ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროქართული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია ოსი პოლიტიკოსებისგან იცლება


დიმიტრი სანაკოევის (მარცხნივ) მთავრობა მისმა ძმამ ვლადიმერმაც (მარჯვნივ) დატოვა
დიმიტრი სანაკოევის (მარცხნივ) მთავრობა მისმა ძმამ ვლადიმერმაც (მარჯვნივ) დატოვა

საქართველოს მთავრობა, წლის ბოლომდე, ბიუჯეტიდან ათ მილიონ ლარს დახარჯავს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ფუნქციონირებისთვის. ეს პოლიტიკა არ იცვლება, იმის მიუხედავად, რომ რუსეთთან ომის შემდეგ, ადმინისტრაციამ გასაგები მიზეზები გამო, სოფელ ქურთადან თბილისში გადმოინაცვლა, და, რაც მთავარია, პროქართული ოსი მოღვაწეებისგან თითქმის სულ დაიცალა.

ვლადიმერ სანაკოევი კიდევ ერთი ოსი პოლიტიკოსი გახდა, რომელმაც საქართველო დატოვა და საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში, მას ჯერ მეცნიერებისა და ახალი ტექნოლოგიების მინისტრის, შემდეგ, კი მისი ძმის, ადმინისტრაციის მეთაურის დიმიტრი სანაკოევის მრჩევლის თანამდებობა ეჭირა.

"კოკოითი ფანდარასტის" აქტივისტები და პრეზიდენტი
"კოკოითი ფანდარასტის" აქტივისტები და პრეზიდენტი

ის, იყო ერთ-ერთი იდეოლოგი საკმაოდ ძვირადღირებული და რეკლამირებული მოძრაობისა - „კოკოითი ფანდარასტ“. ქართული პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში ვლადიმერ სანაკოევმა კერძოდ თქვა

როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ვთქვი, რომ საქართველო არის ჩემი სამშობლო და ამას ვიტყვი ყოველთვის, შუბლზე იარაღი რომ დამადონ. რაც შეეხება იმას, რომ ჯერ საქართველომ მიყიდა და ახლა რუსეთმმა...თუ საქართველომ მიყიდა, მაშინ სადაა ეს ფული?

მე მივდივარ რუსეთში იმიტომ, რომ ოჯახის წევრები არიან გაფანტული, უსახლკაროდ დარჩა ჩემი და. ომის დროს, 11 აგვისტოს იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლ-კარი. საქართველოში რაც მე შემიძლია, იმის გაკეთების საშუალება არ მაქვს.

მივდივარ, იმიტომ, რომ აქ არაფერი არ მაკავებს. სახლ-კარი არ მაქვს, თავშესაფარი არ მაქვს, უსახსროდ მივდივარ რუსეთში. ამავე დროს დასაფარი მაქვს "თი-ბი-სი" ბანკის კრედიტი 8 ათასი დოლარი

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ რუსეთთან ომის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ, სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში დასაქმებული ოსი ეროვნების ჩინოვნიკები უბრალოდ მიატოვა.

ეს, ის ოსები არიან, ვინც, შეიძლება ითქვას, თავი გადადეს საქართველოსთვის და დაუპირისპირდნენ თავის ხალხს - ოსებს. მათ უმრავლესობას, რამდენიემ გამონაკლისის გარდა, მიაჩნდათ და მიაჩნიათ, რომ ოსი ხალხის მომავალი მხოლოდ საქართველოში შეიძლება იყოს. საკმაოდ სარისკო ნაბიჯი გადადგეს, ცხინვალში მათ მოღალატეებათ თვლიან და ხშირ შემთხვევაში მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამის მიუხედავად, მაინც მიიღეს, ასეთი გადაწყვეტილება ემსახურათ საქართველოს სასარგებლოდ. ასეთი რამ, არ გაუკეთებია, პრაქტიკულად, არცერთ აფხაზს.

8 აგვისტოს მოვლენებმა, ეს ოსები საერთოდ განაიარაღა. ამ ფონზე, როგორც ჩანს საქართველოს ხელისფლებამ მათზე ხელი ჩაიქნია, ეტყობა აღარ ეხმარებოდა ფინანსურად, ისინიც მიხვდნენ, რომ საქართველოს ხელისფლებამ ისინი მხოლოდ და მხოლოდ გამოიყენა და როცა აღარ დასჭირდა, მიაგდო.“

დღეისათვის, საქართველოს მხარეს, მხოლოდ ორი ოსი პოლიტიკოსია დარჩენილი. დიმიტრი სანაკოევი - სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის მეთაური და ადმინისტრაციის ყოფილი პრემიერი, ურუზმაგ ქარქუსოვი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა უჭირავს.

იანეკ, ურუზმაგ და ჯემალ ქარქუსოვები
იანეკ, ურუზმაგ და ჯემალ ქარქუსოვები

აგვისტოს ომის შემდეგ, პირველები რუსეთში ურუზმაგ ქარქუსოვის ძმები - ჯემალ და იანიკ ქარქუსოვები გაიქცნენ. ჯემალ ქარქუსოვი დროებითი ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, იანიკ ქარქუსოვი ადმინისტრაციის მეთაურის მრჩეველი.

მოსკოვში გაიქცა ადმინისტრაციის ერთ-ერთი ფინანსური დონორიც - ბიზნესმენი გოჩა ძასოხოვი, ხოლო ადმინისტრაციის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ჩიგოევა-ცაბოშვილი კანადაში გაფრინდა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.

დროებითი ადმინისტრაციის კიდევ ერთი - ეკონომიკის მინისტრი თეიმურაზ ჯერაპოვი შარშან, სეპარატისტებს ჩაუვარდა ხელში და დღემდე ცხინვალის ციხეში განაჩენს ელის.

რუსეთის ტელევიზიით გამოსვლისა ძმებმა ქარქუსოვებმა და ძასოხოვმა განაცხადეს, რომ პროქართული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის შექმნის უკან ქართული სპეცსამსახურები და ამერიკის შეერთებული შტატები იდგა. ჯემალ ქარქუსოვმა კერძოდ თქვა

„ალტერნატიული მთავრობის ფორმირების პროექტს მთლიანად ქართული სპეცსამსახურები აკონტროლებდნენ. ისინი ქმნიდნენ პუბლიკისათვის მითს, რომ აი, არიან, ქართული ხელისუფლებისადმი ლოიალური ოსები. ამ პროექტში ჩარეული იყვნენ ამერიკელები. ხომ საიდუმლო აღარაა, რომ სააკაშვილი ამერიკული პროექტია.“

საქართველოს ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობის შექმნა 2005 წლის ზაფხულიდან დაიწყო, ქართულმა სპეცსამსახურებმა ჯერ ოსი სეპარატისტების ყოფილი პრემიერი და თავდაცვის მინისტრი დიმიტრი სანაკოევი გადმოიბირეს, შემდეგ კი ცხინვალის ციხიდან, სეპარატისტების ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ჯემალ ქარქუსოვისა და მის ძმის იანეკის გაქცევა უზრუნველყვეს. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს

„ჩემს პოლიტიკურ მეგობრებსაც კი მიაჩნდათ, რომ ეს პროექტი შეიძლება საინტერესო ყოფილიყო. სამართლებრივად და პოლიტიკურად ეს პროექტი არასწორი იყო, ამას დაემატა ის, რომ სანაკოევის პროექტმა გამოიწვია ოსური საზოგადოების გახლეჩა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე და დაპირისპირება კიდევ უფრო გამძაფრდა.“

2006 წლის ნოემბერში, სამხეთ ოსეთის ალტერნატიულმა მთავრობამ ყოფილი ოლქის იმ ტერიტორიებზე, რომელსაც ქართული მხარე აკონტროლებდა არჩევნები ჩაატარა. არჩევნების შედეგად, დიმიტრი სანაკოევი ალტერნატიული მთავრობის პირდაპირი გზით, არჩეულ მეთაურად გამოცხადდა. პროქართულმა, დროებითმა ადმინისტრაციამ ცხინვალიდან ორ კილომეტრში სოფელ ქურთაში დაიდო ბინა.

დიმიტრი სანაკოევის ინაუგურაცია სოფელ ქურთაში, 2006 წელი
დიმიტრი სანაკოევის ინაუგურაცია სოფელ ქურთაში, 2006 წელი

2007 წლის ზაფხულში, საქართველოს პარლამენტმა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შექმნა და იქ დროებითი სახელმწიფო მმართველობის განხორციელება სანაკოევის მთავრობას დააკისრა.

თუმცა, თბილისის გეგმებს, სამხრეთ ოსეთის ერთიან ქართულ სახელმწიფოში დაბრუნების თაობაზე, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის სამხედრო აგრესიამ და ოკუპაციამ მოუღო ბოლო.

XS
SM
MD
LG