ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ტყვეობაში სამი ქართველი მებრძოლია


რუსი ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ქართველები: მიხეილ ჭინჭარაული, ზაქარია ნონიაშვილი. მესამე ქართველის ვინაობის გამჟღავნება ოჯახს არ სურს
რუსი ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ქართველები: მიხეილ ჭინჭარაული, ზაქარია ნონიაშვილი. მესამე ქართველის ვინაობის გამჟღავნება ოჯახს არ სურს

მეათე თვეა, რუსი ოკუპანტების ტყვეობაში სამი ქართველი იმყოფება, სამივე მათგანი უკრაინის მოქალაქეა და სამივე ტყვედ, უკრაინის სამხრეთში, 2022 წლის მაისში, ქალაქ მარიუპოლის დაცვის დროს ჩავარდა.

„მე სამზე მაქვს ინფორმაცია, თუმცა შესაძლებელია, ტყვეობაში უფრო მეტი ეთნიკური ქართველი იყოს“
ლაშა დიაროვი, "ახალი საქართველო – სამოქალაქო პლატფორმა"

„მე სამზე მაქვს ინფორმაცია, თუმცა შესაძლებელია, ტყვეობაში უფრო მეტი ეთნიკური ქართველი იყოს“ - გვითხრა ლაშა დიაროვმა, "ახალი საქართველო – სამოქალაქო პლატფორმის" დამფუძნებელმა. ეს ორგანიზაცია ტყვეთა ოჯახებს უკრაინის ხელისუფლებასთან კავშირში ეხმარება.

რუსებს ქართველები ჯერ ოკუპირებულ დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე, ოლინივკას ტყვეთა ბანაკში ჰყავდათ, სადაც ისინი სასწაულად გადაურჩნენ შარშან, 29 ივლისის აფეთქებას.

მაშინ რუსებმა ოლინივკას კოლონიის სამრეწველო ზონა თავად ააფეთქეს, რის შედეგადაც „აზოვის“ ბატალიონის 50 დატყვევებული ჯარისკაცი მოკლეს და 73 დაჭრეს. ამის შემდეგ, ტყვე ქართველები ისევ ოკუპირებულ დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე, ოღონდ სხვა ქალაქის კოლონიაში გადაიყვანეს.

ოლინივკას ტყვეთა კოლონია სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, რა დროსაც 50 უკრაინელი ტყვე დაიღუპა
ოლინივკას ტყვეთა კოლონია სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, რა დროსაც 50 უკრაინელი ტყვე დაიღუპა

„თავიდან ვიცი, რომ ძალიან ცუდად ექცეოდნენ, ნაწამებიც იქნება, რადგან, როგორც ტყვეობიდან გამოსულმა უკრაინელებმა თქვეს, სხვადასხვა ფორმით, ყველას აწამებდნენ. 120 კილოგრამს იწონიდა ჩემი შვილი და ახლა როგორც ვიცი, ძალიან გამხდარია“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ რუსების ტყვეობაში მყოფი მიხეილ ჭინჭარაულის დედამ, ნანული ჭინჭარაულმა.

"როგორც ტყვეობიდან გამოსულმა უკრაინელებმა თქვეს, სხვადასხვა ფორმით, ყველას აწამებდნენ. 120 კილოგრამს იწონიდა ჩემი შვილი და ახლა როგორც ვიცი ძალიან გამხდარია“
ნანული ჭინჭარაული, ტყვეობაში მყოფი მიხეილ ჭინჭარაულის დედა

45 წლის მიხეილ ჭინჭარაული საქართველოდან უკრაინაში საცხოვრებლად 2012 წელს გადავიდა, როცა უკრაინელ ქალზე იქორწინა. რამდენიმე წლის შემდეგ, ჭინჭარაული უკრაინის მოქალაქე გახდა. ბოლო წლებში, იგი კიევში, კერძო დაცვის სამსახურში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის ქსელის დაცვის უფროსად მუშაობდა.

2022 წლის თებერვალის ბოლოს, უკრაინაში რუსი ოკუპანტების შეჭრის შემდეგ, ჭინჭარაული მაშინვე კიევის ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადას შეუერთდა.

„რომ არ აეღო იარაღი ხელში, ეს უფრო გამიკვირდებოდა. ჩემი ძმა აფხაზეთის ომში დაიღუპა, მე სამაჩაბლოდან ვარ, მიშასთვის დედულეთი სოფელ ქურთა, ისეთივე დიდი სიყვარული იყო, როგორც მამამისის ფუძე - ბადიაური, ვერონა, გომბორი. მშიშარა არასოდეს ყოფილა, სამშობლოს სიყვარულით გავზარდე. მთელ ზაფხულს ქურთაში ატარებდა და ძალიან კარგად იცის, რა არის ოკუპაცია“ - გვიყვება ნანული ჭინჭარაული.

მიხეილ ჭინჭარაულმა, რომელსაც სავალდებულო სამხედრო სამსახური საქართველოს არმიაში ჰქონდა მოხდილი, ომის დასაწყისში, საბრძოლო ნათლობა კიევის მისადგომებთან მიიღო. როდის და როგორ შეუერთდა იგი მარიუპოლის დამცველებს, ზუსტი ცნობები ამის შესახებ დედასაც არ აქვს.

უკრაინის ბატალიონ "აზოვის" მებრძოლი მიხაილო დიანოვი და რუსი ოკუპანტი, ამ პერიოდში ჩავარდნენ ტყვედ ქართველი მებრძოლებიც, მაისი 2022
უკრაინის ბატალიონ "აზოვის" მებრძოლი მიხაილო დიანოვი და რუსი ოკუპანტი, ამ პერიოდში ჩავარდნენ ტყვედ ქართველი მებრძოლებიც, მაისი 2022

„მე ამის შესახებ არ ვიცოდი, რადგან პროფესიონალი სამხედრო არ იყო, მეგონა ისე კიევში „ტერ-ობორონაში“ დარჩა. როცა რუსებმა კიევის ოლქიდან უკან დაიხიეს, მარიუპოლის დასაცავად წასულა, საშინელი ჯიუტია და იმიტომ!

„რომ არ აეღო იარაღი ხელში, ეს უფრო გამიკვირდებოდა. ჩემი ძმა აფხაზეთის ომში დაიღუპა, მე სამაჩაბლოდან ვარ, მიშასთვის დედულეთი სოფელ ქურთა, ისეთივე დიდი სიყვარული იყო, როგორც მამამისის ფუძე - ბადიაური, ვერონა, გომბორი. მშიშარა არასოდეს ყოფილა, სამშობლოს სიყვარულით გავზარდე

ზუსტი დრო როდის და რითი ჩავიდა ალყაშემორტყმულ მარიუპოლში არ ვიცი. ბოლოს იბრძოდა „აზოვსტალში“ და ის ჯოჯოხეთიც გამოიარა. მე მაისში გავიგე რომ ტყვედ ჩავარდნილა, მაგის უფროსს დავურეკე, ჯერ არ მეუბნებოდა, მერე მითხრა, არ ინერვიულო ცოცხალია და ტყვედ არისო, თან დაჭრილი იყო“ - გვითხრა ნანული ჭინჭარაულმა.

მიხეილ ჭინჭარაულის დედა ამბობს, რომ თავიდან როგორც სხვა ტყვეებს, მიშასაც ელემენტარული პირობები არ ჰქონდა, მას შემდეგ რაც ტყვეები ოლინივკიდან სხვაგან გადაიყვანეს, მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა.

„ახლა როგორც ვიცი ჯანმრთელობის მხრივ, შედარებით უკეთ არის. ვიცი, რომ დიდი ხანია არის გაცვლის სიაში. მეც ვიყავი თბილისში უკრაინის საელჩოში, „წითელ ჯვარსაც“ აქვს მისი მონაცემები. მინდა უკრაინის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მივმართო, რომ გააქტიურდნენ, ჩემი შვილიც და ის ორი ქართველიც უკრაინას იცავდნენ და აუცილებელია, რაც შეიძლება მალე, მათი ტყვეობიდან გამოხსნა“.

უკრაინის ქალაქ ლვივში, აგრესორი რუსეთისგან უკრაინელი ტყვეების გათავისუფლებას ითხოვენ
უკრაინის ქალაქ ლვივში, აგრესორი რუსეთისგან უკრაინელი ტყვეების გათავისუფლებას ითხოვენ

მეათე თვეა ტყვეობაშია 58 წლის ზაქარია ნონიაშვილი, რომელიც ახმეტის რაიონის სოფელ მატანში დაიბადა და გაიზარდა. უკრაინაში საცხოვრებლად, 40 წლის წინ წავიდა, ქალაქ მარიუპოლში მას ოჯახი ჰყავდა და საკუთარი სადურგლო ჰქონდა. ომის დაწყების დღიდან, უკრაინელ მეუღლესთან ტატიანა ნონიაშვილთან ერთად, მარიუპოლის ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადას შეუერთდა.

ცოლ-ქმარი ნონიაშვილები ტყვედ 19 მაისს ჩავარდნენ, როცა მარიუპოლის ტერიტორიული თავდაცვის 107-ე და 109-ე ბრიგადის 65 ჯარისკაცი პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებას დაემორჩილა და „აზოვსტალის“ ტერიტორია დატოვა. ტატიანა და ზაქარია ნონიაშვილებიც თავიდან ოლინივკას ტყვეთა კოლონიაში ჰყავდათ.

„ის არ იყო სამხედრო, იყო დურგალი, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მან დაასახელა ის ჩინი, რაც საბჭოთა არმიაში სამსახურისას ჰქონდა. ის იყო მოხალისე, რომელიც საკუთარ ოჯახს და ქალაქს იცავდა. ოლინივკას შემდეგ, როგორც ვიცი ტყვეობაში შედარებით ადექვატურად ექცევიან, ზამთარში ჩაურთავთ გათბობა, აქვს პირველადი მოხმარების საგნები
ნონა ნონიაშვილი, ტყვეობაში მყოფი ზაქარია ნონიაშვილის და

2022 წლის ნოემბერში, ტატიანას ტყვეთა გაცვლის პროცესი შეეხო. გათავისუფლების შემდეგ, მას რეაბილიტაცია დასჭირდა, ამიტომ საცხოვრელად ქალაქ დნიპროში გადავიდა, სადაც უკრაინელი ჯარისკაცების და ყოფილი ტყვეებისთვის სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრი მუშაობს. სამწუხაროდ, ტატიანა ნონიაშვილი შვილ ლიანა ნონიაშვილთან და დედასთან ერთად, 14 იანვარს, დნიპროზე სარაკეტო იერიშის დროს დაიღუპა.

ტყვეობაში მყოფი ზაქარია ნონიაშვილის მდგომარეობის შესახებ, ოჯახს ასევე, დიდი ხნის მანძილზე არ ჰქონდა ინფორმაცია. ზაქარია ჩანს, რუსი ოკუპანტების გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში, სადაც სამხედრო ჩინს ასახელებს.

„ის არ იყო სამხედრო, იყო დურგალი, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მან დაასახელა ის ჩინი, რაც საბჭოთა არმიაში სამსახურისას ჰქონდა. ის იყო მოხალისე, რომელიც საკუთარ ოჯახს და ქალაქს იცავდა.

ოლინივკას შემდეგ, როგორც ვიცი ტყვეობაში შედარებით ადექვატურად ექცევიან, ზამთარში ჩაურთავთ გათბობა, აქვს პირველადი მოხმარების საგნები, კბილის ჯაგრისი, საპონი...

ყოველ დღე, ველოდით რომ ტყვეთა გაცვლაში მოხვდებოდა, და უცებ ახლა ამხელა ტრაგედია მოხდა, არ ვიცი როგორ გადაიტანს. ყველას ვთხოვ დაგვეხმარონ, ზაქროს გასათავისუფლებლად“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ზაქარია ნონიაშვილის დამ ნონა ნონიაშვილმა.

რუსების ტყვეობიდან დახსნილი უკრაინელი ქალი სამხედროები, ოქტომბერი, 2022
რუსების ტყვეობიდან დახსნილი უკრაინელი ქალი სამხედროები, ოქტომბერი, 2022

„ვიცი, რომ ამჟამად, ჯანმრთელობის კუთხით სამივე მათგანი ნორმალურად არის. თავიდან მოპყრობა არ იყო სახარბიელო. ერთ-ერთი ტყვე ქართველის ოჯახის წევრისგან ვიცი. აქვს მას კომუნიკაცია, რომ ამ წუთას შედარებით ნორმალურ პირობებში არის. მესამე ტყვე ქართველიც არის გმირი, პატრიოტი, რომელიც ბოლომდე წუთამდე იცავდა „აზოსტალს“, დედის თხოვნით მის სახელს და გვარს არ ვასახელებ“ - ამბობს ლაშა დიაროვი.

უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, რუსეთის ტყვეობაში დაახლოებით 3400-მდე უკრაინელი სამხედრო რჩება. ტყვეთა გაცვლით, უკრაინამ 1400-მდე სამხედრო დაიბრუნა. ამჟამად, თურქეთის შუამავლობით, ტყვეთა გაცვლის კიდევ ერთი პროცესი მზადდება.

"აზოვსტალის" მებრძოლი მიხაილო დიანოვი ტყვეთა გაცვლის შემდეგ გათავისუფლდა, სექტემბერი, 2022
"აზოვსტალის" მებრძოლი მიხაილო დიანოვი ტყვეთა გაცვლის შემდეგ გათავისუფლდა, სექტემბერი, 2022

კრემლი თავდაპირველად კატეგორიული წინააღმდეგი იყო ტყვეთა გაცვლა მარიუპოლის მცველებს, „აზოვის“ ბატალიონის, ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლებს შეხებოდათ და მათზე, საჩვენებელი „პროცესების“ გამართვასაც კი გეგმავდა. თუმცა, იმის გამო, რომ ტყვედ დიდი რაოდენობით, რუსი ოკუპანტებიც ჩავარდნენ, მოსკოვი იძულებული გახდა, მარიუპოლის მცველების გაცვლა დაეწყო.

„მარიუპოლის დამცველები იცავდნენ თავის მიწას. მათ რუსებისგან განსხვავებით, არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ. ისინი არ დასხმიან თავს სამოქალაქო მოსახლეობას

„მარიუპოლის დამცველები იცავდნენ თავის მიწას და სამშობლოს, ისინი, ჩვეულებრივი სამხედრო კომბატანტები არიან. მათ რუსებისგან განსხვავებით, არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ.

ისინი არ დასხმიან თავს სამოქალაქო მოსახლეობას, პირიქით, თავისი გმირული ბრძოლით ბოლომდე იცავდნენ მარიუპოლის მოსახლეობას. შესაბამისად, მათზე ვრცელდება ჟენევის კონვენციით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ, თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსის ყოფილმა მოადგილემ.

პოლკოვნიკი ბერიძე მარიუპოლის დამცველთა შესახებ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:28 0:00

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის 2022 წლის ნოემბრის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის ტერირორიაზე გადაყვანილ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი უკრაინელი ტყვეების უფლებები მასობრივად ირღვევა. ტყვედ ჩავარდნილებს ჯერ სცემდნენ, შემდეგ ართმევდნენ პირად ნივთებს. ტრასპორტირების დროს მათ სპეცსახვევით, ჰქონდა შეხვეული თვალები და ხელები, არ აძლევდნენ წყალს და ტუალეტში შესვლის უფლებას.

კოლონიებში ე.წ „დახვედრის“ დროს სცემდნენ, ემუქრებოდნენ, ძაღლებს უქსევდნენ, აშიშვლებდნენ და აიძულებდნენ ერთ პოზაში დიდი ხნის მანძილზე ყოფილიყო. ოლინივკას კოლონიაში აწამებდნენ ელექტრო შოკით და სამხედრო-საველე ტელეფონით
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ანგარიშიდან

კოლონიებში ე.წ. „დახვედრის“ დროს ისევ სცემდნენ, ემუქრებოდნენ, ძაღლებს უქსევდნენ, აშიშვლებდნენ და აიძულებდნენ ერთ პოზაში დიდი ხნის მანძილზე ყოფილიყო.

ოლინივკას კოლონიაში, მასიურად სცემდნენ ხელჯოხებით, ჩაქუჩებით, აწამებდნენ ელექტრო შოკით, ასევე საბჭოთა წარმოების სამხედრო-საველე ტელეფონების მეშვეობით. დაკითხვის დროს სამხედრო ტყვეებს სამხედრო ტელეფონის კაბელს უერთებდნენ და დენს ურტყამდნენ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ასეთი წამების შედეგად, რუსებმა ტყვეობაში სულ მცირე 10 უკრაინელი სამხედრო მოკლეს. ტყვეების წამების მეთოდებში ასევე შედიოდა: დანით და ტრავმატული იარაღით დაჭრა, სიგარეტით დაწვა, სიკვდილით დასჯის იმიტაცია, სექსუალური ძალადობა.

უკრაინელ ტყვე ქალ სამხედროებს აიძულებდნენ გაშიშვლებას და ოკუპანტების წინაშე ოთახიდან ოთახში გადარბენას. რეგულარული იყო ფსიქოლოგიური მუქარა, რომ უკრაინა უკვე დამარცხდა და მათ სახლში აღარავინ ელოდება. გაეროს ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ჟენევის კონვენციის მოთხოვნები რუს ტყვეებთან დაკავშირებითაც ხშირად ირღვევა.

ტყვეობიდან გათავისუფლებული უკრაინელი სამხედროები, ნოემბერი, 2022
ტყვეობიდან გათავისუფლებული უკრაინელი სამხედროები, ნოემბერი, 2022
XS
SM
MD
LG