რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა, ე.წ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ „უზენაესი სასამართლოს“ უკანონო გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეს, 22 წლის მამუკა გაწერელიას „სამუდამო პატიმრობა“ მიუსაჯა. ეს ინფორმაცია რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა. რუსების შეკერილი საქმის მიხედვით, გაწერელია, უკრაინის ქალაქ მარიუპოლის დაცვის დროს, „სამი რუსი ოკუპანტის" "მკვლელობის" "ბრალდებით“ „გაასამართლეს“.
მამუკამ ციხიდან გუშინ დამირეკა, რუსულად მესაუბრა და მითხრა, რომ ხვალ სასამართლოა და არ მენერვიულა. აქეთ დამამშვიდა, ტყვეობაში კარგად მექცევიანო, სავარაუდოდ, რუსები კარნახობდნენ რა უნდა ეთქვადალი ჩხეიძე, მამუკა გაწერელიას დედა
„გუშინ დამირეკა მამუკამ ციხიდან, რუსულად მესაუბრა, სავარაუდოდ უსმენდნენ და ფსიქოლოგიურად ძალიან დათრგუნული იყო. მითხრა, რომ ხვალ სასამართლოა და არ მენერვიულა. აქეთ დამამშვიდა, ტყვეობაში კარგად მექცევიანო, სავარაუდოდ, რუსები კარნახობდნენ რა უნდა ეთქვა, სხვა არაფერი ვიცი, დღეს გავიგე, რომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ მამუკა გაწერელიას დედამ დალი ჩხეიძემ.
ის, რომ რუსები მამუკა გაწერელიას საქმეზე, „საჩვენებელი“ „სასამართლო პროცესის“ მოწყობას გეგმავდნენ „ამერიკის ხმა“ 2023 წლის დეკემბერში წერდა. საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი ჯარისკაცი გაწერელია, უკრაინის დამცველებს 2022 წლის მარტში შეუერთდა და უკრაინის არმიის „ინტერნაციონალურ ლეგიონში“ გაწევრიანდა.
იგი მარიუპოლში 2022 წლის გაზაფხულზე, „აზოვსტალის“ გმირულ თავდაცვაში მონაწილეობდა და მაისში ტყვედ ჩავარდა. მამუკა ჯერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰყავდათ დატყვევებული, შემდეგ რუსეთში, ვლადიმირის ოლქში, ქალაქ კოვროვთან, ერთ-ერთ ციხე-კოლონიაში გადაიყვანეს. ე.წ „სასამართლოზე“ კი ვლადიმირის ოლქიდან, უკრაინაში, ანექსირებულ დონეცკში ციხის ეტაპით ჩაიყვანეს.
„გამუდმებით ვრეკავთ უკრაინაში, ყველა ინსტანციაში, ვისაც სამხედრო ტყვეების განთავისუფლება ეხება, ჩემი მეუღლე რეკავს თითქმის ყოველ დღე, შედეგი არ არის. მესმის, რომ ძალიან რთული პროცესია, მაგრამ მინდა რო მეტი გააკეთონ.
ჩემმა შვილმა გმირულად იბრძოლა უკრაინისთვის და თავი გადადო, ძალიან ნაწყენი ვარ ამის გამო, მეტ ყურადღებას და თანადგომას ვიმსახურებთ. მამუკას ტყვეობის შესახებ იციან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მითხრეს, რომ მუშაობენ ამ თემაზე, ამ დღეებში დამიკავშირდნენ, ვნახოთ რა იქნება. ყველას ვთხოვ, დამეხმარონ რომ რუსების ტყვეობიდან შვილი დავიხსნა“ - გვითხრა მამუკას დედამ დალი ჩხეიძემ.
რუსეთი ტყვედ ჩავარდნილ საქართველოს მოქალაქეებს ტყვეთა გაცვლის პროგრამაში კატეგორიულად არ სვამს, მათ დაქირავებულებად მიიჩნევს. სწორედ ამიტომ ვერ მოახერხე უკრაინამ მამუკა გაწერელიას გაცვლა ამდენი ხნის მანძილზე.ლაშა დიაროვი
„სამწუხაროდ, რუსეთი ტყვედ ჩავარდნილ საქართველოს მოქალაქეებს ტყვეთა გაცვლის პროგრამაში კატეგორიულად არ სვამს, მათ დაქირავებულებად მიიჩნევს და სწორედ ამიტომ ვერ მოახერხა უკრაინის ხელისუფლებამ მამუკა გაწერელიას გაცვლა ამდენი ხნის მანძილზე.
იგივე ეხებათ, რუსების ტყვეობაში მყოფ კიდევ ორ საქართველოს მოქალაქეს გიორგი ჩუბითიძესა და გიორგი გოგლიძეს“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ლაშა დიაროვმა, "ახალი საქართველო – სამოქალაქო პლატფორმის" დამფუძნებელმა. ეს ორგანიზაცია ტყვეთა ოჯახებს უკრაინის ხელისუფლებასთან კავშირში ეხმარება.
ოფიციალური ინფორმაციით, 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, რუსეთს 4000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე ჰყავს. არაოფიციალური ცნობებით კი ტყვედ ჩავარდნილი უკრაინის არმიის მეომრების რიცხვი გაცილებით მეტია.
უკრაინული და რუსული წყაროების ინფორმაციით, რუსების ტყვეობაში ამჟამად, უკრაინის არმიის რვა ეთნიკურად ქართველი ჯარისკაცია, აქედან 3 - საქართველოს, ხოლო 5 - უკრაინის მოქალაქეა.
რუსებმა ტყვეთა ბოლო გაცვლის დროს, 1 თებერვალს, უკრაინის მოქალაქე, უკრაინის არმიის, მარიუპოლის ტერიტორიული თავდაცვის 107-ე ბრიგადის მებრძოლი, „აზოვსტალის“ გმირული დაცვის მონაწილე, ზაქარია ნონიაშვილი გაცვალეს, რომელიც ოკუპანტების ტყვეობაში 2022 წლის მაისიდან იმყოფებოდა.