გაგრის მკვიდრს, 47 წლის კახა მურადოვს ოკუპირებულ ანკლავში, 10-დან 15 წლამდე „პატიმრობა“ ელის. აფხაზეთში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა, მურადოვი, გაგრაში, საკუთარ სახლში „ჯაშუშობის“ ბრალდებით, აპრილის ბოლოს დააკავა. საოკუპაციო რეჟიმმა გაავრცელა მურადოვის „აღიარებითი ჩვენებაც“, სადაც ნაცემი მურადოვი ყვება, რომ თითქოს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „გადაიბირა“ და 1999 წლიდან, თბილისის „სასარგებლოდ“ „ჯაშუშობდა“.
კახამაც და თბილისში, კლინიკამაც სერიოზული შეცდომა დაუშვეს, როცა მკურნალობის ფაქტი გაასაჯაროვეს. აქაურ რეჟიმს როცა დასჭირდა ეს ფაქტი გამოიყენა, თან, რა თქმა უნდა, იცოდნენ, რომ თბილისში დადიოდა ექიმებთან და მარტივად შეუკერეს საქმე“
როგორც „ამერიკის ხმას“ ოკუპირებული აფხაზეთიდან აცნობეს, კახა მურადოვს წლების მანძილზე, ჯამრთელობის უმძიმესი პრობლემები ჰქონდა, დაზიანებული ჰქონდა ხერხემალი, პრაქტიკულად არ შეეძლო მოძრაობა.
სოხუმში და რუსეთში უშედეგო მკურნალობის შემდეგ, იგი 2019 წელს, თბილისში ჩამოვიდა, სადაც ხანგრძლივი, რთული მკურნალობისა და ოპერაციის შემდეგ, ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებმა ფეხზე ხელახლა დააყენეს.
„როგორც ვიცი, სიმაღლიდან ჩავარდნის გამო, გაუსაძლისი ტკივილები და უმძიმესი დაზიანებები ჰქონდა. თვითონაც და გარშემო არავის სჯეროდა რომ ფეხზე დადგებოდა. ცუდად უმკურნალეს, ოპერაციაც არასწორად გაუკეთეს და პრაქტიკულად ვერ მოძრაობდა.
შემდეგ თბილისში ჩავიდა და რამდენიმე ოპერაციის შემდეგ, ექიმებმა გადაარჩინეს“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ოკუპირებულ ანკლავში მცხოვრებმა ლაშა ს-მ (უსაფრთხოების მიზნით ვინაობა შეცვლილია).
„რა თქმა უნდა არ მჯერა, რა ინფორმაციაც აქაურმა რეჟიმმა გაავრცელა და რასაც მურადოვი ყვება ე.წ აღიარებაზე, რომ თითქოს „ჯაშუში“ იყო. რა „ჯაშუში“? კვდებოდა კაცი ტკივილისგან, ვერ დადიოდა“ - გვეუბნება ლაშა.
„ჯერ ერთი აბსურდია, რომ 1994 წელს, საქართველოს შსს-ს თანამშრომელი იყოო. რანაირად? 16-17 წლის იყო მაგ დროს. თან ომის მერე შსს-ს თანამშრომელი როგორ იქნებოდა? მეორე, როგორც მე ვიცი, საქართველოს მოქალაქეც არ არის. მაგიტომაც, ქართული პასპორტი ვერ უპოვეს და ათქმევინეს, რომ თითქოს, „ქართველ ნათესავებთან ჰქონდა დამალული“. სხვა აბსურდულ ბრალდებებზე არ შევჩერდები. სრული ბოდვაა.
1994 წელს, საქართველოს შსს-ს თანამშრომელი იყოო. რანაირად?! 16-17 წლის იყო მაგ დროს. თან ომის მერე შსს-ს თანამშრომელი როგორ იქნებოდა? მეორე, როგორც მე ვიცი, საქართველოს მოქალაქეც არ არის
ჩემი აზრით, კახამაც და თბილისში, კლინიკამაც სერიოზული შეცდომა დაუშვეს, როცა იქ მკურნალობის ფაქტი გაასაჯაროვეს. როგორც წესი სოხუმიდან, გაგრიდან, გალიდან თბილისში ჩასული აფხაზი თუ ქართველი პაციენტები ვინაობას მალავენ, ასე საჯაროდ აფიშირებას ერიდებიან. აქაურ რეჟიმს როცა დასჭირდა ეს მკურნალობის ფაქტი გამოიყენა, თან, რა თქმა უნდა, იცოდნენ, რომ თბილისში დადიოდა ექიმებთან და მარტივად შეუკერეს საქმე“ - ამბობს ლაშა.
„რაც მოვისმინე სრული აბსურდია. რა ავტორიტეტი ჰქონდა მურადოვს, რომ ოკუპირებულ მიწაზე ვინმე გადაებირებინა? ადრე მგონი, ელექტრიკად მუშაობდა“ - გვითხრა ოკუპირებული გალის მკვიდრმა დათო ბ-მ (უსაფრთხოების მიზნით ვინაობა შეცვლილია), რომელსაც ანკლავში ჩასვლა ხშირად უწევს.
„აფხაზებს დასჭირდათ, რომ ქართველის მტრის ხატი აქაურ საზოგადოებაში კიდევ ერთხელ გაეცოცხლებინათ. ეს ამბები დაემთხვა სოხუმში ინალ არძინბას მოხსნას და ღია საუბრებს, რომ რუსეთმა შეიძლება აფხაზეთი, საქართველოსთან კონფედერაციაში გააერთიანოს.
"ეს რა თქმა უნდა ბოდვაა, მაგრამ აფხაზებს ამის აქ ძალიან ეშინიათ. მურადოვის დაჭერით რუსებმაც და აფხაზებმაც ასევე ღიად დაარტყეს, უფასო სამედიცინო პროგრამას და სერვისებს, რომელსაც აფხაზეთში მცხოვრებლებს თბილისი სთავაზობს“- ამბობს დათო.
მურადოვის დაჭერით რუსებმაც და აფხაზებმაც ასევე ღიად დაარტყეს, უფასო სამედიცინო პროგრამას და სერვისებს, რომელსაც აფხაზეთში მცხოვრებლებს თბილისი სთავაზობს
ამ დროისთვის, კახა მურადოვის გარდა, ოკუპირებულ ანკლავში „საქართველოს სასარგებლოდ“ „ჯაშუშობის“ „ბრალდებით“ უკანონო რეჟიმს, 10 წლით და 6 თვით ციხეში გამოკეტილი ჰყავს, საქართველოს მოქალაქე, ნაბაკეველი ქრისტინე თაკალანძე. იგი 2022 წლის ზაფხულში დააკავეს.
2022 წლის შემოდგომაზე, სოხუმში, ასევე „ჯაშუშობისთვის“ დააკავეს, საქართველოს მოქალაქე ასმათ თავაძე, მას საქართველოს დროშა და შევრონი აღმოუჩინეს, შემდეგ ნარკოტიკები ჩაუდეს. ასმათ თავაძე სამტრედიელია.
2023 წლის აპრილში, ენგურის ხიდზე, „ჯაშუშობისთვის“ დააკავეს, საქართველოს მოქალაქეები ჯესიკა შენგელია და ირმა ხუხუა. „აღიარება“, რომ საქართველოს სუს-ის თანამშრომელი მათ „გადაბირებას“ „ცდილობდა“, ადგილობრივი ტელევიზიითაც გადაიცა. ამ „აღიარების“ შემდეგ, შენგელიას და ხუხუას ბედი უცნობია.
მეოთხე წელია პატიმრობაშია საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, იგი უკანონო რეჟიმმა გალში, ე.წ „აფხაზური დროშის“ დაწვისთვის დააპატიმრა და 7 წლით, ციხეში გამოკეტა.
საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი დათბობის მიუხედავად, ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქეების დასახსნელად, ამ დრომდე, ვერაფერი გააკეთა. „ამერიკის ხმამ“ ვერ შეძლო სახელმწიფო სტრუქტურებიდან, ოფიციალური კომენტარის მიღება, ანკლავში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების თაობაზე.