ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოცდაჩვიდმეტი ქართველი ახალ წელს ტყვეობაში შეხვდება


სომალიში დატყევევბული ტანკერი ოლიბ ჯი
სომალიში დატყევევბული ტანკერი ოლიბ ჯი

საქართველოს ოცდაჩვიდმეტი მოქალაქე ახალ წელს ტყვეობაში შეხვდება. სომალიში, 8 სექტემბერს დატყვევებულ ბერძნულ ტანკერ „ოლიბ ჯიზე“ თხუთმეტი ქართველი მეზღვაურია.

მათ დასახნელად დაწყებული ფულის შეგროვების კამპანია ფაქტობრივად ჩავარდა. ყველა დიდმა საქველმოქმედო ფონდმა უარი განაცხადა ფინანსურ დახმარებაზე. მათ შორის, ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდმა.

პროფკავშირების ეგიდით მიმდინარე ერთთვიანი კამპანიის შედეგად მხოლოდ 60 ათას ლარამდე შეგროვდა. მეკობრეები კი ერთ მილიონ ამერიკურ დოლარს ითხოვენ. საკრუინგო კომპანია „გრინვიჩის“ დირექტორმა სერგო დევაძემ, რომლის შვილიც ტყვეობაშია გვითხრა

„ყოველ ორ-სამ დღეში მირეკავდნენ გემიდან და ახლა ათი დღეა არავის დაურეკია. რა ვიფიქრო არვიცი რა...ბოლოს რომ დაგვიკავშირდნენ, რას შვებით გვიშველეთო, არაფერი ხსნა არ არისო, არც გემთფლობელის ადვოკატი გამოდის კავშირზე, თქვენც არაფერს არ გვეხმარებით, რაიმე გვიშველეთ, მთავრობას მიაწვდინეთ ხმაო. არც საჭმელი გვაქვს და არც სასმელი წყალიო.

ჩვენ მივმართეთ ბიძინა ივანიშვილის საქმელმოქმედო ორგანიზაციას, ხოდა განიხილეს და უარი გვითხრეს. აგრეთვე უარი გვითხრა სანდრა რულოვსის საქველმოქმედო ფონდმა, ფონდ „იავნანაში“ კი გვითხრეს, რომ ჩვენ მარტო ბავშვებს ვეხმარებითო. ასე, რომ ყველა დიდმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ უარი გვითხრა დახმარებაზე.“

11 ნოემბერს დატყვევებულ ტუნისურ ტანკერ „ჰანიბალ ორზე“ ერთი ბათუმელი მეზღაური ოლეგ ნოდია იმყოფება. 27 დეკემბერს, მეკობრეებმა „ჰანიბალ ორი“ მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის „სინგროო სტარის“ დასატყვევებლად გამოიყენეს. თავდასხმა სომალიდან შორს, არაბეთის ზღვაში, ომანისა და იემენის ნაპირებიდან 130 მილის მოშორებით მოხდა და უშედეგოდ დასრულდა.

მანამდე თანამედრო მეკობრეობის ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტი მოხდა. მეკობრეებმა „ჰანიბალ ორიდან“ ავადმყოფი ტუნისელი კოკი გაანთავისუფლეს. კოკი გასაბერი ნავით ღია ზღვაში გაუშვეს, საიდანაც ჯერ ტაივანურმა სამხედრო გემმა აიყვანა, შემდეგ კი ვერტმფრენმა გერმანულ სამხედრო გემ „ჰამბურგზე“ გადაიყვანა. საკრუინგო კომპანია „ევროსტარ მარინეს“ წარმომადგენელი რუსლან ტომილოვი ამბობს

„ავად გახდა ერთი მზარეული ამ ეკიპაჟიდან, რომელიც ტყვედ ჰყავთ მეკობრეებს. და ამ მიზეზით გაუშვეს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ სიტუაცია ნორმალურია, ასევე მეკობრეებსა და გემთფლობელს შორის ნორმალური ურთიერთობაა. გემზე ყველა ცოცხალია, საჭმელზე ჯერ პრობლემა არ არის, ტყვეებთან ურთიერთობაც ნორმალურია, მაგრამ გამოსასყიდზე საუბარი ჯერ არ მიდის.“

ლიბიის ნავსადგურ მისრათაში კი უკვე მერვე თვეა საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემი „ვასილიოს ნ“-ია დაკავებული, რომელზეც ექვსი ქართველი მეზღვაური იმყოფება. „ვასილიოსმა“ მაისში თურქეთიდან ლიბიაში სამშენებლო მასალები გადაიტანა, თუმცა ტვირთის მნიშვნელოვანი ნაწილი გზაში, ღელვის დროს დასველდა და ტვირთმფლობელი მის მიღებაზე დღემდე უარს ამბობს.

აქედან მოყოლებული ქართველი მეზღვაურები უხელფასოდ, საკვები პროდუქტების გარეშე ცხოვროვენ გემზე, რომელსაც ამასობაში საწვავიც დაუმთავრდა და შესაბამისად ელექტროენერგიაც არა აქვს. იტალიურმა კომპანიამ, რომელთანაც ქართველებს კონტრაქტი აქვთ გაფორმებული მეზღვაურები ბედის ანაბრად მიატოვა. ფოთელი მანანა გურალია, რომლის შვილიც გემზე იმყოფება ამბობს

„ბოლოს ორი კვირის წინ ველაპარაკე ბიჭს. ჭამის და ძილის თავიც აღარ გვაქვსო ყველანი იმდენად ვართ გაწამებულებიო. ასე მითხრა, შიმშილობას გამოვაცხადებთ და კიდევ უფრო რადიკალურ ზომებს მივმართავთ, რადგან ამდენი ხნით ლოდინმა არაფერი შედეგი არ გამოიღოო.“

კიდევ თხუთმეტი საქართვლოს მოქალაქე ტყვედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰყავთ. თერთმეტი მათგანი ცხინვალის ციხეშია გამოკეტილი.

ყველაზე პატარა 17 წლის გიორგი ელბაქიძე, ასევე ნიკა რაზმაძე, ვაჟა და ბექა თაყაძეები ტყვეობაში პირველ ახალ წელს შეხვდებიან. ჯემალ მიდელაშვილი, დავით კაპანაძე და დემურ ჭიღლაძე, - მეორე ახალ წელს, ერთადერთი სამხედრო ტყვე - საქართველოს არმიის კაპრალი, მესანგრე ზვიად კობალაძე კი მესამე ახალ წელს. კობალაძე ოს სეპარატისტებს 2008 წლის ოქტომბრიდან ჰყავთ დაჭერილი. ტყვეობაში მყოფ 19 წლის ბექა თაყაძის დედა შორენა რევაზიშვილი ამბობს

„გვპირდებიან, რომ ვმუშაობთ, ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ შედეგი არაფერი არ არის. აქაურ სამხარეო პოლიციასაც მივმართეთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისში, წერილიც დავწერეთ პრეზიდენტ სააკაშვილის სახელზე, მაგრამ, აი, არაფერი არ არის შედეგი.“

ოთხი ქართველი ტყვეა ოკუპირებულ სოხუმში. დრანდის ციხეში ზიან იური შარია, ვალტერ გულუა, ენვერ და აბესალომ ძანძავები. 53 წლის იური შარია ტყვეობაში უკვე მეხუთე ახალ წელს შეხვდება.

XS
SM
MD
LG