ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი კაიროში სისის ხვდება, ღაზაში ალ-შიფას ჰოსპიტალი კი საომარ ზონაშია მოქცეული


ხუთშაბათს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კაიროში ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფათაჰ ალ-სისის, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის თობაზე მოლაპარაკებების ფარგლებში შეხვდა.

ღაზაში ისრაელის შეტევა მეოთხე დღეა ალ-შიფას საავადმყოფოზეა ფოკუსირებული, რომელიც სექტორის ჩრდილოეთში ერთადერთი ნაწილობრივ მოქმედი სამედიცინო დაწესებულებაა. ადგილობრივებმა თქვეს, რომ კომპლექსის შიგნით ცეცხლში გახვეული შენობები დაინახეს.

ბლინკენმა არაბულ მაუწყებელ ალ-ჰადატს უთხრა: „ ვიღწვით ცეცხლის დაუყოვნებლად შეწყვეტისთვის, რაც მძევლების გათავისუფლებასთან იქნება დაკავშირებული. ამას შეეძლება დაუყოვნებლად მოჰგვაროს შვება ასე ბევრ ადამიანს, რომელიც ღაზაში იტანჯება - ბავშვებს, ქალებს, კაცებს.“

მან თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა ამ საკითხზე გაეროში რეზოლუცია მოამზადა.

ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებები, ამ კვირაში, კატარში განახლდა, რომელიც დაახლოებით ექვსი კვირის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტას ეფუძნება, რასაც შეეძლება შექმნას საშუალება 40 ისრაელელი მძევალი ასობით პალესტინელზე გაიცვალოს, რომლებიც ისრაელის ციხეებში იმყოფებიან.

მთავარ წინააღმდეგობად ის რჩება, რომ „ჰამასი“ ამბობს, მძევლებს მხოლოდ იმ შეთანხმების ნაწილად გაათავისუფლებს, რომელიც ომს დაასრულებს. ისრაელი კი ამბობს, რომ მხოლოდ დროებით პაუზაზე ილაპარაკებს.

2023 წლის 7 ოქტომბერს, დაჯგუფება „ჰამასი“ თავს დაესხა ისრაელს. შეერთებულ შტატებს და დასავლეთის სხვა ქვეყნებს, "ჰამასი" ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული. მოულოდნელ თავდასხმას ისრაელში 1 200 ადამიანი ემსხვერპლა, 250 ადამიანი კი ღაზის სექტორში მძევლად გაიტაცეს. მძევალთა ნაწილი კვლავ "ჰამასის" ტყვეობაშია.

მომხდარზე პასუხად, ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელის თავდასხმების შედეგად, იქ 32 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, გაეროს შეფასებით, სექტორში ურთულესი ჰუმანიტარული ვითარება შეიქმნა. თვეების განმავალობაში მიმდინარე დაბომბვის შედეგად, ღაზაში საკვების, წყლისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტია.

XS
SM
MD
LG