ოფიციალური თბილისი და სეპარატისტული ცხინვალი ტყვეების საბოლოო გაცვლისთვის ემზადებიან. ამჟამად ცხინვალის ციხეში მხოლოდ სამი ქართველი და ერთი ოსი რჩება, რომელთა გადმოცემასაც თბილისი მოითხოვს. მათ შორის, ახალგორის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ამჟამად პენსიონერი, 63 წლის ჯემალ მიდელაშვილია.
ოსებმა მიდელაშვილი ზუსტად ორი წლისა და ორი თვის უკან, 2009 წლის 21 ნოემბერს დაატყვევეს, როცა ახალგორში საკუთარი სახლის მოსანახულებლად შევიდა. 2010 წლის აპრილიდან ცხინვალის ციხეშია, სამხრეთ ოსეთის პროქართული ადმინისტრაციის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი თეიმურაზ ჯერაპოვი, მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
2011 წლის ივნისიდან, საოკუპაციო ხაზის დარღვევისთვის კი, სეპარატისტულ ანკლავში სოფელ მერეთის ორი მკვიდრი 36 წლის შოთა მახარაშვილი და 26 წლის ოთარ ჯავახი იხდიან სასჯელს. ამ ადამიანების გაცვლა იმ ოსი ეროვნების პატიმრებზე იგეგმება, რომლებიც ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იხდიან სასჯელს.
ოსურმა მხარემ, 11-14 იანვარს, ბეთლემში, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ეგიდით მიმდინარე, ქართულ-ოსური საზოგადოებრივი დიალოგის - „თვალსაზრისის“, რიგით მეათე შეხვედრაზე, დაადასტურა რომ ტყვეების გაცვლა უახლოეს მომავალში მოხდება. ამ შეხვედრას, საქართველოს ინვალიდ მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირის თავჯდომარე მანანა მებუკე ესწრებოდა
„ამ შეხვედრაზე ერთ-ერთი თემა - პატიმართა თემა იყო, იმ ადამიანების თემა, რომლებიც ორივე მხარეს არიან დაკავებულები. ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენლის ინფორმაციით ბევრი უკვე განთავისუფლდა. მანვე თქვა, რომ მალე ეს პროცესი უფრო დეტალურ ხასიათს მიიღებს. და ის პატიმრები, რომლებიც ჯერ არიან გადმოცემულები, 24 იანვარს დვანის შეხვედრაზე, გადაეცემა ქართულ მხარეს და დაბრუნდებიან თავიანთ ოჯახებში.“
ცხინვალსა და თბილისს შორის ტყვეები ბოლო დიდი გაცვლა, ზედ ახალი წლის წინ, 30 დეკემბერს დაიწყო. 12 ქართველი პატიმარი 13 ოს პატიმარზე გაიცვალა. თბილისმა გაანთავისუფლა ორი პატიმარი ქალბატონი: ლეილა ხურიევა და ლალი დრიაევა, მათ 2007 წელს, შესაბამისად - 8 და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი. ასევე ჯამბულათ კოკაევი, იგი 13 წლიან სასჯელს იხდიდა და დავით ხაბალოვი.
ცხინვალის პრესის ცნობით, ქართულმა მხარემ ასევე გაუშვა რუსეთის მოქალაქეები, დაღესტნელი და ყაბარდოელი მშენებლები, თუმცა მათი ვინაობა დასახელებული არ არის.
ქართულ მხარეს გადმოეცა 11 ქართველი და ერთი ოსი ეროვნების მოქალაქე: ავთანდილ ხაჩიძე (დატყვევების დრო - 02/07/2010), ტყვიაველი ნიკოლოზ რაზმაძე (25/10/2010), კოდელი ემზარ სხირტლაძე (02/03/2011), ვასილ კობახიძე (19/03/2011), გიორგი აბრამიშვილი (03/03/2011), გურჯაანლები აკაკი კაკიაშვილი და ლაშა ბეპიევი, სპარტაკ ცაციაშვილი (12/09/2011), ვახტანგ მევაბიშვილი და ივანე აწკარუნაშვილი(19/11/2011).
სულ ბოლოს, 9 იანვარს ცხინვალის ციხე ოძისელებმა პაატა ჯავახიშვილმა და გიორგი გურგენიშვილმა დატოვეს. ისინი 80 დღე ციხეში საოკუპაციო ხაზის დარვევისთვის იჯდნენ.
ქართული მხრიდან ტყვეთა გაცვლის პროცესს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი კურირებს. ის ამბობს, რომ გარკვეული შეთანხმება ცხინვალის დე-ფაქტო ხელისფლებასთან მიღწეულია, თუმცა პრობლემა შეიძლება სეპარატისტულ ანკლავში არსებული სახელისუფლებო კრიზისი აღმოჩნდეს.
„გაცვლის ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით და ვერც რაიმე კონკრეტულ საიმედო ინფორმაციას. მოგეხსენებათ ცხინვალში გაუგებრობაა იმ კუთხით, რომ არ არის ხელისუფლება. კოკოითი წასულია. ახალი დე-ფაქტო პრეზიდენტი არ აურჩევიათ. ასე, რომ ვინ რაზეა პასუხისმგებელი სრულიად გაუგებარია. სანამ არ დალაგდება იქ ვითარება, ძნელი იქნება ვიპოვოთ ადამიანი, ვისთანაც მოლაპარაკების წარმოება შეიძლება. რ
ამდენიმე ასეულიდან ეხლა მხოლოდ ოთხი ადამიანი რჩება ცხინვალის ციხეში. ძირითადად ე.წ „საზღვრის დარღვევის“ გამო. ჩვენს მხარეს, მოგეხსენებათ ადმინისტრაციული საზღვრის გადმოკვეთა არანაირ დანაშაულს არ წარმოადგენს, ამიტომ ქართულ მხარეს უკანონო გადმოკვეთის მუხლით არცერთი დაკავებული არ ჰყავს.
ისედაც, სამხეთ ოსეთიდან გადმოსული დაკავებულები ძალიან ცოტაა, შეიძლება იყოს წელიწადში ერთი ან ორი კაცი. ეს არ არის საქმე, რომლის ყველა დეტალზე შეიძლება ისაუბრო, სამწუხაროდ, ასეთ კომპრომისებზე წასვლა გვიწევს, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი ამოცანა იმ ციხიდან უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გამოყვანაა.
ამასთან, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არიან პატიმრები ცხინვალის რეგიონიდან, რომლებიც დაკავებულები არიან ისეთი დანაშაულისთვის, რომ მათი განთავისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში გამორიცხულია.“
ნომერ პირველი პატიმარი, რომლის გაცვლასაც შინაგანს საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად არ თანხმდება სოფელ არცვევის მკვიდრი ნოდარ მარეკ დუდაევია. 2005 წელს ქართულმა სასამართლომ დუდაევს მკვლელობის, ბანდიტიზმისა და გამოძალვისთვის 23 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
თბილისი ასევე არ აპირებს 2005 წელს გორის ტერაქტის გამო გასამართლებული გიორგი ზასიევის, იოსებ კოჩიევისა და გიორგი ვალიევის გადაცემას, მათ საქართველოში სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი.
ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ქართულ მხარესთან მიმდინარეობს მოლაპარაკევა, რომ ამ პატიმრებს სასჯელი შეუმცირდეთ.