ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„გაცვალეთ ჩემი შვილი რუს ჯაშუშში!“


ზაზა ხერკელაძე
ზაზა ხერკელაძე

საქართველოს საგარეო დაზვერვის ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილის, უფროსი ლეიტენანტის ზაზა ხერკელაძის ოჯახი კატეგორიულად მოითხოვს - თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ჯაშუშობისთვის გასამართლებულ და ეჭვმიტანილ პირთა გაცვლა მოხდება, ის ზაზა ხერკელაძესაც შეეხოს.

საქართველოს მოქალაქეს, 35 წლის ზაზა ხერკელაძეს 2010 წლის მარტში, ვლადიკავკაზში, საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო, რუსეთის ტერიტორიაზე მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით, 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ორწლიანი დუმილი ქართველი მზვერავის დედამ მზევინარ ხერკელაძემ „ამერიკის ხმასთან“ დაარღვია. მისი თქმით, ქართული სახელმწიფო მზვერავის ოჯახს იმით ეხმარება, რომ ხერკელაძის შვილები მამის ხელფასს დღემდე იღებენ.

„ჩემი ოჯახი დაიტანჯა შვილო. გავწვალდით.. ჩვენ. რა თქმა უნდა, ვაწუხებ ყველას, შევაწუხე ხალხი, შეწუხდა მთავრობა. მთავრობამ იცის ჩვენი ამბავი, მე ასე მგონია, რომ იცის ყველამ. არ ვიცი, თუ მოხდება გაცვლა, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს. ის ერთადერთი შვილი მყავს, მას ტყუპები ჰყავს უპატრონოდ მიტოვებული.

კითხვა: გეხმარებიან ქალბატონო, ამ დროის განმავლობაში?

რა თქმა უნდა, ბავშვებს, თავისი მამის ხელფასს აძლევს მთავრობა... ეხმარება რა თქმა უნდა. მესამე წელი დაიწყო ჩემი შვილისთვის.. რაც იქ არის და სულ მეუბნებიან, კეთდება, კეთდებაო და აღარ დადგა, ის დღე.

დედის პოზიციიდან გამომდინარე მე ვთლი, რომ ძალიან შეგნებულად ვიქცევი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ ვიყვირე, ვიტირე, რაღა გინდა ამაზე მეტი დაემართოს, მამა გარდაეცვალა ზაზას, აღარ დახვდება სახლში ძვირფასი, საყვარელი მამა. მაქვს იმედი, მიუხედავად იმისა, მე დიდი მოთმინება გამოვიჩინე... ეს თუ არ მოხდება, მერე ვის უნდა რომ დამელაპარაკოს, რამე მითხრას და დამამშვიდოს?!“

ზაზა ხერკელაძე რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა 2008 წლის 28 ივნისს ჩრდილოთ ოსეთის დედაქალაქში დააპატიმრა. ვლადიკავკაზში, გორკის ქუჩაზე მას კაფე ჰქონდა გახსნილი, თუმცა, როგორც დაკითხვაზე აღიარა, საქართველოს დაზვერვის შტატიანი თანამშრომელი იყო და ჩრდილოეთ ოსეთში აგენტურული ქსელის შექმნით იყო დაკავებული.

რუსული მხარის მტკიცებით, სწორედ ხერკელაძის მეშვეობით გადაიბირა ქართულმა დაზვერვამ, ქართული წარმოშობის რუსეთის არმიის ორი ოფიცერი ხვიჩა იმერლიშვილი და მარლენ ბოგდანოვი, რომლებიც თბილისს საიდუმლო ინფორმაციას 2006 წლიდან გადასცემდნენ.

იმერლიშვილი და ბოგდანოვი ხერკელაძესთან ერთად გაასამართლეს, მათ შესაბამისად 13 და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, მათ ასევე ჩამოერთვათ სამხედრო წოდება და გაძევებულნი იქნენ რუსეთის არმიის რიგებიდან. ზაზა ხერკელაძემ დაკითხვისას კერძოდ განაცხადა

„მე ვარ ზაზა ნოდარის ძე ხერკელაძე, დუშეთის რაიონის მკვიდრი, საქართველოს მოქალაქე. ვარ საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომელი. ჩემი მთავარი დავალება იყო, გამეცნო რაც შეიძლება მეტი ხალხი, განსაკუთრებით რუსეთის არმიის სამხედრო ნაწილებიდან და მთავრობიდან.

ფულით, რომელიც მე გამომიყო ქართულმა დაზვერვამ, ქალაქ ვლადიკავკაზში იჯარით ავიღე კაფე, აგენტურასთან შესახვედრად და ხალხის გასაცნობად, ამ მიზნით მომცეს ექვსი ათასი დოლარი.“

ხერკელაძის, იმერლიშვილისა და ბოგდანოვის გარდა, რუსეთის ტერიტორიაზე 2008-2009 წლებში, საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის კიდევ შვიდი ადამიანია გასამართლებული.

ყველაზე გახმაურებული, მათ შორის იყო რუსეთის არმიის ოფიცრის მიხეილ ხაჩიძეს დაკავება. რუსული მხარის მტკიცებით, მან განსაკუთრებით საიდუმლო მასალების გადაცემა მოასწრო ქართული მხარისთვის.

ხაჩიძე 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში პიატიგორსკში დააპატიმრეს, მას წოდება ჩამოერთვა და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ჯაშუშობისთვის ასევე გაასამართლეს რუსეთის არმიის ზემდეგი ჯემალ ნაკაიძე, ორი ქისტი - ზურაბ ალხაშვილი და რამაზ თურქოშვილი, ყაზბეგელი ბადრი ქუშაშვილი, ახალგორელი ტაქსის მძღოლი ალექსანდრე ხაჩიროვი და ცხინვალელი ედუარდ გობოზოვი. ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა.

საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურში ქართველი ჯაშუშების თემაზე კომენტარს არ აკეთებენ, ისევე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში. ანალიტიკური სამსახურის უფროსმა შოთა უტიაშვილმა კერძოდ გვითხრა

„არ ვიცი, მე არ შემიძლია, ამ თემაზე კომენტარის გაკეთება.“

რუსეთსა და საქართველოს შორის ჯაშუშების გაცვლის თემა აქტუალური სპეცოპერაცია „ენვერის“ შემდეგ გახდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2010 წლის მაისი-ოქტომბრის პერიოდში, "რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის" ბრალდებით, საქართველოს ცხრა და რუსეთის ოთხი მოქალაქე დააკავა.

მათ შორის, ბიზნესმენები ბაკურ კიღურაძე, რუსლან გალოგრე, პეტრე დევრიშაძე, არმენ გევორქიანი და რუსლან შიკოიანი. საქართველოს შეიარაღებული ძალების ექვსი მფრინავი - ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი, გაბრიელ უსტალიშვილი, გელა კაკაბაძე, დავით მესხიძე, გელა დიასამიძე და ტარიელ აბაშიძე. ასევე მეზღაური ედუარდ აბდულაევი და იური სკლირნიკოვი. სამხედრო ექსპეტრი გიორგი თავდგირიძე ამბობს

„მსოფლიო პრაქტიკა იცნობს ასეთ ფორმას, როცა ჯაშუშები იცვლება ერთმანეთში. ამ შემთხვევაში, მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ გაიცვალოს ყველა ყველაში. ოღონდ ჩვენი მხრიდან, საუბარი უნდა იყოს მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც საქართველოში ჯაშუშობაში იყვნენ მხილებულნი. ასევე, რა თქმა უნდა, აქ საუბარი უნდა იყოს, ყველა ეთნიკურ ქართველის გაცვლაზე რუს ჯაშუშებში.

ჩემი აზრით, სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ და ჯაშუშობაში ამხილეს, არ არის მიზანშეწონილი რომ გაიცვალონ, თუმცა, მათ მანამდე რათქმაუნდა წარდგენილი უმძიმესი ბრალდება სასამართლოში უნდა დაუმტკიცდეთ."

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღიად გამოთქვა მზადყოფნა - ჯაშუშების საკითხში რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკება დაიწყოს.

საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებთან რუსი დიპლომატების შეშვება მოითხოვა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ორ მტრულად განწყობილ ქვეყანას შორის, ჯაშუშების გაცვლის თემაზე რაიმე სახის მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს, ჯერჯერობით უცნობია. ამ საკითხზე, ოფიციალურ კომენტარისგან თავს იკავებენ, როგორც რუსეთის, ისე საქართველოს შესაბამისი სამსახურები.

XS
SM
MD
LG