პატიმრების უპრეცედენტო სამმხრივი გაცვლა მოხდა ქართულ-აფხაზურ და ოსურ მხარეებს შორის. ეს პროცესი გუშინ გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში და გორის რაიონის სოფელ ერგნეთის ტერიტორიაზე ერთდროულად განხორციელდა.
თბილისმა გაათავისუფლა ოთხი ეთნიკურად ოსი პატიმარი, რომელთაგან სამი: გიგო ვალიშვილი, გიორგი ზასეევი და იოსიფ კოჩიევი, 2005 წელს, გორის სისხლიანი ტერორისტული აქტის მონაწილეები იყვნენ და უვადო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. მაშინ ტერაქტმა სამი პოლიციელის სიცოცხლე შეიწირა, 30-ზე მეტი ადამიანი კი დაიჭრა. ასევე გაუშვეს ბორის ტურაშვილი, რომელიც ადამიანის გატაცების გამო იხდიდა სასჯელს.
საპასუხოდ, ოსურმა მხარემ ხუთი პატიმარი გამოუშვა. მათ შორის, 68 წლის ჯემალ მიდელაშვილი, ახალგორის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელიც რუსებმა 2009 წლის ნოემბერში, ახალგორში, მხოლოდ იმიტომ დაატყვევეს, რომ მოხუცი მშობლების მოსანახულებლად იყო ჩასული.
აფხაზურმა მხარემ რვა პატიმარი გაათავისუფლა. უმეტესობა დრანდის ციხეში ჯაშუშობის ბრალდებით იყო გასამართლებული. მათ შორის, ერთი ქალბატონია, 42 წლის სოხუმელი დიანა ასეევა-შედანია. მან 2008 წელს, დაკავების შემდეგ აღიარა, რომ საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის აგენტი იყო და 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა ზურაბ თორაძემ აღნიშნა, რომ დრანდის ციხეში 2015 წლის დეკემბერიდან იცოდნენ, რომ პატიმრების დიდი გაცვლა მზადდებოდა
„დეკემბრის თვეში გავიგეთ რომ გაცვლის საკითხი გვარდებოდა. დღევალდელ დღემდე ველოდით ამას, დაწვრილებით არაფერი ვიცოდით. გუშინ, აფხაზეთის ხელისფლების წარმომადგენლები ამოვიდნენ ციხეზე და გვითხრეს, რომ 11 საათზე მოხდებოდა გაცვლა.“
33 წლის ზურაბ თორაძე საქართველოს შსს-ს სპეცრაზმის ყოფილი მებრძოლია. იგი 2012 წლის აგვისტოშო ოჩამჩირეში დააკავეს, სეპარატისტთა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის ლიზბერტ ფოცხო-ოღლის მკვლელობის მცდელობაში დასდეს ბრალი და 12 წელი მიუსაჯეს. მანაც აღიარა რომ საქართველოს კონტრდაზვერვის აგენტი იყო.
ჯაშუშობისთვის იყვნენ გასამართლებულები გალელებიც: ჯემალ ოკუჯავა, ოთარ ჯღარკავა და მანუჩარ შონია. მათაც აღიარეს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის აგენტები იყვნენ. დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის უწყებებში ამ პირებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
გათავისუფლებულთა შორის არის - აფხაზეთის ომში, 23-ე მექანიზირებული ბრიგადის ყოფილი მეთაური, შემდეგ, საქართველოს უშიშროების სამინისტროს ყოფილი ოფიცერი, ყოფილი პარტიზანი, 45 წლის ელდარ ცაგურია. იგი ტყვედ 2011 წელს ჩავარდა.ასევე, 2012 წელს, აფხაზი მილიციელის დაჭრის გამო გასამართლებული მალხაზ რურუა და მაყუჩიანი იარაღით დაკავებული შალვა ხუხუა.
ცხინვალის რეჟიმმა თბილისს ასევე გადმოსცა „სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის“ მეთაურის დიმიტრი სანაკოევის ყოფილი მრჩეველი, საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის“ ყოფილი მენეჯერი იგორ ფუხაევი, რომელიც 2014 წელს, ცხინვალში, დედის დაკრძალვაზე, ძმასთან ერთად დააკავეს და „სამშობლოს ღალატის“ ბრალდებით გაასამართლეს.
პატიმრების უპრეცდენტო სამმხრივი გაცვლა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირადი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა. პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, მას დასაშვებად მიაჩნია ტერორისტების გათავისუფლება:
„როცა ჩვენ გაგვიჩნდა საშუალება, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეები გამოგვეყვანა უკანონო პატიმრობიდან, მე მიმაჩნია, რომ უნდა გამოგვეყვანა ნებისმიერ ფასად, რისი გაკეთებაც საქართველოს სახელმწიფოს შეეძლო, უნდა გაგვეკეთებინა.“
წინასწარი ინფორმაციით, გუშინ გათავისუფლებულთა შორის უნდა ყოფილიყო, ყოფილი პარტიზანი გიორგი ლუკავაც, რომელსაც აფხაზი მებრძოლების მკვლელობის ბრალდებით,2013 წელს, სოხუმში, 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ლუკავას ოჯახის განცხადებით, პატიმარი აფხაზებმა უკან მიუაბრუნეს. შერიგების მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა კი განაცხადა, რომ გიორგი ლუკავამ ბოლო მომენტში თავად თქვა უარი გათავისუფლებაზე.
აფხაზებმა გასაცვლელად ჭუბურხინჯში ჩამოიყვანეს პატიმარი კობა გერლიანიც, თუმცა მანაც უარი თქვა თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულიყო. გერლიანის თქმით, მას 7 თვე დარჩა საპატიმროში მოსახდელი და შემდეგ, მშობლიურ, ოკუპირებულ კოდორის ხეობაში აპირებს ცხოვრებას.