ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში საბრძოლო ოპერაციები დასრულდა


ქალაქი რაფა ღაზის სექტორის სამხრეთში. ფოტო გადაღებულია 2024 წლის 31 მაისს
ქალაქი რაფა ღაზის სექტორის სამხრეთში. ფოტო გადაღებულია 2024 წლის 31 მაისს

ისრაელის თავდაცვის ძალები ამბობენ, რომ დაასრულეს საბრძოლო ოპერაციები ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში. საუბარია ჯაბალიას რეგიონზე, სადაც ისრაელელმა სამხედროებმა სრულად გაანადგურეს „ჰამასის“ 10 კილომეტრზე მეტი სიგრძის გვირაბი.

გვირაბისთვის ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა, სადაც ისრაელის სახმელეთო შენაერთებთან ერთად ჩართული იყო ავიაციაც. გვირაბი ისრაელის საჰარო ძალებმა 200-ჯერ მეტჯერ დაბომბეს.

ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში კი კვლავ გრძელდება. ქალაქ რაფაში, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, აღმოჩენილია „ჰამასის“ მიერ აშენებული გვირაბის შესასვლელები. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გვირაბი ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ასევე ისრაელელმა სახმედროებმა იპოვეს რაკეტების გამშვებები და სხვა ტიპის შეიარაღება, რომლითაც „ჰამასს“ ისრაელზე იერიშები მიჰქონდა.

ისრაელის სამხრეთში, ისრაელი წინსვლას აჩვენებს და ქალაქ რაფაში სულ უფრო და უფრო ღრმად მიიწევს. სამხედროების მიზანია, დაშალონ ეგვიპტის საზღვართან „ჰამასის“ საბრძოლო ფორმირებები. ქალაქ რაფაში ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ბევრ ქვეყანაში საპროტესტო აქციების საფუძველი გახდა. ისრაელს სახელმწიფო ლიდერთა ნაწილი მოუწოდებს, შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია ქალაქ რაფაში, სადაც მილიონობით დევნილი პალესტინელი იმყოფება.

ომი ღაზის სექტორში 7 ოქტომბრის შემდეგ დაიწყო, მას შემდეგ რაც ისრაელმა „ჰამასის“ სრული განადგურება დაისახა მიზნად. ამ პერიოდის განმავლობაში ისრაელის სამხედრო მოქმედებებს, ღაზის სექტორში 36 000-ზე მეტი მშვიდობიანი პალესტინელის სიცოცხლე შეეწირა. ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ პალესტინელთა ჯანდაცვის უწყებები ავრცელებენ, რომელთაც "ჰამასი" აკონტროლებს.

ომს წინ უსწრებდა, „ჰამასის“ თავდასხმა ისრაელზე. 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მებრძოლები შეიჭრნენ ისრაელში, მოკლეს 1200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, 200-ზე მეტი ადამიანი კი მძევლად აიყვანეს. მძევალთა ნაწილი გათავისუფლებულია, თუმცა ნაწილი კვლავ ტყვეობაში რჩება.

ამ თავდასხმის შემდეგ ისრაელმა განაცხადა, რომ მიზნად ისახავს „ჰამასის“ სრულ განადგურებას და იბრძოლებს ყველა მძევლის გათავისუფლებამდე. „ჰამასი“ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბევრი სხვა სახელმწიფოს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG