალესტინელი ჯანდაცვის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ამ თავდასხმისას 5 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი გაეროს თანამშრომელია.
ისრაელი აცხადებს, რომ თავდასხმისას მოჰამად აბუ ჰასნა გაანეიტრალეს, რომელიც "ჰამასის" სადაზვერვო დაჯგუფების ხელმძღვანელი იყო.
განცხადებაში, რომელიც "ჰამასმა" გაავრცელა, ნათქვამია, რომ მოკლული აბუ ჰასნა მათი საპოლიციო დანაყოფის წევრი იყო. "ჰამასმა" მომხდარი დაგმო და მას "ლაჩრული მკვლელობა" უწოდა.
პალესტინის ტერიტორიაზე მდებარე გაეროს მთავარმა სააგენტომ განაცხადა, რომ მათი ერთ-ერთი დაწესებულება რაფაში თავდასხმის სამიზნე გახდა.
სააგენტო ადასტურებს, რომ მოკლულებს შორის იყო მათი თანამშრომელიც. ისინი ასევე დაჭრილების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას და ამბობენ, რომ ისრაელის თავდასხმისას 22 ადამიანი დაშავდა.
"ჰამასი" უარყოფს ისრაელის ბრლადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საკვებს თავად იყენებს და ისრაელს შიმშილის პალესტინელების წინააღმდეგ იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს.
ოთხშაბათს, ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ მას სურს ჩაანაცვლოს გაერო სხვა ორგანიზაციებით ისე, რომ ზიანი არ მიადგეს საკვებისა და ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას.