ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო ჯერჯერობით უარს ამბობს


Emergency personnel at the scene of an explosion in Bangkok, Thailand, Aug. 17, 2015.
Emergency personnel at the scene of an explosion in Bangkok, Thailand, Aug. 17, 2015.

სამუდამო პატიმრობა მისჯილი ოსი პატიმრების თემა, ოფიციალური თბილისისთვის „წითელი ხაზია“

ოფიციალური თბილისი ჯერჯერობით უარს ამბობს, ციხიდან გაათავისუფლოს, ეთნიკური ოსი პატიმრები: გია ვალიევი, გია ზასეევი და იოსებ კოჩიევი, რომლებსაც გორის სასამართლომ 2006 წელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

სამივე მათგანი, 2005 წლის 1 თებერვალს, გორში, ტერორისტული აქტის ორგანიზებისთვის გასამართლდა. შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ეზოში მომხდარ აფეთქებას მაშინ სამი პოლიციელის: თამაზ იაკობიძის, იოსებ მინდიაშვილისა და გიორგი მთვარელიძის სიცოცხლე შეეწირა. 70-მდე ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.

ვალიევმა, ზასეევმა და კოჩიევმა თავის დროზე აღიარეს, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГРУ) პოლკოვნიკ ანატოლი სისოევის დავალებით მოქმედებდნენ და ტერორისტულ ჯგუფში, მათ გარდა კიდევ შვიდი ადამიანი იყო ჩართული.

გორში, პოლიციის შენობის ეზოში დანაღმული ავტომობილის აფეთქების გარდა, ტერორისტთა ჯგუფმა თავის თავზე აიღო, 2004 წლის შემოდგომაზე მომხდარი სხვა ტერორისტული აქტებიც. მათ შორის: გორის რაიონში, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის „ქართლი 2“-ის აფეთქება; კასპის რაიონში სარკინიგზო მონაკვეთის აფეთქება და ხაშურის რაიონში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის რადიოგადამცემი სადგურის აფეთქება.

რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების ფონზე, მოსკოვმა და ცხინვალმა კიდევ ერთხელ გააქტიურეს ამ სამი პატიმარის გადაცემის საკითხი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი გოჩა რატიანი ამბობს

„10 ადამიანის გადაცემას ვაპირებდით, იყო უფრო მეტ დათმობაზეც საუბარი. ჩვენ შეგნებულად არ ვეხებოდით ე.წ. წითელ ხაზებს. სამუდამო პატიმრობა მისჯილი პირები, თან სისხლიან ტერაქტისთვის, სწორედ ასეთი კატეგორიაა.

ასეთი სახის გაცვლა თავის თავად არაადექვატურ შედეგებს მოიტანდა, როგორც ზოგადად მოლაპარაკების, გაცვლის პროცესისთვის მომავალში, ისე ამას ვერ გაიგებდა და უარყოფითად შეხვდებოდა საზოგადოებაც.“

თებერვლიდან მოყოლებული მოსკოვმა სამი ქართველი მზვერავი გაათავისუფლა, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიაზე, ჯაშუშობისთვის ხანგრძლივი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. პარალელურად, სეპარატისტულმა ცხინვალმა განაცხადა, რომ საქართველოს ხუთ მოქალაქეს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან დატყვევებულები, მხოლოდ ვალიევში, ზასეევსა და კოჩიევში გაცვლის.

ცხინვალის იზოლატორში, ყველაზე დიდი ხნის მანძილზე, 2009 წლის ნოემბრიდან არის დატყვევებული, ახალგორის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ამჟამად პენსიონერი, 65 წლის ჯემალ მიდელაშვილი. იგი რუსებმა მაშინ დააკავეს, როცა ახალგორში საკუთარი სახლის მოსანახულებლად შევიდა.

სულ ბოლოს, რუსებს და ოსებს ხელში ჩაუვარდათ, საქართველოს მოქალაქე რომან შიტიკოვი, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მედლით „მხედრული მამაცობისთვის“ არის დაჯილდოებული. როგორ აღმოჩნდა, შიტიკოვი ოკუპაციის ზონაში, ეს დეტალები ამ დრომდე უცნობია.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ცხინვალსა და თბილისს შორის, დაკავებული ადამიანების გაცვლის პროცესი მეტ-ნაკლები სტაბილურობით მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, თბილისის მიერ ცნობილი პატიმრის მარეკ დუდაევის გათავისუფლება, რომელსაც 23 წელი წელი ჰქონდა მისჯილი. ასევე, ცხინვალის მხრიდან, სამხრეთ ოსეთის პროქართული ადმინისტრაციის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის თეიმურაზ ჯერაპოვის გამოშვება. იგი 13 წლიან სასჯელს იხდიდა.

დღეს კონფლიქტოლოგები შიშობენ, რომ ორივე მხრიდან რადიკალურმა მოთხოვნებმა და განწყობებმა პროცესი, შესაძლოა ჩიხში შეიყვანოს. სტრატეგიული კვლევების კავკასიის ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე ამბობს

„გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ცხინვალის ციხეში არიან და სასჯელს იხდიან 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო, ოსური მხარე ასევე ტერორისტებად მიიჩნევს.

ამიტომ, იმ ფონზე, როცა ჩვენი უდანაშაულო მოქალაქეები, გმირები, ომის მონაწილეები, იტანჯებიან ციხეში, იქნებ ღირდეს კომპრომისზე წასვლა ?!“

გორის სასამართლოს მიერ სამუდამო პატიმრობა მისჯილ გია ვალიევს, გია ზასეევს და იოსებ კოჩიევს, საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გამოცხადებული საყოველთაო ამნისტია არ შეხებიათ. ამის გამო, ზუსტად ერთი წლის წინ, ამ სამმა პატიმარმა, კიდევ 72 თანამესაკნესთან ერთად, პროტესტი შიმშილობით გამოხატა.

2014 წლის იანვარში, ეთნიკურად ოსმა პატიმრებმა შეწყალების თხოვნით, საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს. პარალელურად, გიორგი მარგველაშვილს შვილის შეწყალების თხოვნით, ასევე მიმართა პატიმარ ზასეევის დედამ ლუდმილა უსოვიჩმა.
XS
SM
MD
LG