ჩინურმა ინვესტიციებმა, „სამიზნე ქვეყნის ავტოკრატიული სამყაროს ორბიტაზე მოქცევა შეიძლება გამოიწვიოს“, - ამბობს „ამერიკის ხმასთან“, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შესახებ საუბრისას, მაიკლ მაკფოლი.
რუსეთის ფედერაციაში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი მიიჩნევს, რომ ჩინეთი მთელს მსოფლიოში ექსპანსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას აწარმოებს და გრძელვადიან პერსპექტივაში, „სამიზნე ქვეყნებისთვის“, პეკინთან თანამშროლობა მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება იყოს.
„ჩინეთს აქვს ძალიან ექსპანსიური საგარეო ეკონომიკური პოლიტიკა მთელ მსოფლიოში, რომელმაც გარკვეულ წარმატებას მიაღწია. სამიზნე ქვეყნებისთვის ზოგიერთი ინვესტიცია შეიძლება მომგებიანი იყო, მაგრამ ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული იძულება, - ამან შეიძლება გამოიწვიოს სამიზნე ქვეყნის ავტოკრატიული სამყაროს ორბიტაზე მოქცევა. დღეს დიდ ძალებს შორის კონკურენციის მომენტში ვიმყოფებით, სადაც ჩემი აზრით, ტრაგიკულად, მაგრამ ეს ასეა, ახლა ხდება დემოკრატიული ბლოკისა და ავტოკრატიული ბლოკის რეფორმირება. ჩინეთი კი აშკარად არის ავტოკრატიული ბლოკის ლიდერი. ასე რომ, ისევ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, სურთ იყვნენ დემოკრატიული, თუ ავტოკრატიული სამყაროს ნაწილი“, - ამბობს მაკფოლი.
არ შეიძლება, ერთი ფეხი ავტოკრატიულ სამყაროში, მეორე კი დემოკრატიულ სამყაროში გქონდესმაიკლ მაკფოლი
მაიკლ მაკფოლი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ, საბოლოოდ მიღებული ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ კანონი, ავტოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯია.
„ეს კანონი არის ნაბიჯი ავტოკრატიისკენ. იმედი მაქვს, ეს შეიძლება იყოს ქართველი პარლამენტარებისთვის გამოსაფხიზლებელი ნიშანი იმისთვის, რომ ცოტა უფრო სერიოზულად შეხედონ იმას, რასაც აკეთებენ და გააცნობიერონ, რომ არ შეიძლება, ერთი ფეხი ავტოკრატიულ სამყაროში, მეორე კი დემოკრატიულ სამყაროში გქონდეს“, - ამბობს, „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ყოფილი ელჩი.
მაიკლ მაკფოლი რუსეთში შეერთებული შტატების ელჩი სწორედ იმ დროს იყო, როცა მოსკოვმა უცხოეთის აგენტის კანონი მიიღო. როგორი ტიპის დემოკრატიად აქცევს საქართველოს "კრემლით შთაგონებული" კანონი, როგორც მას შეერთებული შტატები უწოდებს; რა გავლენას ახდენს ეს კანონი, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე; რა საფრთხეებს ქმნის საქართველოსთვის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და ხედავს თუ არა მსგავსებას, კრემლისა და ქართული ოცნების ანტიდასავლურ რიტორიკაში - ამ კითხვებით ელჩ მაკფოლს მივმართეთ და ექსკლუზიური ინტერვიუს სრულ ვერსიას, წარმოგიდგენთ "ტვ პირველზე, შაბათს, 17:30 საათზე, "ამერიკის ხმის" ყოველკვირეულ გადაცემაში, "ხედვა ვაშინგტონიდან".
ეკონომიკის სამინისტროს განცხადება და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება
„ამერიკის ხმა“, რუსეთში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს მას შემდეგ ესაუბრა, რაც 29 მაისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი დასრულებულია და „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში“, საბოლოო წინადადება წარადგინა ჩინურმა კონსორციუმმა China Communications Construction Company Limited (China) & China Harbour Investment Pte. Ltd (Singapore).
ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ სააგენტოში შესული წინადადების დეტალები უახლოეს დღეებში დაზუსტდება, რის შემდეგაც გამარჯვებული გამოცხადდება. 29 მაისს, სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა, ეს კომპანია კონკურსში გამარჯვებულად უკვე ჩაითვალოს, დავითაშვილმა თქვა, რომ რამდენიმე დაზუსტების შემდეგ, სავარაუდოდ, მისი გამარჯვებულად გამოცხადება, რამდენიმე დღეში შესაძლებელი იქნება. მინისტრის განმარტებით, რადგან განაცხადი სრულყოფილადაა შევსებული, დიდი შანსია, რომ კომისიამ ის გამარჯვებულად გამოაცხადოს.
„ამერიკის ხმამ“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოში გაკეთებული განცხადების შესახებ, შეფასება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს სთხოვა. შეეერთებული შტატების საგარეო უწყება აცხადებს, რომ აშშ პატივს სცემს ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისთან სურთ ურთიერთობა, ან ბიზნესის წარმოება. „თუმცა, ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სუბიექტებთან ბიზნესის კეთებისას, მნიშვნელოვანია ჩატარდეს საფუძვლიანი სათანადო გამოკვლევა, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და სუვერენიტეტზე პოტენციური ზემოქმედების გაცნობიერება და უზრუნველყოფა იმის, რომ ეკონომიკური ურთიერთობა იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე და სასარგებლო საქართველოსთვის“ - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.
ანაკლიის პორტის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, ოფიციალურმა ვაშინგტონმა ასევე არაერთხელ ისაუბრა წინამორბედი, პრეზიდენტ ტრმპის ადმინისტრაციის დროს. 2019 წლის 11 ივნისს, საქართველოს იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის იმჟამინდელმა სახელმწიფო მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ანაკლიის პორტის პროექტს დაასრულებდა.
„მე გამოვთქვი ჩვენი იმედი, რომ საქართველო პორტის პროექტს დაასრულებს. ეს და სხვა პროექტები, გააძლიერებს თავისუფალი ეკონომიკის ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობებს და ხელს შეუშლის იმას, რომ საქართველო გახდეს რუსეთის, ან ჩინეთის ეკონომიკური გავლენის მსხვერპლი. საკუთარ თავს, საქართველოს მეგობრებად წარმოაჩენენ, თუმცა გულში საქართველოს საუკეთესო ინტერესები არ აქვთ“, - განაცხადა 2019 წელს, აშშ-ის იმჟამინდელმა სახელმწიფო მდივანმა.
Facebook Forum